გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - მურმან ჯინჭარაძე ვასილ დაბრუნდაშვილის, ნატა ქაჯაიას, ნატო გოგელიას და გუგა მაისურაძის წინააღმდეგ
31.01.2022

განმცხადებელი : მურმან ჯინჭარაძე;
მოპასუხე : ვასილ დაბრუნდაშვილი, ნატა ქაჯაია, ნატო გოგელია, გუგა მაისურაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

11 ნოემბერი 2021 წელი

საქმე N – 495

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნანა ბიგანიშვილი, გულო კოხოძე, სოფიო ჟღენტი, ირმა ზოიძე.


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა მურმან ჯინჭარაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია TV პირველის ეთერში,  2021 წლის 09 ივნისს გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-11 პრინციპები.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა როგორც განმცხადებელი ისე მისი წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტებიდან - ნატო გოგელია.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ლი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სადავო სიუჟეტი ეხებოდა მაღაზიათა ქსელ „ფარფურის” ერთ-ერთ ობიექტზე თავდასხმას, რომლის შედეგადაც ობიექტს ვიტრაჟები ჩაუმსხვრიეს, ხოლო შემდეგ ხანძარი გააჩინეს. ჟურნალისტი გუგა მაისურაძე აცხადებდა, რომ, მაღაზიათა ქსელის მესაკუთრის ინფორმაციით, თავდასხმების უკან მათი ყოფილი ბიზნეს პარტნიორი - მურმან ჯინჭარაძე დგას, ვისაც რეკეტში შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, გოჩა ბარამიძე ეხმარება, რომელიც, თავის მხრივ, დაახლოებულია როგორც პარტია „ქართული ოცნების” ადგილობრივ წარმომადგენლებთან, ისე კრიმინალურ ავტორიტეტებთან. სიუჟეტში მურმან ჯინჭარაძეს ბრალს დებს ერთ-ერთი რესპონდენტიც და ქსელის მფლობელი, მერაბ ფარტენაძე. სადავო მასალაში ისმის სხვა ბრალდებებიც როგორც მურმან ჯინჭარაძის, ისე გოჩა ბარამიძის მიმართ.

ბრალდებების ადრესატებიდან სიუჟეტში მოცემულია გოჩა ბარამიძის კომენტარი [მას დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ], სადაც ის ბრალდებებს უარყოფს. რაც შეეხება სიუჟეტის წარდგენას, წამყვანი ვასილ დაბრუნდაშვილი აცხადებდა რომ: „ბათუმში მაღაზიები გადაწვეს, ბიზნესის რეკეტი 60-იანი წლების მეთოდით ხდება, სუპერმარკეტის ქსელის მფლობელს ჯერ მოკვლით ემუქრებოდნენ, შემდეგ კი წილების დათმობას სთხოვდნენ, მუქარის შემდეგ მას მაღაზიის ვიტრაჟები ჩაუმსხვრიეს, ტერიტორიას ბენზინი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს“, რასაც მოსდევს მეორე წამყვანის, ნატა ქაჯაიას ტექსტი: „ფარფურის” ქსელის მფლობელი კონკრეტულ გვარებს ასახელებს და ხელს ბათუმელ კრიმინალებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფ ბიზნესმენს [იგულისხმება - მერაბ ჯინჭარაძეს] ადებს“,  „პოლიციას არავინ არ დაუკავებია, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ თავდამსხმელები „ქართულ ოცნებასთან” კავშირში იმყოფებიან“.

როგორც სიუჟეტიდან, ისე წამყვანის ტექსტებიდან მძიმე ბრალდებები წარედგინა მურმან ჯინჭარაძეს, კერძოდ, რომ იგი დგას მაღაზიების ქსელზე განხორციელებული თავდასხმების უკან, კავშირშია კრიმინალებთან და ამასთან, პასუხისმგებლობა არ ეკისრება ადგილობრივ ხელისუფლებასთან კავშირის გამო. თავად სიუჟეტში არ იყო ბრალდებების ადრესატის, მურმან ჯინჭარაძის პოზიცია, არც ჩანდა მისი კომენტარის მოპოვების მცდელობაც. 

საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, თუ როგორ შეეცადა ჟურნალისტი ინფორმაციის გადამოწმებას. გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ანდა ნამდვილობის შეფასება.

ქარტიის საბჭოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და ყველა რელევანტური მხარის შეფასება, კომენტარი მიაწოდოს აუდიტორიას. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ წყაროები იყოს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი. ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ჟურნალისტმა აუდიტორიას პატიოსნად უნდა აცნობოს მის მიერ გადამოწმების მცდელობისა და გზების შესახებ და უნდა მიუთითოს, რომ ინფორმაცია გადაუმოწმებელია.

ფაქტია, რომ ინფორმაცია მერაბ ჯინჭარაძის მიმართ ბრალდებების შესახებ ისე გავრცელდა, რომ საზოგადოებისთვის არ მიუწოდებიათ მისი პოზიცია. აღნიშნული იწვევს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.

როგორც საქმის განხილვის დროს დადგინდა, ნატო გოგელია არ მონაწილეობდა სიუჟეტის დაგეგმვაში, მას მხოლოდ დაევალა კონკრეტული ინფორმაციების, კომენტარების მოპოვება და სხვა ჟურნალისტისათვის გადაცემა, იგი არ იყო სიუჟეტის ავტორი და თავად არ ავრცელებდა გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რაც ნატო გოგელიას პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებაა.

მე-5 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.   სადავო სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, მურმან ჯინჭარაძის ადვოკატმა, ზაზა პაპიძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა მისი უკმაყოფილება სიუჟეტთან დაკავშირებით. პოსტს გამოეხმაურა ნატო გოგელია. წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ დასტურდებოდა, რომ პრეტენზიის შესახებ გაიგო/იცოდა იმ ჟურნალისტებმა ან/და ტელეკომპანიის პროდიუსერმა, რომელთა მიმართ დადგინდა პირველი პრინციპის დარღვევა. ქარტიის მე-5 პრინციპის დარღვეულად მიჩნევისათვის საჭიროა იმის დადასტურება, რომ მოპასუხემ იცოდა ჟურნალისტურ პროდუქტთან მიმართებით არსებული პრეტენზიების შესახებ. ვინაიდან ეს არ დგინდება, შესაბამისად, საბჭო მე-5 პრინციპს დარღვეულად ვერ მიიჩნევს.

ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:  პლაგიატი”. განსახილველ შემთხვევაში საბჭომ ვერ გამოკვეთა ის გარემოებები, რომლებიც დაადასტურებდა განზრახვას. მხოლოდ ის, რომ ჟურნალისტებმა არ გადაამოწმეს ინფორმაცია, არ გამოიჩინეს სათანადო ძალისხმევა, რომლის საფუძველზეც 1-ლი პრინციპი იქნა მიჩნეული დარღვეულად, არ არის საკმარისი, რომ მე-11 პრინციპი დარღვეულად ჩაითვალოს. განზრახვა შეიძლება დასტურდებოდეს კონკრეტული პირის მიმართ, პერმანენტულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ან იმის ცალსახად დადასტურებით, რომ ჟურნალისტმა იცოდა, რომ ავრცელებდა არასწორ  ინფორმაციას [ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განსხვავება „არასწორ ინფორმაციას“ და „გადაუმოწმებელ ინფორმაციას“ შორის].


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ვასილ დაბრუნდაშვილმა, ნატა ქაჯაიამ და  გუგა მაისურაძემ დაარღვიეს ქარტიის 1-ლი პრინციპი.
  2. ვასილ დაბრუნდაშვილს, ნატა ქაჯაიას და  გუგა მაისურაძეს  არ დაურღვევიათ ქარტიის მე-5 და მე-11 პრინციპი.
  3. ნატო გოგელიას არ დაურღვევია ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-11 პრინციპი.

 

 

სადავო მასალა