გადაწყვეტილებების ძიება

მალხაზ მაჩალიკაშვილი ნატა მახვილაძის წინააღმდეგ
11.01.2020

განმცხადებელი : მალხაზ მაჩალიკაშვილი;
მოპასუხე : ნატა მახვილაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

14 ოქტომბერი 2019 წელი

საქმე N 306 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ლაურა გოგოლაძე, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, გიორგი სულაძე, გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა.

განმცხადებელი: მალხაზ მაჩალიკაშვილი

მოპასუხე: ნატა მახვილაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გამოშვებაში 2019 წლის 07 აგვისტოს გასულ სიუჟეტში სათაურით „თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყარო ბანგლადეშში“ დაირღვა ქარტიის პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი ნატა მახვილაძე.

საქმის განხილვას დაესწრნენ განმცხადებლის წარმომადგენლები. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც საპასუხო პოზიცია არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო სიუჟეტის თანახმად:

  1. ბანგლადეშში თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყარო გაიხსნა.
  2. სახელობითი წყარო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ „The living heart association for relief and education” [შემგომ „ჰუმანიტარული ორგანიზაცია“ ან „ორგანიზაცია“] გახსნა.
  3. ჰუმანიტარულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს ისრაილ ახმედნაბიევი, [იგივე აბუ უმარ სასითლინსკი].
  4. ისრაილ ახმედნაბიევი რუსეთმა ტერორისტად გამოაცხადა და საერთაშორისო ძებნაშია ტერორიზმის ბრალდებით.
  5. ისრაილ ახმედნაბიევი ტერორისტულ იდეოლოგიასთან კავშირზე წერს ამერიკულმა ორგანიზაცია „ჯეიმსთაუნის კვლევისა და ანალიზის ფონდი“ თავის რეპორტში და რომელი რეპორტის თანახმად ბოსტონის ცნობილი ტერაქტის შემოქმედის, ტამერლან ცარნაევის რადიკალიზაცია მას შემდეგ მოხდა რაც 2012 წელს მახაჩკალაში, კოტროვის სალიფატურ მეჩეთში ესწრებოდა სწორედ ისრაილ ახმედნაბიევის ქადაგებებს.
  6. ისრაილ ახმედნაბიევი აფრიკის რესპუბლიკა ნიგერიაში ცხოვრობს.
  7. მტკიცებით ფორმაში აღნიშნულია რომ ისრაილ ახმედნაბიევი ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელშიც აკუმულირდება ტერორისტული საქმიანობისთვის შეგროვილი თანხმები.
  8. სიუჟეტში რესპონდენტები საუბრობენ რომ: [8.1] ორგანიზაციასთან, რომელსაც ხელძღვანელობს ისრაილ ახმედნაბიევი, კავშირი მარტივად არ ხდება და შემთხვევით არ არჩევს ადამიანებს რომელსაც სახელობით წყაროებს უხსნის. [8.2] ორგანიზაციამდე მარტივად მისვლა არ ხდება, რომ მხოლოდ ორი მიზეზით შეიძლება გაიხსნას წყარო, ერთი ნათესაური კავშირები, მეორე „სერიოზული დამსახურება“ ვაჰაბისტური ორგანიზაციის დამფინანსებლების წინაშე. [8.3] ორგანიზაციას აკვალიფიცირებენ ტერორისტულად როგორც ამერიკის, ისე რუსეთის მთავრობები. [8.4] თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყარო გაიხსნა იმის გამო, რომ მას „დამსახურება“ ჰქონდა რწმენის წინაშე. [8.5] წყარო ბანგლადეშში იმიტომ გაიხსნა რომ ისრაილ ახმედნაბიევი სავარაუდოდ თავის მუშაობის გავრცელებას ამ რეგიონზეც აპირებს. [8.6]  მაჩალიკაშვილების ოჯახი ამ ორგანიზაციასთნ იდეოლოგიურ კავშირშია.

საბჭოს აზრით სადავო სიუჟეტი შემდეგ ლოგიკურ ხაზს გვთავაზობს: თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით კავშირი ჰქონდა ტერორიზმთან, სახელობითი წყარო გაუხსნა ორგანიზაციამ, რომელიც და რომლის ხელმძღვანელიც [ისრაილ ახმედნაბიევი] ასევე ტერორიზმთან კავშირში არის მხილებული. ამით თითქოს მყარდება სახელმწიფო ბრალდების მტკიცება რომ რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორისტებთან ჰქონდა კავშირი. ამ ხაზს აძლიერებს სიუჟეტში მოყვანილი ინტერვიუები, რომლებიც რამდენჯერმე ხაზს უსვამენ რომ წყაროს გახსნა შემთხვევით არ ხდება [ფაქტობრივი გარემოება 8 ].

საბჭო მიიჩნევს, იმის გათვალისწინებით რომ რიგი ინფორმაცია არასწორია, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში არასრული ინფორმაციის მიწოდება ხდება მაყურებლისთვის, სადავო სიუჟეტი მანიპულაციურია და არ უზრუნველყოფს აუდიტორიისათვის ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას და ამით არღვევს ქარტიის პირველ პრინციპს.

როგორც აღინიშნა სიუჟეტში ძირითადი აქცენტი კეთდება იმაზე რომ თემირლან მაჩალიკაშვილს სახელობითი წყარო გაუხსნეს „რწმენის“ და ტერორისტულად შერაცხული ორგანიზაციის წინაშე არსებული დამსახურებების გამო და რომ წყაროს გახსნა შემთხვევით არ ხდება. მაგრამ ჟურნალისტი არ ახსენებს იმ ინფორმაციას რომ რეალურად ნებისმიერ პირს, რომელიც მიმართავს ამ ორგანიზაციას და გარკვეულ თანხას გადაიხდის, შეუძლია გახსნას თავის სახელობის წყარო იმ ქვეყნებში, სადაც ეს ორგანიზაცია მოღვაწეობს. აღნიშნული გარემოება დადასტურდა საბჭოს მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციის ვებ გვერდის შესწავლის შედეგად.  ანუ, რესპონდენტების მტკიცება რომ სახელობითი წყაროს გახსნას რაიმე განსაკუთრებული კავშირები ჭირდება, არასწორია. ამასვე ადასტურებს მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელიც სიუჟეტშივე ამბობს რომ 600 $ გადაიხადა იმისათვის რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობითი წყარო გაეხსნა. ჟურნალისტი ვებ გვერდზე ასევე ნახავდა ინფორმაციას რომ ორგანიზაციას, რომელიც სადავო სიუჟეტის მიხედვით ტერორიზმის დაფინანსებაშია ბრალდებული, საბანკო ანგარიშები აქვს ინგლისურ ბანკში [Lloyds Bank], ეს კიდევ ამცირებს იმ ბრალდებების ვალიდურობას, რომ ორგანიზაცია ტერორისტებს აფინანსებს.

სიუჟეტში ასევე ნახსენებია რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ისრაილ ახმედნაბიევი აფრიკის რესპუბლიკა ნიგერიაში ცხოვრობს. როგორც საბჭომ დაადგინა ახმედნაბიევი არა ნიგერიაში, არამედ ცხოვრობს სხვა აფრიკულ ქვეყანაში - ნიგერში. ეს შეცდომა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ნიგერია, სადაც თითქოს და ცხოვრობს ახმედნაბიევი, ასოცირდება ტერორისტულ ორგანიზაცია „ბოკო ჰარამთან“, რითაც ძლიერება ეჭვები ახმედნაბიევის ტერორისტებთან კავშირის შესახებ.

სადავო სიუჟეტში მტკიცებით ფორმაშია მითითებული რომ „ჯეიმსთაუნის კვლევისა და ანალიზის ფონდმა“ გამოაქვეყნა რეპორტი, რომლის თანახმად ბოსტონის ცნობილი ტერაქტის შემოქმედის, ტამერლან ცარნაევის რადიკალიზაცია მოხდა მას შემდეგ რაც ცარნაევი მახაჩკალაში ესწრებოდა ისრაილ ახმედნაბიევის ქადაგებებს. მტკიცებულებების შესწავლის შედეგად საბჭომ დაადგინა რომ სახეზე იყო არა „ჯეიმსთაუნის კვლევისა და ანალიზის ფონდის“ რეპორტი, არამედ „ჯეიმსთაუნის კვლევისა და ანალიზის ფონდის“ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული მაირბექ ვაჩაგაევის საავტორო სტატია. მაყურებლის თვალში კი ტერმინი „რეპორტი“ უფრო მეტ ნდობას იწვევს წყაროს მიმართ, ვიდრე კონკრეტული პირის პერსონალური მოსაზრება. მეტიც, ე.წ. „რეპორტში“ რეალურად კი საავტორო სტატიაში მტკიცებით ფორმაში არ არის მითითებული რომ ბოსტონის ცნობილი ტერაქტის შემოქმედის, ტამერლან ცარნაევის რადიკალიზაციაში წვლილი შეიტანა ისრაილ ახმედნაბიევმა, არამედ საუბარია რომ ეს ჰიპოთეზაა, მტკიცებულებების გარეშე [but there is no evidence thus far confirming such a hypothesis.] და ამ ჰიპოთეზის საწინააღმდეგო არგუმენტებიც არის მოყვანილი. სადაო სიუჟეტში კი ისე არის ინფორმაცია გადმოცემული რომ თითქოს ე.წ. „რეპორტი“ ადასტურებს ახმედნაბიევის გავლენას ბოსტონის ტერაქტის ავტორზე და არა არის ნახსენები საწინააღმდეგო არგუმენტები.

აქვე აღსანიშნავია რომ ჟურნალისტი არ დაკავშირებია და არც დაკავშირების მცდელობა ჩანს ისრაელ ახმედნაბიევთან, რომელსაც ბრალს სდებდა ტერორიზმთან კავშირში და რომლის გვერდი სოციალური ქსელში ხელმისაწვდომია და აქტიურია.

ქარტიის მე-7 პრინციპის მიხედვით “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. განმცხადებელი მიუთითებდა რომ ხდებოდა დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, რომ სიუჟეტში მითითებული ყველა პირი ეთნიკურად ჩეჩენი იყო ამით სიუჟეტი „ცალსახად მონიშნავს ჩეჩნებს, როგორც რადიკალურ, ტერორიზმთან დაკავშირებულ სოციალურ ჯგუფს“. ქარტიის საბჭო აღნიშნავს რომ ამ შემთხვევაში ვერ ხედავს დისკრიმინაციის ნიშნებს. სიუჟეტში რა თქმა უნდა არის საუბარი ახმადანაბიევის სხვა ჩეჩენი ეროვნების პირის ტერორიზმთან კავშირზე, მეორეს მხრივ ეს გარემოება ავტომატურად არ იწვევს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას. განსახილველ შემთხვევაში შესაძლებელია გამოკვეთილიყო დისკრიმინაციის ნიშნები თუ აქცენტირებული ან ხაზგასმული იქნებოდა ამა თუ იმ პირის ეთნიკური წარმომავლობა ტერორიზმთან კავშირის ჭრილში.

ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.  მე-11 პრინციპის ჭრილში განმცხადებლის ძირითადი არგუმენტაცია მიმართული იყო „ჯეიმსთაუნის კვლევისა და ანალიზის ფონდის“ ე.წ. „რეპორტზე“. კერძოდ, განმცხადებელი აპელირებდა რომ „რეპორტში“ არ იყო დადასტურებული სახით იმაზე მითითება რომ ბოსტონის ცნობილი ტერაქტის შემოქმედის, ტამერლან ცარნაევის რადიკალიზაციაში წვლილი შეიტანა ისრაილ ახმედნაბიევმა. იმის გათვალისწინებით, რომ „რეპორტს“ იცნობდა ჟურნალისტი მაინც მტკიცებით ფორმაში განაცხადა რომ ცარნაევი იყო ახმედნაბიევის გავლენის ქვეშ, ეს განზრახვაზე მიუთითებს - აღნიშნავდა განმცხადებელი.

საბჭო ამ შემთხვევაში ვერ გაიზიარებს განმცხადებლის არგუმენტაციას შემდეგი არგუმენტაციით:

  1. თავად „რეპორტი“ არ არის სიუჟეტის მთავარი ხაზი, არამედ ერთ - ერთი დამატებითი გარემოებაა, და ამ გარემოების არასრულყოფილად გადმოცემა არ არის იმის საფუძველი, რომ საბჭომ მიიჩნიოს რომ ჟურნალისტი გაზრახ ავრცელებდა არასწორ ინფორმაციას. საბჭოს შთაბეჭდილება რჩება რომ პირველი პრინციპის დარღვევა გამოიწვია ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის გადაუმოწმებლობამ, არასრულყოფილად მოძიებამ.
  2. სიუჟეტი შეიცავს მეორე მხარის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერვიუსაც, სადაც იგი ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნავს რომ წყარო გაიხსნა თანხის გადახდის და არა „დამსახურებების“ სანაცვლოდ. ეს გარემოება, რომ ჟურნალისტმა ჩაწერა მეორე მხარეც, ასევე მიუთითებს რომ სახეზე არ იყო განზრახვა.

სარეზოლუციო ნაწილი:


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნატა მახვილაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ნატა მახვილაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-7 და მე-11 პრინციპი.