გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ნანა კაკაბაძე თათია წოწონავასა და რუსუდან დუმბაძის წინააღმდეგ
12.01.2022

განმცხადებელი : ნანა კაკაბაძე;
მოპასუხე : თათია წოწონავა, რუსუდან დუმბაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

28  დეკემბერი,  2021 წელი

საქმე N – 519, 520

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მაია წიკლაური, სოფიო ჟღენტი, მანანა ქველიაშვილი, ხატია ღოღობერიძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით [N 519 და N 520] მომართა ნანა კაკაბაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ქარტიის პირველი, მე-3, მე-5 და მე-10 პრინციპები დაირღვა: [1] ტელეკომპანია TV „პირველის” ეთერში 2021 წლის 17 სექტემბრის 20:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში. მოპასუხედ განისაზღვრა ავტორი - რუსუდან დუმბაძე. [2] ტელეკომპანია „მთავარის” ეთერში 2021 წლის 17 სექტემბრის 21:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში. მოპასუხედ განისაზღვრა ავტორი - თათია წოწონავა.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა TV „პირველის” წარმომადგენელი, ხოლო „მთავარმა არხმა” საკუთარი პოზიცია წერილობით წარმოადგინა.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

წინაპირობები: 2012 წლის 12 სექტემბერს რამდენიმე მედია საშუალებამ ანონიმური გამომგზავნისაგან მიიღო ბმული, საიდანაც შესაძლებელი იყო ათეულ ათასობით დოკუმენტის [ძირითადად word ფორმატის] ჩამოტვირთვა. დოკუმენტები შეიცავდა, სავარაუდოდ უკანონო ფარული მიყურადების შედეგად, სხვადასხვა პირის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციას, მათ შორის, ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკოსებზე, აქტივისტებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, უფლებადამცველებზე, ჟურნალისტებზე, ასევე, სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებზე, მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმსახურებზე, მათ საქმიანობაზე, დაპირისპირებებზე საპატრიარქოში და სასულიერო პირების პირად ცხოვრებაზე.

აღნიშნული დოკუმენტები შემდგომ მოხსენიებული იქნება, როგორც „კრებსები“.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტებმა,  სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან „გამოჟონა”. ფაილების ნამდვილობა/ავთენტურობა ამ დრომდე დადასტურებული არ არის.

TV „პირველის” სიუჟეტი იწყება ჟურნალისტის ტექსტით: „სუსიდან გამოჟონილი ათასობით ფარული ფაილიდან ჩვენ მხოლოდ ჯერჯერობით ერთი ჩანაწერი ვიპოვეთ“. ამ ჩანაწერის საფუძველზე, ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ სუსის უკანონო მიყურადების სამიზნე იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ასევე, ჟურნალისტის თქმით, ფარულად ჩაწერილია კათოლიკოს-პატრიარქის საუბარი მის დასთან. სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში რამდენჯერმეა აღნიშნული, რომ სუსი პატრიარქსაც უსმენს.  ჟურნალისტი ამბობს, რომ, სუსის ფაილების თანახმად, შედგა სატელეფონო საუბარი ნანა კაკაბაძესა და გელა ნიკოლაიშვილს შორის, რომლის დროსაც კაკაბაძემ ნიკოლაიშვილს აცნობა, რომ ბიძინა ივანიშვილი ილია II-ს შეხვდა და გადადგომა სთხოვა, ასევე, უთხრა, რომ შორენა თეთრუაშვილს [პატრიარქის მდივან-რეფერენტი] ცუდი დამოკიდებულება აქვს ბიძინა ივანიშვილთან. 

ჟურნალისტი, ასევე, აღნიშნავს, რომ „ნანა კაკაბაძე ფაქტს უარყოფს, არ ადასტურებს მის საუბარს გელა ნიკოლაიშვილთან და ამბობს, რომ ჩანაწერი, რომელმაც სუსიდან გამოჟონა, ტყუილია“, რასაც მოსდევს ნანა კაკაბაძის სატელეფონო კომენტარი. მასში ნანა კაკაბაძე კვლავ უარყოფს მსგავსი საუბრის არსებობას. სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი დასძენს: „უცნობია, როდის დაადგენს საგამოძიებო უწყება ათასობით მასალის ავთენტურობას“.

მთავარი არხის სიუჟეტის დასაწყისში ჟურნალისტი მიდის ნანა კაკაბაძესთან ოფისში „მისი ფარული ჩანაწერების საჩვენებლად“. ჟურნალისტის თქმით, ნანა კაკაბაძე „თავისივე ფარულ ჩანაწერებს [არ] გაეცნო“. ჩანს, როგორ უარყოფს ნანა კაკაბაძე იმ საუბრის საერთოდ არსებობას, რომელზეც მზადდებოდა სიუჟეტი. რაც შეეხება „ფარულ ჩანაწერს“,  ჟურნალისტი მაყურებელს აწვდის ინფორმაციას, რომ „სკანდალური ფაილი სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურში 3 წლის წინ შედგა — ჩანაწერის მიხედვით, თეა  წულუკიანს და ნანა კაკაბაძის სატელეფონო საუბარი 2018 წლის 06 ივნისით თარიღდება,  მალევე, როდესაც ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა“.  ჟურნალისტი საუბრის სხვა დეტალებზეც საუბრობს და ამბობს, რომ, თეა წულუკიანის მოსაზრებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, მის ოპონირებას “ქართული ოცნებიდან” ვერავინ შეძლებს და ამ ფონზე მისთვის გაურკვეველია, რატომ გაწირა „ქართულმა ოცნებამ” ირაკლი შოთაძე. ამასთან, სიუჟეტის მიხედვით, ჩანაწერებში თეა წულუკიანი მისივე თანაგუნდელს, ირაკლი კობახიძეს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს. „საუბრის მთავარი ფიგურანტები დღეს საჯაროდ არ გამოჩენილან“, – დასძენს ჟურნალისტი და ამატებს, რომ სკანდალური მხილების შელამაზებას მისივე [თეა წულუკიანის] თანაგუნდელები ცდილობდნენ. სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში აღნიშნავს, რომ სუსიდან გამოჟონილია 70 000-ზე მეტი ფაილი და ხელისუფლება უსმენს ყველას.

ნანა კაკაბაძე თავის განცხადებაში მიუთითებდა, რომ არცერთი ჩანაწერი, რომელზეც ჟურნალისტი კომენტარს სთხოვდა, არ იყო ნამდვილი და ვინაიდან მათი ავთენტურობა არ დასტურდებოდა, ჟურნალისტებს საერთოდ არ უნდა მოემზადებინათ მსგავსი რეპორტაჟები.

საბჭო ამ ნაწილში განმცხადებლის პრეტენზიას არ იზიარებს. იმისთვის, რომ შეფასდეს მედია პროდუქტის მომზადების მიზანშეწონილობა და ეთიკურობა, საბჭომ უნდა იმსჯელოს შემდეგ საკითხებზე:

1. დასაშვებია თუ არა  მედიამ გამოიყენოს წყაროდ  ამგვარი ინფორმაცია [განსახილველ შემთხვევაში ე.წ. „კრებსები”] 2. რამდენად არის საჯარო ინტერესი ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიმართ, უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან შინაარსი, რომელიც საჯარო ინტერესს აკმაყოფილებს და რომელიც ვერ სცდება პირადი ცხოვრების საზღვრებს. 3. აუცილებლად უნდა გაიაროს ამ ინფორმაციამ გადამოწმების/დაზუსტების სარედაქციო გზა და მხოლოდ ამის შემდეგ მივიდეს აუდიტორიამდე

საბჭოს პოზიციით, მომზადებული სიუჟეტები ზემოაღნიშნულიდან პირველ ორ ტესტს აკმაყოფილებს.

როგორც აღინიშნა, 2012 წლის 12 სექტემბერს გავრცელებული „კრებსები“ შეიცავდა, სავარაუდოდ, უკანონო ფარული მიყურადების შედეგად მიღებულ ინფორმაციას და მისი ფორმა და შინაარსი წარმოშობდა ვარაუდს, რომ ნამდვილ ფაქტებს ასახავდა. მნიშვნელოვანია, რომ პირთა გარკვეულმა ჯგუფმა, რომელთა პირადი კომუნიკაციაც იყო ასახული ამ „კრებსებში“, დაადასტურა, რომ მათი პირადი კომუნიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამებოდა.

