გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - გურამ კახაძე ნატა ქაჯაიას წინააღმდეგ
16.02.2021

განმცხადებელი : გურამ კახაძე;
მოპასუხე : ნატა საჯაია;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;

23 იანვარი 2021 წელი

საქმე  N  -  454   

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები:  ზვიად ქორიძე, ნანა ბიგანიშვილი, ნინა ხელაძე, ნათია ზოიძე, ნინო ჯაფიაშვილი, გულო კოხოძე.


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გურამ კახაძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ 2020 წლის 15 იანვარს,  TV პირველის ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ნატა ქაჯაია.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია ძოომ-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს როგორც განმცხადებელმა, ისე მოპასუხე ჟურნალისტმა.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მეშვიდე პრინციპი “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

სადავო იყო საინფორმაციო გადაცემა, რომლის ერთ - ერთი სიუჟეტი ეხებოდა სოფელ ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას რელიგიურ ნიადაგზე. წამყვანმა ნატა ქაჯაიამ სიუჟეტი შემდეგი ტექსტით წარადგინა: „იმ ადგილას, სადაც მუსლიმებმა და ქართველებმა 3 საათზე ერთდროულად ლოცვა უნდა დაიწყონ ....“.  სწორედ აღნიშნულ ფრაზას მიიჩნევდა სადავოდ განმცხადებელი და მიუთითებდა რომ იყო დისკრიმინაციული და ხელს უწყობდა სტიგმას რომ თითქოს რელიგია განსაზღვრავს ეთნიკურ კუთვნილებას.

სხდომის მიმდინარეობისას მოპასუხე ჟურნალისტმა აღნიშნა რომ მას მექანიკურად შეეშალა და მისი განზრახვა არ იყო რელიგიური ნიშნით განესხვავებინა საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთისგან. დამატებით აღნიშნა რომ მისთვის პიროვნულად სრულად მიუღებელია რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია და რომ ამ თემაზე სხვა გადაცემებში საუბრისას მსგავსი ფრაზა არ გამოუყენებია.

ქარტიის საბჭო მიესალმება ჟურნალისტის პოზიციას, რომ აცნობიერებს ფრაზის დისკრიმინაციულ ხასიათს. ამასთან ხაზგასასმელია რომ დისკრიმინაციულ ფრაზას დამატებითი რეაგირება ტელეკომპანიის/ჟურნალისტის მხრიდან არ მოჰყოლია, რაც შეიძლება ყოფილიყო საჯარო განმარტება/განცხადება რომ ეს ფრაზა შეცდომა იყო და არა ჟურნალისტის/ტელეკომპანიის პოზიცია.  აღნიშნულიდან, გამომდინარე მხარეთა შორის მედიაცია არ შედგა და საბჭომ იმსჯელა განცხადებაზე.

საქართველოში რელიგიური ნიშნით გამორჩევა/დაპირისპირება პრობლემურ საკითხად რჩება და ბოლო პერიოდში არა ერთხელ იჩინა თავი [ნიგვზიანი, ჭელა, ბუკნარი], შესაბამისად რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრა საზოგადოების გამოწვევაა. ამის ფონზე მნიშვნელოვანია ჟურნალისტის მიერ ეთიკური მოვალეობის შესრულება, რომ ხელი არ შეუწყოს დისკრიმინაციას და სტიგმის გაძლიერებას.  ფრაზით „მუსლიმები და ქართველები“ ხდება გამორჩევა რელიგიური ნიშნით, თითქოს კატეგორიით „ქართველი“ არ შეიძლება მოხსენიებული იყოს პირი რომელიც ისლამის აღმსარებელია. საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს რწმენის თავისუფლებას და ადამიანის მრწამსი არ განსაზღვრავს მის ეთნიკურ თუ მოქალაქეობრივ კუთვნილებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს რომ ადგილი ჰქონდა მე-7 პრინციპის დარღვევას.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1.    ნატა ქაჯაიამ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.