გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია მარიამ პატარაიას წინააღმდეგ
25.02.2022

განმცხადებელი : ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია;
მოპასუხე : მარიამ პატარაია;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;

18 თებერვალი,  2022 წელი

საქმე N – 540

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, გულო კოხოძე,  სოფო ჟღენტი, ხატია ღოღობერიძე, მაია წიკლაური


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ kutaisipost.ge-ზე, 2021 წლის 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში „ქალაქი, რომელიც მსხვერპლს ითხოვს“, დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სტატიის ავტორი -  მარიამ პატარაია.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებლის წარმომადგენლები, ასევე, მოპასუხე ჟურნალისტი.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სტატია ეხებოდა ტყიბულში არსებულ ქვანახშირის მომპოვებელ შახტებს და იმ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც იქ მომუშავე ადამიანები დგანან. სტატია შეიცავდა დაღუპულთა შესახებ მონაცემებსაც.

განმცხადებელს პრეტენზია ჰქონდა არა სტატიის შინაარსთან, არამედ სათაურთან - „ქალაქი, რომელიც მსხვერპლს ითხოვს“ და მიიჩნევდა, რომ სათაური იყო არასწორი, შეუსაბამო და არღვევდა ქარტიის პირველ პრინციპს. თავის განცხადებაში იგი მიუთითებდა ქარტიის საბჭოს განმარტებას საქმიდან ანა გაბელაია მართა ლაბაძისა და Reportiori.ge-ს, kvira.ge-ს, digest.pia.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ (2018 წელი):

„ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე პირობების და ფორმების გათვალისწინებით, მით უფრო, როცა საუბარია ონლაინფორმით მომზადებულ და სოციალურ ქსელებში გაზიარების (share) საშუალების მქონე სტატიებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტატიის სათაურს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატიის ძირითადი დატვირთვა მოდის მის სათაურზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად სათაური იძლევა ინფორმაციას დადასტურებული სახით. ძირითად შემთხვევებში სტატიის სათაური უნდა იქნეს განხილული როგორც ცალკე ჟურნალისტური პროდუქტი. მკითხველს აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ სტატიის სათაური არის თავად სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად მიღებული და დადასტურებული დასკვნა და შეიძლება არც ჩათვალოს საჭიროდ სტატიის სრულად გაცნობა იმ დაშვებით, რომ სტატიის ძირითადი მიგნება მან უკვე წაიკითხა სათაურში“.

განმცხადებელი დამატებით აღნიშნავდა, რომ სათაური „აშკარად მანიპულაციურია, ეჭვქვეშ აყენებს ზოგადად ქალაქ ტყიბულის პრესტიჟს და მკითხველში ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აქ ცხოვრება ან თუნდაც ხანმოკლე ვადით სტუმრობა საფრთხის შემცველია, მაშინ, როდესაც სტატიაში საუბარია ქალაქში არსებულ უნებართვო ღია მოპოვების კარიერებზე და მასთან დაკავშირებულ უბედურ შემთხვევებზე ანუ დასაქმების სფეროს ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე“.

თავდაპირველად, საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველი შემთხვევა და განმცხადებლის მიერ საბჭოს წინა გადაწყვეტილებიდან მოყვანილი პრაქტიკა მსგავსი არ არის. საქმეში „ანა გაბელაია მართა ლაბაძისა და Reportiori.ge-ს, kvira.ge-ს, digest.pia.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ”, სადავო იყო სტატია, რომლის სათაურში მითითებული იყო ფაქტი:  „ბახალა“ [გიორგი გიორგანაშვილი] 45 აბი სუბოტექსის ქონას აღიარებს“ და საბჭომ იმსჯელა ამ სათაურის, როგორც ფაქტის უზუსტობაზე. რაც შეეხება განსახილველ შემთხვევას, სტატიის სათაურია „ქალაქი, რომელიც მსხვერპლს ითხოვს“, რომელიც ჟურნალისტის შეფასება/შეჯამებაა, სტატიაში მითითებულ ფაქტებზე დაყრდნობით, იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც არის ტყიბულში.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, პირველი პრინციპის დარღვევა ასევე შეიძლება დადგინდეს, თუ სახეზეა ჟურნალისტის მიერ ფაქტების ან შეფასებების მანიპულაციურად გამოყენება. საბჭომ იმსჯელა იმაზეც, იყო თუ არა მანიპულაციური ჟურნალისტის შეფასება და მისი სათაურად გამოტანა.

სადავო სტატია [რომელთან დაკავშირებითაც პრეტენზიები არ ჰქონდა განმცხადებელს] ეხებოდა ტრაგიკულ შემთხვევებს [მეშახტეების დაღუპვას] კერძო და ღია კარიერებზე:  „დღემდე, შახტი, ხალხისგან დაცლილ ქალაქში ძირითადი დასაქმების ადგილია. ადამიანები, მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ, საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღიურად აყენებენ რისკის ქვეშ. ზოგი კუსტარულ, ზოგიც ლიცენზირებულ შახტში. ვიღაცას უმართლებს და სამუშაო დღის ბოლოს სახლში ბრუნდება, ვიღაც კი გარდაცვლილთა სტატისტიკის ნაწილი ხდება. შახტებში, სამუშაო პროცესში დაღუპულთა შესახებ ინფორმაციის შეგროვება 2010 წლიდან იწყება. მხოლოდ ამ წელს, ხუთთვიანი ინტერვალით, რვა ადამიანი დაიღუპა მინდელის შახტში, 2011 წელს უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ 5 მეშახტის სიცოცხლე იმსხვერპლა, 2013 წელს დაიღუპა კიდევ ერთი, 2014 წელს - 1, 2015 წელს -1, 2016 წელს - 1, 2017 წელს - 5, 2018 წელს - 10, 2019 წელს 1, 2021 წელს – 2. ბოლო 11 წლის განმავლობაში, ღია და დახურულ შახტებში სულ 35 ადამიანი დაიღუპა“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სოციალური გაჭირვება აიძულებს ადამიანებს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად განაგრძონ შახტებში მუშაობა, უბედური შემთხვევები კი უკავშირდება არა მხოლოდ არალიცენზირებულ და აკრძალულ შახტებს, არამედ იმ შახტებსაც, რომლებსაც ლიცენზირებული კომპანია ამუშავებს. სტატიის მიხედვით, ქალაქის მცხოვრებთა შემოსავლის მთავარი წყარო ქვანახშირია, შახტში მუშაობა კი, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, უკვე არაერთხელ დასრულდა მსხვერპლით. შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის შეფასება და სტატიის სათაური „ქალაქი მსხვერპლს ითხოვს“ არ არის შეუსაბამო და მანიპულაციური თავად სტატიის შინაარსთან მიმართებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1.      მარიამ პატარაიას არ დაურღვევია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა