გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ლაშა ჯანიბეგაშვილი ნათია ლაზაშვილის და ლუკა ხაჩიძის წინააღმდეგ
04.10.2021

განმცხადებელი : ლაშა ჯანიბეგაშვილი;
მოპასუხე : ნათია ლაზაშვილი, ლუკა ხაჩიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;

13 თებერვალი 2021 წელი

საქმე N – 452

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, ნანა ბიგანიშვილი, გულო კოხოძე, ირმა ზოიძე.


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ლაშა ჯანიბეგაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერში, 2021 წლის 5 იანვარს, 21:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-5, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპი. სიუჟეტი ეხებოდა მოქალაქის ბრალდებას ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილის მიმართ, რომ იგი ფსიქოლოგიურად ძალადობდა და სექსუალურად ავიწროებდა ამ მოქალაქეს. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ გადაცემის წამყვანი ნათია ლაზაშვილი და სიუჟეტის ავტორი ლუკა ხაჩიძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხის წარმომადგენელი.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად:  „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

ქარტიის საბჭო ქარტიის პირველ პრინციპთან შეუსაბამოდ მიიჩნევს წამყვანის, ნათია ლაზაშვილის ფრაზას: „ფსიქოლოგიური ძალადობა, სექსუალური შევიწროება და ადევნება, ეს არის ის, რაც კლიენტმა ადვოკატისგან იურიდიული დახმარების სანაცვლოდ მიიღო. ვინ არის მამაკაცი, რომელიც ახალგაზრდა ქალს ჯერ ავიწროებდა და შემდეგ კი მისი დისკრედიტაციით იყო დაკავებული“ .

აღნიშნული ფრაზით წამყვანი მტკიცებით ფორმაში აწვდის აუდიტორიას ინფორმაციას, რომ ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა, სექსუალური შევიწროება და ადევნება დადასტურებული ფაქტია. მეორეს მხრივ, ამ  ბრალდებებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განჩინება მიღებული არ არის. შესაბამისად,  ჟურნალისტმა არ სცა პატივი საზოგადოების უფლებას, მიეღო ზუსტი ინფორმაცია, როცა შესაბამისი წესით დაუდასტურებლი ამბავი მიაწოდა მაყურებელს,  როგორც ფაქტი.

ასევე, სადავო სიუჟეტში ჟურნალისტი ლუკა ხაჩიძე აცხადებს, რომ: „ახლა ადვოკატის მიმართ შემაკავებელი ორდერია გამოცემული“. განმცხადებელი აპელირებდა, რომ გადაცემის ეთერში გასვლის მომენტისათვის [2021 წლის 05 იანვრისათვის] შემაკავებელ ორდერს ვადა ჰქონდა გასული [ვადა გაუვიდა 2021 წლის 02 იანვარს]  და, შესაბამისად, ჟურნალისტმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია. საბჭოს შეფასებით, ეს გარემოება არ ეწინააღმდეგება ქარტიის პირველ პრინციპს. ფაქტია, რომ შემაკავებელი ორდერი ლაშა ჯანიბეგაშვილის მიმართ გამოცემული იყო. ისიც ფაქტია, რომ ორდერის გამცემმა პირმა ასეთი ტიპის დოკუმენტის გამოცემა აუცილებელად და მიზანშეწონილად მიიჩნია. ეს ორდერი გაუქმდა არა მისი უსაფუძვლობის, არამედ ვადის გასვლის გამო. მეტიც, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ლაშა ჯანიბეგაშვილის საჩივარი შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

შესაბამისად, ჟურნალისტის მიზანი იყო მაყურებლისათვის ეცნობებინა, რომ შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ გასცა შემაკავებელი ორდერი ლაშა ჯანიბეგაშვილის მიმართ, ის, რომ ჟურნალისტმა 5 იანვარს ისაუბრა უკვე ვადაგასულ ორდერზე, არსებითად არ არის არასწორი ინფორმაცია, რომელიც შეცდომაში შეიყვანდა მაყურებელს.

ქარტიის მე-3 პრინციპი: ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“. დადასტურებულია, რომ  ჟურნალისტს ზოგადად წყარო ჰყავდა, კერძოდ მოქალაქე, რომელიც ადვოკატს ბრალს სდებდა ფსიქოლოგიურ ძალადობაში, სექსუალურ შევიწროებასა და ადევნებაში. შესაბამისად მე-3 პრინციპი დარღვეული არ არის. ჟურნალისტმა ერთი მხარის ბრალდება, რომ დადასტურებული ფაქტის სახით მიაწოდა მაყურებელს, ამით დაარღვია ქარტიის 1-ლი და არა მე-3 პრინციპი.

მე-5 პრინციპი: მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“  განსახილველ შემთხვევაში მე-5 პრინციპი დაირღვა, ვინაიდან საბჭო დარწმუნდა, რომ განმცხადებელს და ტელეკომპანიის წარმომადგენელს შორის შედგა კომუნიკაცია, რომლის დროსაც განმცხადებელმა მიუთითა არასწორი ინფორმაციის გავრცელების შესახებ, მაგრამ ამ შეტყობინებას მედიასაშუალების/ჟურნალისტის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. 

მე-7 პრინციპის თანახმად: ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“ განმცხადებელი აპელირებდა, რომ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, თავის მხრივ, საბჭომ ვერ მოიკვლია გადაცემაში ვერც ერთი ეპიზოდი ან ფრაზა/შეფასება, რომელიც მიუთითებდა გენდერული სახით  დისკრიმინაციაზე, შესაბამისად, არ დადგინდა მე-7 პრინციპის დარღვევა.

მე-10 პრინციპი: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.“ არსებობს  საზოგადოებრივი ინტერესი იმ ფაქტის მიმართ რომ ადვოკატთან ვიზიტის შემდეგ, შესაძლოა, ქალი აღმოჩნდა ფსიქოლოგიური ძალადობის და სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სასამართლოს არ დაუდასტურებია. ზოგადად ამბავი არ იყო სრულად უსაფუძვლო, რასაც ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც მიზანშეწონილად ჩათვალა ლაშა ჯანიბეგშვილის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა.  სხვა პირადი ცხოვრების დეტალი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არ იყო დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულის ფაქტთან, სიუჟეტში არ გაჟღერებულა, ხოლო როგორც აღინიშნა თავად სავარაუდო ფაქტის მიმართ იყო ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი და არ დგინდება მე-10 პრინციპის დარღვევა.

ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. საბჭო მოცემულ შემთხვევაში არ მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა ფაქტი განზრახ დაამახინჯა. ჟურნალისტის მიერ ბრალდებების დადასტურებული ფაქტის სახით გავრცელება, საბჭოს შეფასებით მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევას წარმოადგენს და არ იკვეთება მოტივი ან სხვა გარემოება, რომელიც საფუძველს მისცემდა საბჭოს, რომ მე-11 პრინციპით დარღვეულად მიეჩნია.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნათია ლაზაშვილმა დაარღვია ქარტიის 1-ლი და მე-5 პრინციპი.
  2. ნათია ლაზაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპი.
  3. ლუკა ხაჩიძეს არ დაურღვევია ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-5, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა