გადაწყვეტილებების ძიება

ანა ებანოიძე ბელა ზაქაიძის წინააღმდეგ
15.09.2020

განმცხადებელი : ანა ებანოიძე;
მოპასუხე : ბელა ზაქაიძე;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
12 ივლისი 2020 წელი

საქმე N - 376

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გელა მთივლიშვილი, ზვიად ქორიძე, ლიკა ზაკაშვილი, მაია მერკვილაძე, კამილა მამედოვა განმცხადებელი: ანა ებანოიძე მოპასუხე: ბელა ზაქაიძე


აღწერილობითი ნაწილი



საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ანა ებანოიძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხის ეთერში, 2020 წლის 10 მაისს, გადაცემა „ახალი კვირაში“ გასულ სიუჟეტში „მკვლელობა თუ აუცილებელი თავდაცვა?“ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი ბელა ზაქაიძე.

საქმის განმხილველ სხდომაში მონაწილეობდნენ როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ეხებოდა გუდაურში, 2020 წლის 16 თებერვალს მომხდარ დაპირისპირებას, რომლის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ არა თუ ადგილი არ ჰქონდა განზრახ მკვლელობას, არამედ ბრალდებული იყო თავდასხმის ობიექტი, და აუცილებელი მოგერიების დროს თავდამსხმელისთვის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად თავდამსხმელი გარდაიცვალა. სახელმწიფო ბრალდება არ ეთანხმება ბრალდებულის პოზიციას და მხარს უჭერს განზრახ მკვლელობის ბრალს.

განმცხადებლის არგუმენტები: „გასაჩივრებულ სიუჟეტში ჟურნალისტი ეყრდნობა დაზარალებული [გარდაცვლილის] ოჯახის ადვოკატისა და პროკურატურის მიერ მიწოდებულ ვიდეო მასალას. ჩვენი აზრით, მოცემულით ირღვევა ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ სიუჟეტში წარმოდგენილი ვიდეო მასალას ჯერ არ შეუძენია იურიდიულად მტკიცებულების სახე, კერძოდ მისი გადამოწმება და დამტკიცება არ მომხდარა სასამართლო პროცესზე, რადგან არსებული საქმე ჯერ ისევ საგამოძიებო სტადიაზეა“. „გასაჩივრებული სიუჟეტი საგამოძიებო სახისაა, შესაბამისად მასში უნდა ყოფილიყო თანაბრად, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის პოზიციები. თუმცა სიუჟეტში საერთო 14 წუთიდან დაცვის მხარეს დაეთმო დაახლოებით 5 წუთი“. “დაცვის მხარის მოთხოვნით, პროცესი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით უნდა ჩატარდეს. ჩვენ მიერ გასაჩივრებული სიუჟეტი ზეგავლენას იქონიებს და წინასწარ განწყობას შეუქმნის ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებს”.

საბჭოს შეფასება: სადავო მასალა პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად. თავდაპირველად წარმოდგენილია სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებიც ამყარებენ ბრალდების მხარის პოზიციას, საუბრობს დაზარებული მხარის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე, ის მაყურებელს აცნობს თავის არგუმენტაციას, თუ რატომ უნდა მოხდეს მკვლელობის კვალიფიცირება განზრახვად და არა მოგერიებად. შემდეგი რესპონდენტი უკვე საქმის პროკურორია. იგი, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდების პოზიციას და თავის მხრივ მოყავს დამატებითი არგუმენტები გაზრახ მკვლელობის ბრალდების გასამყარებლად. სიუჟეტი ასევე შეიცავს ბრალდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის ინტერვიუს. ადვოკატი ბრალდების მხარის არგუმენტების საწინააღმდეგო პოზიციას აწვდის მაყურებელს.

საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის პოზიციას რომ „გასაჩივრებულ სიუჟეტში ჟურნალისტი ეყრდნობა დაზარალებული (გარდაცვლილის) ოჯახის ადვოკატისა და პროკურატურის მიერ მიწოდებულ ვიდეო მასალას. ჩვენი აზრით მოცემულით ირღვევა ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ სიუჟეტში წარმოდგენილი ვიდეო მასალას ჯერ არ შეუძენია იურიდიულად მტკიცებულების სახე“.

