გადაწყვეტილებების ძიება

მედიის განვითარების ფონდი, საფარი, თამთა თოდაძე plus.kvira.ge და pia.ge არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ
11.01.2020

განმცხადებელი : მედიის განვითარების ფონდი, საფარი, თამთა თოდაძე;
მოპასუხე : plus.kvira.ge და pia.ge არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები;
დარღვეული პრინციპები : 10 პრინციპი;


08 ნოემბერი 2019 წელი

საქმე N 333 N 334

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ლაურა გოგოლაძე, ლიკა ზაკაშვილი, მაია მერკვილაძე კამილა მამედოვა, გელა მთივლიშვილი.

განმცხადებელი: მედიის განვითარების ფონდი, საფარი, თამთა თოდაძე

მოპასუხე: plus.kvira.ge და pia.ge არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს ორგანიზაციებმა მედიის განვითარების ფონდმა და საფარმა, ასევე ფიზიკურმა პირმა თამთა თოდაძემ. განმცხადებლები მიიჩნევდნენ რომ ვებ გვერდებზე plus.kvira.ge და pia.ge, 2019 წლის 07 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატიით „თამთა თოდაძის დედა წარსულში თაღლითობის ბრალდებით ნასამართლევია“ დაირღვა ქარტიის მე-10 პრინციპი.

განცხადების განხილვის თავისებურება:

გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

ქარტის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“. განცხადება საბჭოს მიერ განხილული იქნა აღნიშნული გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან ჩათვალა რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.

სტატიებზე მითითებული არ იყო ავტორი ჟურნალისტი, საბჭოს სამდივნომ მიმართა მედიასაშუალებებს რომ ეცნობებინათ სადავო სტატიებზე პასუხისმგებელი პირები, მაგრამ საბჭოსათვის არ იქნა აღნიშნული ინფორმაცია მოწოდებული და ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის მეათე პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“. სადავო სტატიების თანახმად  “თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრის, ილია ჯიშკარიანის ყოფილი თანაშემწის, თამთა თოდაძის დედა, ხათუნა (ნუნუ) ოქროპირიძე, 2009 წელს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა თაღლითობისა და გაყალბების ბრალდებით დააკავა. მან საპყრობილე რამდენიმე თვეში დატოვა და პირობითი მსჯავრი – 7 წელი ჰქონდა. 2016 წელს კი პირობითი მსჯავრის ვადა გაუვიდა”.

ცალსახაა რომ ჟურნალისტების მიერ გავრცელდა პირის პირადი ცხოვრების შესახებ ისეთი ინფორმაცია რომელიც თავისი ხასიათით არ წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას და ამის შესახებ იცოდა თავად ჟურნალისტმაც, რომელიც სტატიაში უთითებს რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს რომ „პირის ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია არაა საჯარო და მისი მოპოვება მხოლოდ აღნიშნული პირის წერილობითი თანხმობით არის შესაძლებელი“.

აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭოს უნდა შეეფასებინა რამდენად არსებობდა ზემოაღნიშნული ფაქტის მიმართ ობიექტური საზოგადოებრივი ინტერესი, რომ გამართლებულიყო ხათუნა [ნუნუ] ოქროპირიძის პირად ცხოვრებაში შეჭრა.

როგორც თავად სტატიაშია აღნიშნული, ხათუნა [ნუნუ] ოქროპირიძე არის თამთა თოდაძის დედა, თავის მხრივ თამთა თოდაძეს უკავშირდება ამბავი, რომელმაც საზოგადოების და მედიის ფართო ყურადღება მიიპყრო, კერძოდ, თამთა თოდაძემ საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი სექსუალური ხასიათის ძალადობრივ ქმედებაში დაადანაშაულა.

საბჭო აღნიშნავს რომ „საზოგადოებრივი ინტერესი“ შეფასების საგანია. ამასთან, ინტერესი არ ნიშნავს რომელიმე პირის სუბიექტურ სურვილს, რომ შეიტყოს სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია, არამედ ობიექტურად უნდა დადგინდეს რამდენად იყო საზოგადოებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიღება ხათუნა [ნუნუ] ოქროპირიძის ნასამართლეობის შესახებ, რა დამატებით ინფორმაციას აწვდიდა აუდიტორიას. როგორც აღინიშნა თამთა თოდაძე საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა მის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტის შემდეგ. ამასთან, ამ ფაქტთან არავითარი კავშირი არა აქვს მის მშობელს, ხათუნა [ნუნუ] ოქროპირიძეს, მით უფრო მშობლის წარსულში სავარაუდო ნასამართლეობის ფაქტს და შესაბამისად არ არსებობდა ობიექტური საზოგადოებრივი ინტერესი. ის ამბავი, რომ ხათუნა [ნუნუ] ოქროპირიძე შეიძლება წარსულში ნასამართლევი იყო, არავითარ დამატებით, ობიექტურად ღირებულ ინფორმაციას არ აწვდის საზოგადოებას თამთა თოდაძესთან დაკავშირებული ფაქტის შესახებ. შესაბამისად საბჭოს შეფასებით ნასამართლეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება არა საზოგადოების ინფორმირებას, ობიექტური ინტერესის დაკმაყოფილებას, არამედ თამთა თოდაძის მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნას უფრო მეტად ემსახურებოდა.

დამატებითი განმარტება:

pia.ge -ზე გამოქვეყნებულ სტატიაზე წყაროდ მითითებული იყო plus.kvira.ge. საბჭომ როგორც აღნიშნა საქმეში „საქართველოს უზენაესი სასამართლო მაია ფურცელაძის, marshalpress.ge, digest.pia.ge, exclusivenews.ge და resonancedaily.com არაიდენიტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ (2019 წელი)“, სხვა მედია საშუალებაზე, როგორც წყაროზე მითითება არც ერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს ინფორმაციის გამავრცელებელ მედიას ეთიკური ვალდებულებებისგან და ამ ვალდებულებების დაცვის მიზნით pia.ge მოვალე იყო შეეფასებინა plus.kvira.ge მიერ გავრცელებული ინფორმაციით რამდენად ხდებოდა პირის პირადი ცხოვრების ხელყოფა ობიექტური საზოგადოებრივი ინტერესის გარეშე. pia.ge -მ, plus.kvira.ge ის მასალის უცვლელი სახით კოპირებით იდენტურად დაარღვია ქარტიის მე-10 პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1.  plus.kvira.ge და pia.ge არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის მე-10 პრინციპი.