როგორც წესი, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სხვა პირის პირად ცხოვრებას [მათ შორის პირად კომუნიკაციის საიდუმლოებას] და, მიუხედავად იმისა, თუ რა გზით არის მოპოვებული ეს ინფორმაცია, არ უნდა ხელყოს მისი კონფიდენციალობა. გამონაკლისია, თუ პირადი ინფორმაცია ამავდროულად ობიექტური საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი კი მაშინ გააჩნია ინფორმაციას, როდესაც იგი ეხება მნიშვნელოვან სოციალურ თუ პოლიტიკურ მოვლენას და  ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებულ არჩევანს, ასახავს ანტისოციალურ ან კრიმინალურ შემთხვევას, ამხელს ხელისუფლებას. 

საბჭო მიიჩნევს, რომ „მთავარი არხის” და TV „პირველის” მიერ მომზადებული სიუჟეტების თემა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის საგანი იყო. TV „პირველის” სიუჟეტი ეხებოდა ბიძინა ივანიშვილის მცდელობას, ილია II დაეთანხმებინა, რომ პატრიარქის პოზიცია დაეთმო [პატრიარქის გადადგომა მნიშვნელოვანი სოციალურ-პოლიტიკური მოვლენაა]. „მთავარ არხის” მიერ მომზადებული სიუჟეტი ეხებოდა მმართველი გუნდის შიგნით არსებულ სავარაუდო პოლიტიკურ უთანხმოებას და დამოკიდებულებას ოპოზიციის მიმართ [ამხელს ხელისუფლებას]. 

რაც შეეხება მესამე ტესტს - გადამოწმებას. თუკი ინფორმაციის ნაწილის ან დეტალების გადამოწმება და ბოლომდე დადასტურება ან უარყოფა შეუძლებელია, ან მედიას ხელი არ მიუწვდება ან შეუძლებელია სხვა წყაროების მოძიება და ა.შ. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ხდება აუდიტორიისათვის ცხადი იყოს თუ რა არ იცის ან რა ვერ მოიძია მედიამ ამ ინფორმაციის გარშემო. უპასუხო შეკითხვები და მათი არსებობა ასეთ დროს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რადგან პასუხგაცემული შეკითხვები სრულ და საბოლოო სურათს ვერ ქმნის. საბჭოს მიიჩნევს რომ სწორად ამ ნაწილში, ორივე სიუჟეტში, დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, კერძოდ:

  1. სადავო მედიაპროდუქტებში ხაზგასმით და ცალსახად არ იყო მითითებული, რომ „კრებსების“ ავთენტურობა არ არის დადგენილი და ისინი, შეიძლება, არ წარმოადგენდნენ ზუსტ და ნამდვილ ინფორმაციას. პირიქით, მტკიცებით ფორმაში უთითებდნენ, რომ სუსის მიერ უკანონო მოსმენა და, შესაბამისად, კრებსების შინაარსი დადასტურებული ფაქტია. TV პირველი: ჟურნალისტი ამბობს - „სუსიდან გამოჟონილი ათასობით ფარული ფაილიდან, ანუ  დადასტურებული სახით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ე.წ. “კრებსები” ნამდვილად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ინფორმაციაა. ასევე სიუჟეტში რამდენჯერმე მტკიცებით ფორმაშია აღნიშნული, რომ სუსი პატრიარქსაც უსმენს.   სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ  „უცნობია, როდის დაადგენს საგამოძიებო უწყება ათასობით მასალის ავთენტურობას“. ამ ფრაზაში ჟურნალისტი მხოლოდ ავთენტურობის დადასტურებას ელის საგამოძიებო უწყებიდან და თავად არ აყენებს ეჭვქვეშ „კრებსების“ ნამდვილობასTV მთავარი:  ჟურნალისტი ისეთი ფრაზებით აწვდის აუდიტორიას ინფორმაციას, თითქოს ეს „ჩანაწერები” უკვე დადასტურებული ფაქტია, მაგალითად: ჟურნალისტი ნანა კაკაბაძესთან მივიდა „მისი ფარული ჩანაწერების საჩვენებლად“; ნანა კაკაბაძე „თავისივე ფარულ ჩანაწერებს [არ] გაეცნო“; „სკანდალური ფაილი სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურში 3 წლის წინ შედგა,  ჩანაწერის მიხედვით, თეა  წულუკიანს და ნანა კაკაბაძის სატელეფონო საუბარი 2018 წლის 06 ივნისით თარიღდება,  მალევე როდესაც ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა“. 

 

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებს არ ჰქონდათ საკმარისი მტკიცებულებები, რომ „კრებსები“ ან/და სუსის მხრიდან უკანონო მოსმენები მაყურებლისთვის მიეწოდებინათ, როგორც ნამდვილი და დადასტურებული ფაქტი. აუცილებელი იყო ჟურნალისტებს ცხადად განემარტათ აუდიტორიისათვის, რომ ჩანაწერების ავთენტურობას ჯერ კიდევ სწავლობენ.

 

საბჭო ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად, მით უფრო მაშინ, როცა ამბავი ეხებოდა პირადი ცხოვრების, სავარაუდოდ, არაკანონიერი მიყურადების შედეგად მიღებულ ინფორმაციას. ქარტიის საბჭოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და ყველა რელევანტური მხარის შეფასება, კომენტარი მიაწოდოს აუდიტორიას. თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ჟურნალისტმა აუდიტორიას პატიოსნად უნდა აცნობოს მის მიერ გადამოწმების მცდელობისა და გზების შესახებ და უნდა მიუთითოს, რომ ინფორმაცია გადაუმოწმებელია.

 

მაგალითად, TV „პირველის” შემთხვევაში არ ჩანდა ჟურნალისტის მცდელობა, რომ დაკავშირებოდა გელა ნიკოლაიშვილს, რომელთანაც, მათ მიერ გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, ნანა კაკაბაძემ ისაუბრა პატრიარქის გადაყენების შესახებ, ხოლო “მთავარი არხის” შემთხვევაში - დაკავშირების მცდელობა თეა წულუკიანთან. შესაძლოა, ჟურნალისტებს ჰქონდათ ასეთი მცდელობა, მაგრამ მაყურებელს ეს არ უნახავს და ვერ მიიღო ინფორმაცია, მხარეებმა კითხვებს არ უპასუხეს თუ ჟურნალისტი მათ არ დაუკავშირდა.

 

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია”. ფაქტია, რომ ჟურნალისტს წყარო ჰყავდა — ე.წ. „კრებსები“, შესაბამისად, წყაროს არარსებობა და მე-3 პრინციპის დარღვევა ამ შემთხვევაში გამოირიცხება. ის გარემოება, რომ წყაროდან მიღებული ინფორმაცია სათანადოდ არ გადამოწმდა და ინფორმაცია ერთი წყაროს საფუძველზე, მტკიცებით ფორმაში გავრცელდა, იწვევს პირველი და არა მე-3 პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.” პრინციპის რედაქციაში მითითებულია, რომ „არაზუსტი“ ინფორმაცია უნდა შესწორდეს. როგორც ქარტიის პირველი პრინციპის პრაქტიკის ანალიზისას აღინიშნა, პირველი პრინციპი ასევე დარღვეულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ არ არის ბალანსი დაცული. შესაბამისად, მე-5 პრინციპის დარღვევა დადასტურდება, თუ, მიმართვის მიუხედავად, მედიასაშუალება არ გამოაქვეყნებს იმ პირის საპასუხო კომენტარს, რომლის მიმართაც გაისმა ბრალდებები ჟურნალისტურ მასალაში და არ მიეცა მას პასუხის საშუალება. არ დგინდება, რომ განმცხადებელმა მედიასაშუალებებს მიმართა ინფორმაციის შესწორების/დამატებითი პოზიციის ასახვის მოთხოვნით, შესაბამისად, მე-5 პრინციპს საბჭო დარღვეულად ვერ მიიჩნევს, ვინაიდან დარღვევის დადგენის ერთ-ერთი წინაპირობაა დაინტერესებული პირის მიმართვა მედიასაშუალებისათვის ინფორმაციის შესწორების მოთხოვნით.

მე-10 პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”. აღნიშნულ საკითხზე საბჭომ უკვე იმსჯელა პირველი პრინციპის ჭრილში, სადაც შეაფასა, რამდენად არსებობდა ობიექტური საზოგადოებრივი ინტერესი სავარაუდოდ უკანონოდ მოპოვებული პირადი კომუნიკაციის ამსახველი ამბის მიმართ და დაადგინა, რომ არსებობს ასეთი განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი. შესაბამისად, იმავე არგუმენტაციით, გამოირიცხება მე-10 პრინციპის დარღვევა.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. თათია წოწონავამ [მთავარი არხი] და რუსუდან დუმბაძემ [TV პირველი] დაარღვიეს ქარტიის 1-ლი პრინციპი;
  2. თათია წოწონავას [მთავარი არხი] და რუსუდან დუმბაძეს [TV პირველი] არ დაურღვევიათ ქარტიის მე-3, მე-5 და მე-10 პრინციპები.

 

განცხადება

სადავო მასალა  1

სადავო მასალა 2