გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - მარინა კობახიძე ნათია გოგსაძის წინააღმდეგ
20.06.2022

დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
განმცხადებელი : მარინა კობახიძე;
მოპასუხე : ნათია გოგსაძე;

11 ივნისი,  2022 წელი

საქმე N – 559

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, გულო კოხოძე, მაია წიკლაური, ხატია ღოღობერიძე

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მარინა კობახიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 2 მაისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში „დღის სტუმარი“, ჟურნალისტმა ნათია გოგსაძემ დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად: „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე”. განცხადება საბჭომ განიხილა ამ გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.

საქმესთან დაკავშირებით ტელევიზიამ წერილობითი შეპასუხება წარმოადგინა.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

სადავო გადაცემაში ჟურნალისტს სტუმრად ჰყავდა ნანუკა ჟორჟოლიანი, საუბარი ეხებოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სადაც სტუმარმა განაცხადა, რომ „ახლა საკითხი დგას ისე, რომ მიხეილ სააკაშვილი ეტლში იქნება მცენარე და შესაბამისად, აზრი არ ექნება მის სიცოცხლეს“.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ „იმ პირობებში, როდესაც საზოგადოების უმრავლესობაში ჯერ კიდევ ღრმადაა გამჯდარი სტიგმები და სტერეოტიპები შშმ პირებთან მიმართებით, აღნიშნული განცხადება კიდევ უფრო განამტკიცებს არასწორ დამოკიდებულებებსა და წარმოდგენებს. შესაბამისად, მოცემული გამონათქვამით მოხდა შშმ პირების არასრულფასოვან ადამიანებად წარმოჩენა, მათი სეგრეგაცია, დისკრედიტაცია და სტიგმატიზება“. „აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღესაც კი, შშმ პირთა უმრავლესობა მოკლებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას, რომლის მთავარ მიზეზს სწორედ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულება წარმოადგენს. მედიას, მოცემულ შემთხვევაში დიდი როლი აკისრია და ის სენსიტიურად უნდა უდგებოდეს შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებს“.

მედიასაშუალებამ წერილობით შეპასუხებაში მიუთითა, რომ სადავო განცხადებების მიზანი არ ყოფილა შშმ პირების სტიგმატიზაცია. მათი თქმით, ჟურნალისტის რეპლიკა პოლიტიკური ოპონირების კონტექსტს მიემართებოდა და სადავო ციტატები არ ატარებდა დისკრიმინაციულ ხასიათს.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ქარტიის მე-7 პრინციპი დაირღვა. სტერეოტიპული და დამაზიანებელი მიდგომაა, როდესაც ეტლი წარმოჩნდება ნეგატიურ ატრიბუტად, რომლის საჭიროება გაიგივებულია ადამიანის ავადმყოფობასთან. სტიგმის შემცველი პოზიციაა, რომ ეტლით მოსარგებლე პიროვნების „სიცოცხლეს აზრი არ აქვს". აღნიშნული აძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას.

რა თქმა უნდა, რესპონდენტს შეეძლო ესაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაძლო შედეგებზე, აღეწერა იგი,  მაგრამ არა იმ სიტყვების, ტერმინების გამოყენებით, რომლებიც საზოგადოების ცნობიერებაში პირდაპირ დაკავშირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან.

როგორც საბჭომ თავის პრაქტიკაში აღნიშნა, მედია შესაძლოა მარტივად გახდეს სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე, რომელსაც იყენებს სენსიტიურ საკითხებზე მუშაობისას. მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, ხელი არ შეუწყონ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ განახორციელოს საინფორმაციო ქმედებები საზოგადოებაში არსებულ ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მოდის ჟურნალისტზე. კერძოდ, როდესაც მისი რესპონდენტი ავრცელებს სტიგმის შემცველ, სტერეოტიპულ, დისკრიმინაციულ განცხადებებს, პირდაპირ ეთერში მუშაობისას ჟურნალისტმა უნდა მოუწოდოს რესპონდენტს, რომ თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის  გამონათქვამებისგან, რომ მისთვის და რედაქციისთვის მიუღებელია რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაცია და ემიჯნება რესპონდენტის მოსაზრებებს. ვინაიდან ჟურნალისტმა არ შეასრულა აღნიშნული ეთიკური ვალდებულება და მკვეთრად არ დააფიქსირა მისი არადისკრიმინაციული დამოკიდებულება, დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1.      ნათია გოგსაძემ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.