გადაწყვეტილებების ძიება

მამუკა ჟღენტი ნატა მახვილაძის წინააღმდეგ
07.12.2020

განმცხადებელი : მამუკა ჟღენტი;
მოპასუხე : ნატა მახვილაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
30 მაისი 2020 წელი საქმე N - 350 

სხდომის თავმჯდომარე: ზვიად ქორიძე

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ნინა ხელაძე, კამილა მამედოვა, მაია მერკვილაძე, გელა მთივლიშვილი


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მამუკა ჟღენტმა, რომელიც მიიჩნევდა რომ 2020 წლის 20 თებერვალს 21:00 საათზე, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ გასულ სიუჟეტში, სათაურით „ყოფილი დიპლომატის პროვოკაცია“, დაირღვა ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი. სიუჟეტის ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - ნატა მახვილაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღო განმცხადებელმა, მოპასუხე ჟურნალისტს შეპასუხება არ წარმოუდგენია და არც განხილვაში მიუღია მონაწილეობა.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

როგორც საბჭოსთვის გახდა ცნობილი, მამუკა ჟღენტმა სოციალურ ქსელებში დაანონსა რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტს. ამ ანონსის შემდეგ ვიზიტი გაუქმდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა რომ: „საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის სამინისტრო, სამშვიდობო მისიების უსაფრთხოების წესების თანახმად, იძულებული გახდნენ დაგეგმილი ვიზიტი გააუქმონ“.

სადავო სიუჟეტი შეეხებოდა ვიზიტის გაუქმების ფაქტს. მასში არ იყო თავად მამუკა ჟღენტის პოზიცია/კომენტარი, თუმცა ჟურნალისტმა განაცხადა რომ მამუკა ჟღენტი მათ კითხვებს არ პასუხობდა. განმცხადებელი სწორედ ამ გარემოებას ხდიდა სადავოდ და აცხადებდა, რომ არაზუსტი იყო, თითქოს მან თავი აარიდა კითხვებზე პასუხების გაცემას.

მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა ნატა მახვილაძის პოზიცია, კერძოდ, მიმოწერის Screenshot, რომლითაც იგი ადასტურებდა, რომ მან ნამდვილად მისწერა Facebook-ზე მამუკა ჟღენტს და ეს მიწერილი უპასუხოდ დარჩა. თავის მხრივ, მამუკა ჟღენტი არ უარყოფდა, რომ ნატა მახვილაძემ მას მისწერა, მაგრამ ვინაიდან ისინი არ იყვნენ FACEBOOK-ზე მეგობრები, მან სიუჟეტის ეთერში გასვლამდე ვერ ნახა ნატა მახვილაძის FACEBOOK-შეტყობინება.

ქარტიის საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. „პატივი სცეს სიმართლეს“ ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა მოიმოქმედოს, რაც კი შედის მის შესაძლებლობაში, რათა საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია. მან შეიძლება ვერც კი შეძლოს საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა, მაგრამ „პატივისცემა“ მიუთითებს მის ძალისხმევაზე. სწორედ ამ ძალისხმევას აფასებს განსახილველ შემთხვევაში ქარტია.

საბჭო აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანი იყო მამუკა ჟღენტის პოზიციის მოპოვება. საქმეში მარიამ გელაშვილი სოფო ზედელაშვილის წინააღმდეგ (2018 წელი) საბჭომ აღნიშნა რომ „(ჟურნალისტს) მეტი ძალისხმევა უნდა გამოეჩინა მეორე მხარის მოძიება-მოკვლევისათვის და საზოგადოებისათვის დაბალანსებული/გადამოწმებული, ორივე მხარის პოზიციის შემცველი ინფორმაცია მიეწოდებინა“.

ქარტიის საბჭო FACEBOOK ზე ერთი შეტყობინების გაგზავნას არ მიიჩნევს სათანადო ძალისხმევის გამოჩენად, მით უფრო დიდი ალბათობა იყო, რომ რესპონდენტი ამ შეტყობინებას ვერ ნახავდა. როდესაც ჟურნალისტმა დარწმუნდა, რომ მისი შეტყობინება არ მისულა ადრესატამდე, შეეძლო მოეძებნა სხვა გზები, რომ მამუკა ჟღენტს დაკავშირებოდა. აღსანიშნავია, რომ ამავე თემაზე სხვა მედიასაშუალებებმაც მოამზადეს სიუჟეტები და მათ შეძლეს მამუკა ჟღენტთან კომუნიკაცია. შესაბამისად, არსებობდა საშუალება მასთან დასაკავშირებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა არ გამოიჩინა სათანადო ძალისხმევა და ამით დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები ფაქტის განზრახ დამახინჯება“. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში განზრახვას ადგილი არ ჰქონია. განზრახვას გამორიცხავს ის ფაქტიც რომ ჟურნალისტმა კომენტარის მოპოვება სცადა, ანუ ჟურნალისტის მიზანი აპრიორი არ იყო ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელება, უბრალოდ მან სათანადო ძალისხმევა არ გამოიჩინა მეორე მხარის [მამუკა ჟღენტის კომენტარი] პოზიციის მისაღებად.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნატა მახვილაძემ დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
  2. ნატა მახვილაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპი.