გადაწყვეტილებების ძიება

მიხეილ მეფარიშვილი ეკა გულუას წინააღმდეგ
11.01.2020

განმცხადებელი : მიხეილ მეფარიშვილი;
მოპასუხე : ეკა გულუა;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი; 11 პრინციპი;

22 სექტემბერი 2019 წელი

საქმე N 292, N 293, N 294, N 295, N 296, N 297 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: მაია მერკვილაძე, ირმა ზოიძე, ლაურა გოგოლაძე, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი.

განმცხადებელი: მიხეილ მეფარიშვილი

მოპასუხე: ეკა გულუა

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მიხეილ მეფარიშვილმა, რომელიც მიიჩნევდა რომ მედია ცენტრ „მთავარის“ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ჟურნალისტური პროდუქტებით დაირღვა ქარტიის პრინციპები. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა რედაქტორი ეკა გულუა.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტები და პრინციპები:

  1. სერვისებს მივაწვდით, ვისაც დასჭირდება“ – „თანასწორობის მოძრაობა“ ლგბტ კვირეულზე. სადავო პრინციპები: 1, მე-3 და მე-11. 
  2. „მეც მინდა ფული მქონდეს“ – ლგბტ-ები ალაპარაკდნენ“ სადავო პრინციპები: 1 და მე-11.
  3. “ოსები და აფხაზები ლგბტ პრაიდის ჩატარების შესახებ რომ გაიგებენ, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, არ შემოუერთდნენ საქართველოს” სადავო პრინციპი - მე-7. 
  4. “ეს სასიკვდილო ცოდვაა, ნადგურდება ოჯახები, ინგრევა სახელმწიფოები” - დეკანოზი მამათმავლობაზე. სადავო პრინციპი - მე-7.
  5. „დეკანოზები ლგბტ კვირეულზე “მედიაცენტრ მთავარში” სადავო პრინციპი - მე -7 
  6. „აღიარეთ, რომ იტყუებით – რედაქტორის მიმართვა ლგბტ საზოგადოებას“ სადავო პრინციპი  1 და მე-11.

განცხადების განხილვას დაესწრო განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია, მაგრამ წარმოადგინა შეპასუხება.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სტატია სათაურით „სერვისებს მივაწვდით, ვისაც დასჭირდება“ – „თანასწორობის მოძრაობა“ ლგბტ კვირეულზე“.  სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში მითითებულია, რომ „საზოგადოება ე.წ. კვირეულის გამართვაზე უარს არ ამბობს, დანარჩენი საზოგადოება კი მათი ე.წ. პრაიდის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებენ, რომ ერთადერთი აღლუმი, რაც ოდესმე საქართველოში გამართულა და გაიმართება, მხოლოდ შეიარაღებული ძალების აღლუმი იქნება“. აღნიშნული ინფორმაცია არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო როგორც დადასტურებული ფაქტი ვინაიდან არ არსებობს არავითარი მტკიცებულება რომ LGBTQI პირების გარდა, საზოგადოების ყველა სხვა წევრი მათი გამოხატვის უფლების წინააღმდეგია. ასევე ჟურნალისტმა მთლიან საზოგადოებას მიაწერა ფრაზა „ერთადერთი აღლუმი, რაც ოდესმე საქართველოში გამართულა და გაიმართება, მხოლოდ შეიარაღებული ძალების აღლუმი იქნება“, ეს ფრაზა შეიძლება რომელიმე ჰომოფობიურ ჯგუფს ეკუთვნოდეს, მაგრამ არა მთლიან საზოგადოებას.

სტატიაში მითითებულია რომ ღირსების მარშთან დაკავშირებით, როგორც მეორე მხარეს, ჟურნალისტი ესაუბრა თანასწორობის მოძრაობის ერთ-ერთ წარმომადგენელს, გოჩა გაბოძეს. რესპონდენტი ჟურნალისტს უცხადებს რომ „თანასწორობის მოძრაობის“ სახელით ვერ ისაუბრებს, რომ ის „ღირსების მარშის“ ორგანიზატორთა გუნდის წევრი არ არის და მარშთან დაკავშირებით ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს. შესაბამისად ცალსახაა რომ გაბოძე არ წარმოადგენდა რელევანტურ წყაროს, საბჭოს პრაქტიკის თანახმად ბალანსი ფორმალურად არ უნდა იყოს დაცული, რომ ჟურნალისტმა ინფორმაციის გადასამოწმებლად უნდა მიმართოს რელევანტურ პირს, მას, ვინც შეიძლება ამბის შესახებ დეტალები იცოდეს.