სიუჟეტში ჟურნალისტი ცდილობს, მაყურებელს მიაწოდოს ორივე მხარის პოზიცია. შესაბამისად, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე აუდიტორიას აცნობენ მათ ხელთ არსებულ ვიდეო მასალას და სიუჟეტში ცდილობენ მათი პოზიციის სარწმუნოდ წარმოჩენას. საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ დაცვის მხარე ეჭვქვეშ არ აყენებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეო მასალას და პირიქით. სიუჟეტში მოწინააღმდეგე მხარეები სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ვიდეო ჩანაწერების შეპირისპირებას ან/და ერთი და იმავე კადრის სხვადასხვა ინტერპრეტაციას ახდენენ: ადვოკატი თავის მხრივ წარმოაჩენს არგუმენტებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა, ხოლო პროკურორი ამტკიცებს ბრალდების მართებულობას.

ჟურნალისტს არ შეიძლება წაეყენოს იგივე მოთხოვნები, რაც სასამართლოს [მაგალითად, შეაფასოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით რამდენად დასაშვებია მტკიცებულება]. ჟურნალისტის უპირველესი მოვალეობაა, რომ შეეცადოს დაბალანსებულად ასახოს ორივე მხარის პოზიცია. საბჭო არ ეთანხმება განმცხადებელს, რომელიც უთითებს, რომ „სიუჟეტში საერთო 14 წუთიდან დაცვის მხარეს დაეთმო დაახლოებით 5 წუთი“. ბალანსი არ განისაზღვრება მხოლოდ ქრონომეტრაჟით. საბჭოს შეფასებით, დაცვის მხარეს მიეცა საშუალება, ყველა იმ საკითხზე დაეფიქსირებინა პოზიცია, რომელზედაც აპელირებდა ბრალდების მხარე. შესაბამისად, საბჭო ბალანსს დარღვეულად არ მიიჩნევს.

საბჭო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას, რომ არსებობს თეორიული რისკი, სიუჟეტმა გარკვეული ზეგავლენა იქონიოს იმ პირებზე, რომლებიც იქნებიან ნაფიცი მსაჯულები აღნიშნულ მკვლელობის საქმეზე. მეორეს მხრივ, ასეთი რისკის არსებობა თავისთავად არ გულისხმობს, რომ ჟურნალისტებს უნდა აეკრძალოთ/შეეზღუდოთ ისეთ კრიმინალურ შემთხვევებზე სიუჟეტების მომზადება, რომელიც ნაფიც მსაჯულთა განხილვის საგანი იქნება. საჭიროა, რომ ჟურნალისტური პროდუქტი იყოს დაბალანსებული, რათა ზემოაღნიშნული რისკის მინიმიზაცია მოხდეს. საერთო ჯამში, საბჭო მიიჩნევს, რომ ბალანსის დამაკმაყოფილებელი ტესტი სადავო სიუჟეტმა გაირა.

საბჭო ცალკე გამოყოფს სიუჟეტის იმ ნაწილებს, სადაც ნაჩვენებია, როგორ ერთობა გარდაცვლილი პირი სიცოცხლეში და როგორი დაცარიელებულია ახლა მისი ოთახი. რა თქმა უნდა, ეს დამატებით სენტიმენტებს და სიბრალულს იწვევს გარდაცვლილი პირის მიმართ, მაგრამ ეს არ არის ისეთი გადაცდომა რომლის საფუძველზეც პირველი პრინციპის დარღვევა შეიძლება დადგინდეს. ზოგადად, საბჭოს რეკომენდაციაა, რომ ამ კუთხითაც ბალანსის დაცვა ემსახურება მიუკერძოებლობის პრინციპის განმტკიცებას.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ბელა ზაქაიძეს არ დაურღვევია ქარტიის პირველი პრინციპი.