გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ცესკო ნატა ქაჯაიას და რუსუდან ჯაბანიშვილის წინააღმდეგ 
26.07.2021

განმცხადებელი : ცენტრალური საარჩევნო კომისია;
მოპასუხე : ნატა ქაჯაია და რუსუდან ჯაბანიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;

27 მაისი 2021 წელი

საქმე N - 466

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ნინა ხელაძე, ზვიად ქორიძე, ირმა ზოიძე, სოფო ჟღენტი, ნანა ბიგანიშვილი 


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელიც მიიჩნევდა რომ 2021 წლის 10 თებერვალს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-5  პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ გადაცემის წამყვანი, ნატა ქაჯაია და ჟურნალისტი, რუსუდან ჯაბანიშვილი

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენელი მონაწილეობდა. სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებელმა მოხსნა მისი მოთხოვნა ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით. 


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სადავო სიუჟეტი საოლქო საარჩევნო კომისიების  წევრების და თავმჯდომარეების არჩევას ეხებოდა. განმცხადებლისთვის სადავო იყო ორი ეპიზოდი: წამყვან ნატა ქაჯაიას ტექსტი -  „თამარ ჟვანიამ [ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე] ახალი ვადით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები დაამტკიცა. ეს კი ხდება მაშინ, როცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თამარ ჟვანიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 62 კომისიაში დანიშნა ხელახლა თავმჯდომარეები“; და  რუსუდან ჯაბანიშვილის ფრაზა - „ცესკო ისე მუშაობს და ისე ნიშნავს ამ წევრებს, რომ იქ ოპოზიციის წარმომადგენლები არ იმყოფებიან, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ცესკო პროტესტის ნიშნად დატოვა და ამ დრომდე ისინი ადგილებზე არ დაბრუნებულან“.

განმცხადებელმა მიუთითა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების ნაწილს 5-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ და მათი არჩევა კანონის მოთხოვნა იყო.

საბჭომ ასევე გაიზიარა  განმცხადებლის პოზიცია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის [მუხლი 19, პუნქტი 7] თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს [თავმჯდომარეებს] ნიშნავს არა თამარ ჟვანია, არამედ საოლქო საარჩევნო კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს. აღნიშნულიდან ცალსახაა, რომ ჟურნალისტის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.

რაც შეეხება ჟურნალისტის ფრაზას - „ცესკო ისე მუშაობს და ისე ნიშნავს ამ წევრებს, რომ იქ ოპოზიციის წარმომადგენლები არ იმყოფებიან, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ცესკო პროტესტის ნიშნად დატოვა და ამ დრომდე ისინი ადგილებზე არ დაბრუნებულან“, საბჭოს შეფასებით, ეს ტექსტი მანიპულაციურია და მაყურებელს აწვდის ინფორმაციას, რომ თითქოს ცესკოს მუშაობა, მათ შორის, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების არჩევა, ხდებოდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ოპოზიციის ნების უგულვებელყოფით, მაშინ როცა, ოპოზიცია ამ ეტაპისათვის თავად აცხადებდა უარს პროცესში მონაწილეობაზე.

როგორც სიუჟეტიდან ჩანს, მისი მომზადებისას ჟურნალისტს არ უცდია ინფორმაციის გადამოწმება, კერძოდ, არ  დაკავშირებია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა მისგან მიეღო კომენტარი/შეფასება ამ პროცესთან დაკავშირებით: იყო თუ არა კანონდარღვევა ან შეიძლებოდა თუ არა პროცესის გადადება იმ დრომდე, ვიდრე ოპოზიცია არ განაცხადებდა თანხმობას თავისი წარმომადგენლებით ჩართულიყო ცესკო-ს მუშაობაში. შესაბამისად, ჟურნალისტმა უგულებელყო ბალანსის დაცვის ვალდებულება და ინფორმაცია ცალმხრივად გააშუქა. 

ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად, „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. ქარტიის საბჭოს სამდივნოსა და ცესკოს მეშვეობით მოპასუხე ჟურნალისტებისათვის ცნობილი იყო განმცხადებლის არგუმენტაცია და მტკიცებულებები, რომ მათ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჟურნალისტების მხრიდან რეაგირებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი. 


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნატა ქაჯაიამ და რუსუდან ჯაბანიშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.


განცხადება 

სადავო მასალა