გადაწყვეტილებების ძიება

ორგანიზაცია „ფემინა“ ია ფარულავას წინააღმდეგ
06.12.2020

განმცხადებელი : ორგანიზაცია „ფემინა“;
მოპასუხე : ია ფარულავა;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;

07 ივლისი 2020 წელი საქმე N - 400 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: კამილა მამედოვა, ირმა ზოიძე, მაია მერკვილაძე, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, ზვიად ქორიძე 


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაცია „ფემინამ“. განცხადების თანახმად, ქარტიის მე-7 პრინციპი დაირღვა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, 2020 წლის 29 ივნისის გადაცემაში „ფარული კონვერტი“, სადაც წამყვან ია ფარულავას სტუმრად ყავდა მოწვეული ბესო ჩუბინიძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

განცხადების განხილვაში მონაწილეობა მიიღო განმცხადებელმა, მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მე-7 პრინციპი “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

სადავო გადაცემის სტუმარი იყო ბესო ჩუბინიძე, რომელიც ცნობილია თავისი ჰომოფობიური პოზიციებით და გამონათქვამებით.

განმცხადებელი უთითებდა: „სიუჟეტი გამოირჩევა ჰომოფობიური განცხადებების სიმრავლითა და ამდენად, ემსახურება საზოგადოებაში დისკრიმინაციის წახალისებას. მასში LGBTQ თემის პრობლემა წარმოჩენილია, როგორც გასართობი სანახაობა და მისი პრობლემები რეალურად უგულვებელყოფილია. სიუჟეტში გამოყენებული კადრები, ასევე, აღვივებს საზოგადოებაში ისედაც ჭარბად არსებულ ჰომოფობიურ განწყობებს და შეიცავს სიძულვილის ენას. ამავე სიუჟეტში ვხედავთ ძალადობისკენ მოწოდებას და პიროვნების, თავისუფალი ინდივიდის გრძნობებისა და ფასეულობების შეურაცხყოფის მცდელობებს”.

თავად გადაცემის ანონსში ხაზგასმული იყო, რომ ბესო ჩუბინიძე ზუსტად თავისი დისკრიმინაციული გამონათქვამებით არის ცნობილი: „გადაცემის სტუმარი - ჰომოფობი ბესო ჩუბინიძე", როგორც ანონსში, ისე გადაცემაში მეორდება ბესო ჩუბინიძის გამონათქვამები, როცა ის ტრასგენდერ პირებს ავადმყოფებად მოიხსენიებს და მშობლებს მოუწოდებს ტრასგენდერი შვილების ცემისაკენ. გადაცემაში ბესო ჩუბინიძემ კვლავ გაიმეორა თავისი მოსაზრება, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაცია ავადმყოფობაა და არაჯანსაღია.

საქმეში ბექა გაბადაძე თეა ადეიშვილის წინააღმდეგ [2017] საბჭომ აღნიშნა რომ: „მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებულ ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო პროაქტიული ქმედებები განახორციელოს“, ანუ, ჟურნალისტმა არა თუ ხელი არ უნდა შეუწყოს დისკრიმინაციის გაღრმავებას, არამედ პირიქით, ყველა ღონე უნდა იხმაროს დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.

რესპონდენტთა შერჩევისას აუცილებელია, წინასწარ იქნეს გათვალისწინებული, რამდენად მოსალოდნელია მათ მიერ დისკრიმინაციული მიდგომების ტირაჟირება და ჟურნალისტმა მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავოს დისკრიმინაციული პოზიციების გავრცელების ხელშეწყობისაგან. თუ ასეთი პირების მოწვევა გარდაუვალი აუცილებლობაა [მაგალითად მონაწილეობენ ისეთ პროცესებში, რომელთა მიმართაც არის საზოგადოების ობიექტური ინტერესი და არ არსებობს სხვა ალტერნატიული და რელევანტური რესპონდენტი], ჟურნალისტმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ მას საშუალება არ მიეცეს დისკრიმინაციის ტირაჟირებისათვის. ეს შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს როგორც შეზღუდული ქრონომეტრაჟით, ისე ცალსახა გამიჯვნით დისკრიმინაციისაგან, კითხვებით და გადაცემის დაგეგმვისას აქცენტი უნდა გაკეთდეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე და არა რესპონდენტთა დისკრიმინაციული პოზიციების გავრცელებაზე.


განსახილველ შემთხვევაში კი საპირისპირო სურათი გვაქვს, გადაცემის წამყვანმა ზუსტად იმ მიზნით დაგეგმა გადაცემა, რომ რესპონდენტ ბესო ჩუბინიძეს კვლავ ესაუბრა სიძულვილის ენით სექსუალური უმცირესობის მიმართ, მეტიც გამოიყენა და კიდევ ერთხელ გაავრცელა რესპონდენტის დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები, რითაც დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი, ხელი შეუწყო ჰომოფობიური პოზიციების ტირაჟირებას.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ია ფარულავამ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.