სტატია „მეც მინდა ფული მქონდეს“ – ლგბტ-ები ალაპარაკდნენ“. სტატიაში მითითებულია, რომ „მათ [იგულისხმება LGBTQI პირები], საჯაროდ არაერთხელ წამოაძახეს, რომ ამ ყველაფერს ფულის საშოვნელად აკეთებდნენ, ისინი მსგავს შეფასებებს ჩაგვრად და შევიწროებად აფასებდნენ”. ამას მოსდევს ჟურნალისტის ტექსტი რომ „ის [იგულისხმება ნინო ბოლქვაძე, ღირსების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი] აღიარებს, რომ მისი მიზანი ფულის შოვნაა, რადგანაც მატერიალური არაფერი გააჩნია“. ასეთი პერიფრაზირება გააკეთა ჟურნალისტმა ნინო ბოლქვაძის კომენტარისა, სადაც ის აცხადებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მასაც აქვს სურვილი ჰქონდეს ფული, მისი მიზანი არ არის ფული შოვნა და იბრძვის მხოლოდ იდეებისათვის. ჟურნალისტისათვის ცნობილი იყო ნინო ბოლქვაძის ეს სიტყვები [სადავო სტატიაშივე მითითებულია], მაგრამ მიუხედავად ამისა სტატიის სათაური წარმოადგინა ისე, რომ თითქოს ნინო ბოლქვაძის აქტივიზმის მიზანი მატერიალური კეთილდღეობაა. ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად:

„ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე პირობების და ფორმების გათვალისწინებით, მით უფრო, როცა საუბარია ონლაინ ფორმით მომზადებულ და სოციალურ ქსელებში გაზიარების (share) საშუალების მქონე სტატიებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტატიის სათაურს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატიის ძირითადი დატვირთვა მოდის მის სათაურზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად სათაური იძლევა ინფორმაციას დადასტურებული სახით. საბჭო მიიჩნევს, რომ ძირითად შემთხვევებში სტატიის სათაური უნდა იქნას განხილული როგორც ცალკე ჟურნალისტური პროდუქტი. მკითხველს აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ სტატიის სათაური არის თავად სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად მიღებული და დადასტურებული დასკვნა და შეიძლება არც ჩათვალოს საჭიროდ სტატიის სრულად გაცნობა იმ დაშვებით, რომ სტატიის ძირითადი მიგნება მან უკვე წაიკითხა სათაურში “.


გარდა სათაურისა თავად სტატიის ტექსტშიც კი ჟურნალისტი ნინო ბოლქვაძის კომენტარს არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს და აცხადებს რომ ნინო ბოლქვაძის მიზანი ფულის შოვნაა. აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს რომ ამ სტატიაში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

სტატია „აღიარეთ, რომ იტყუებით – რედაქტორის მიმართვა ლგბტ საზოგადოებას“.  სტატიაში ავტორი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ თვეებია, „მედიაცენტრი მთავარი“ ლგბტ საზოგადოებას საინფორმაციო სივრცეს სთავაზობს მაგრამ ისინი უარს ამბობენ, რის საფუძველზეც ასკვნის რომ არა „თქვენ [LGBTQI პირები] არც იზღუდებით და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივ, არც იჩაგრებით“. ის გარემოება რომ მის მედია ცენტრში სტუმრად არ მივიდნენ LGBTQI პირები, ჟურნალისტს არა აძლევდა საფუძველს ფაქტად დაეფიქსირებია, რომ თითქოს LGBTQI პირების უფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება, დაცულია. ასევე სრულიად დასაშვებია, რომ LGBTQI პირს უარი ეთქვა იმ სივრცეში მისვლაზე, რომლისთვისაც დამახასიათებელია ჰომოფობიური განწყობები, მე-7 პრინციპზე მსჯელობისას ნათელი იქნება, რომ „მედიაცენტრი მთავარი“ ხელს უწყობდა LGBTQI პირების მიმართ დისკრიმინაციის წახალისებას. გარდა ამისა, სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის თანახმად “სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია საქართველოში კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულებები ხშირად ხდება ლგბტ+ თემის წარმომადგენლების მიმართ დისკრიმინაციის საფუძველი”. ის რომ LGBTQI პირები გამოხატვის თავისუფლება იზღუდება ეს სტატიის გამოქვეყნების შემდეგად დადასტურდა, როცა ადამიანთა ჯგუფმა სცადა მათთვის ხელი შეეშალა „ღირსების მარშის“ ჩატარებაში, ხოლო სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა ამ უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

ქარტიის მე-3 პრინციპი „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“. განმცხადებელი მე-3 პრინციპს სადავოდ ხდიდა სტატიაში სათაურით „სერვისებს მივაწვდით, ვისაც დასჭირდება“ – „თანასწორობის მოძრაობა“ ლგბტ კვირეულზე“ და მიუთითებდა რომ ჟურნალისტი კომენტარისათვის დაუკავშირდა არარელევანტურ წყაროს. ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ მე-3 პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება თუ დადასტურდება რომ წყარო საერთოდ არ არსებობდა, რაც შეეხება არარელევანტურ წყაროს, ეს გარემოება განიხილება პირველი და არა მე-3 პრინციპის ჭრილში.

ქარტიის მე-7 პრინციპი "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". როგორც სადავო ჟურნალისტური პროდუქტებიდან ჩანს, სასულიერო პირებმა მედიაცენტრში გამართეს პრესკონფერენცია, რომლის სრული ვიდეო ჩანაწერი განთავსდა ვებ გვერდზე სათაურით „დეკანოზები ლგბტ კვირეულზე “მედიაცენტრ მთავარში”, ასევე პრესკონფერენციის საფუძველზე მომზადდა სტატიები: “ეს სასიკვდილო ცოდვაა, ნადგურდება ოჯახები, ინგრევა სახელმწიფოები”, “ოსები და აფხაზები ლგბტ პრაიდის ჩატარების შესახებ რომ გაიგებენ, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, არ შემოუერთდნენ საქართველოს”. 

ქარტიის საბჭოს შეფასებით, პრესკონფერენციის დროს სასულიერო პირები ავრცელებდნენ ჰომოფობიურ/დისკრიმინაციულ პოზიციებს და სიძულვილის ენას LGBTQI პირების მიმართ, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაცია არის უბედურების გამომწვევი მიზეზი, ანადგურებს ოჯახებს და პიროვნებებს, რომ ჰომოსექსუალი პირების არსებობა ხელს უშლის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, LGBTQI პირების არსებობას პირდაპირ უკავშირებდნენ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის შემცირებასთან, იყენებდნენ ვერბალური ჰომოფობიური ჩაგვრისათვის დამახასიათებელ ტერმინებს. მოპასუხე ჟურნალისტმა შეპასუხებაში მიუთითა რომ „ვინაიდან მედიაცენტრის პრესკლუბი არის ღია და საკუთარი აზრის და პოზიციის გამოხატვა თავისუფალია, ამ ტრიბუნას აქტიურად იყენებდნენ სასულიერო პირებიც, „ქართული მარშიც“, პოლიტიკოსებიც და სხვა ორგანიზაციებიც, რომლებიც ატარებდნენ პრესკონფერენციებს და ამ პრესკონფერენციებს აშუქებდა სხვადასხვა მედია, თითქმის ყველა მედია“. ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებულ ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო პროაქტიული ქმედებები განახორციელოს, ანუ, ჟურნალისტმა არა თუ ხელი არ უნდა შეუწყოს დისკრიმინაციის გაღრმავებას, არამედ პირიქით, ყველა ღონე უნდა იხმაროს დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად. ქარტიის საბჭომ თავის გადაწყვეტილებაში ააიპ ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ მაკა რაზმაძის წინააღმდეგ აღნიშნა რომ:

„რესპონდენტთა შერჩევისას აუცილებელია წინასწარ იქნას გათვალისწინებული რამდენად მოსალოდნელია მათ მიერ დისკრიმინაციული მიდგომების ტირაჟირება და მაქსიმალურად თავი შეიკავოს მათი დისკრიმინაციული პოზიციების გასაჯაროების ხელშეწყობისაგან. თუ ასეთი პირების მოწვევა გარდაუვალი აუცილებლობაა [მაგალითად მონაწილეობენ ისეთ პროცესებში, რომელთა მიმართაც არის საზოგადოების ობიექტური ინტერესი და არ არსებობს სხვა ალტერნატიული და რელევანტური რესპონდენტი], ყველა ღონე იხმაროს, რომ მას საშუალება არ მიეცეს დისკრიმინაციის ტირაჟირებისათვის.“

ამის საპირისპიროდ, მედია საშუალებამ უცვლელად განათავსა დისკრიმინაციის შემცველი ვიდეო ჩანაწერი და მეტიც, თავად მოამზადა სტატიები დისკრიმინაციის შემცველი პრესკონფერენციის შესახებ, რომელ სტატიებშიც ასევე უცვლელად იყო გადმოტანილი დისკრიმინაციული შეფასებები.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განხრახ დამახინჯება“. განსახილველ შემთხვევაში, სადავო სამ სტატიაში დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა, ხოლო მე-11 პრინციპთან მიმართებით ქარტიის საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

  1. სტატიაში „მეც მინდა ფული მქონდეს“ – ლგბტ-ები ალაპარაკდნენ“ ჟურნალისტმა ზუსტად იცის რას გულისხმობს ნინო ბოლქვაძე [რომ პრინციპების გამო უარს ამბობს მატერიალურ კეთილდღეობაზე], მაგრამ მიუხედავად ამისა, აბსოლუტურად სხვაგვარ ინტერპრეტაციას აწვდის მკითხველს, თითქოს ნინო ბოლქვაძის აქტივიზმის მთავარი მიზანი ფულის შოვნაა.
  2. „მედიაცენტრი მთავარი“ ხელს უწყობს დისკრიმინაციის წახალისებას, არა მხოლოდ ტრიბუნას უთმობს დისკრიმინაციის წყაროს, არამედ დამატებით ამზადებს დისკრიმინაციის შემცველ სტატიებს.
  3. სადავო სტატიები გამოირჩევიან აგრესიული და არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებით LGBTQI პირების მიმართ. 
  4. სტატიები ხელს უწყობენ ე.წ. „შეთქმულების თეორიას“ რომ LGBTQI პირები არა უფლებებისათვის იბრძვიან, არამედ “დავალებებს“ აასრულებენ, მაგალითად სტატიაში, „აღიარეთ, რომ იტყუებით – რედაქტორის მიმართვა ლგბტ საზოგადოებას“, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მითითებულია რომ LGBTQI პირები მათი კომუნიკაციის სტრატეგიას უცხოეთში ათანხმებენ.
  5. მტკიცებულებების გარეშე შემოთავაზებულია დიქოტომია რომ თითქოს LGBTQI პირებს უპირისპირდება მთელი საზოგადოება, რომ უკლებრივ ყველა წევრი LGBTQI პირების გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგია, ასევე არგუმენტაციის გარეშე ვრცელდება არასწორი ინფორმაცია რომ თითქოს LGBTQI პირების უფლებები დაცულია.

ზემოაღნიშნული საბჭოს აძლევს იმის დასაბუთებულ ვარაუდს რომ ჟურნალისტის მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება ხდებოდა განზრახ და მიზანმიმართულად, LGBTQI პირების დისკრედიტაციის მიზნით.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ეკა გულუამ დაარღვია ქარტიის პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპი.
  2. ეკა გულუას არ დაურღვევია ქარტიის მე-3 პრინციპი.