გადაწყვეტილებების ძიება

თეა დავაძე ნათია ტრაპაიძის და ჯეიჰუნ ნარზალოვის წინააღმდეგ
14.04.2019

დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
გადაწყვეტილება

28 მარტი 2019 წელი

საქმე N 268
თეა დავაძე ნათია ტრაპაიძის და ჯეიჰუნ ნარზალოვის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გელა მთივლიშვილი, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, გიორგი მგელაძე, თამარ უჩიძე. განმცხადებელი: თეა დავაძე

მოპასუხე: ნათია ტრაპაიძე და ჯეიჰუნ ნარზალოვი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თეა დავაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2019 წლის 16 მარტს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტში სათაურით „კომპრომატებით ომი თუ ანგარებით სექსუალური კავშირი - შსს "ოცნების" დეპუტატის საქმეს იძიებს“ დაირღვა ქარტიის პირველი და მე-3 პრინციპი. სიუჟეტის ავტორები და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტები არიან ნათია ტრაპაიძე და ჯეიჰუნ ნარზალოვი.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც საპასუხო პოზიცია არ წარმოუდგენიათ.

შენიშვნა: საქმის განხილვის დახურულ ნაწილში თვითაცილების საფუძველზე მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს წევრს კამილა მამედოვას, ვინაიდან განცხადება დაკავშირებული იყო იმ მედიასაშუალებასთან [სათემო რადიო „მარნეული“] რომელშიც დასაქმებულია იგი.

სამოტივაციო ნაწილი

სადავო სიუჟეტი ეხებოდა ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოს, რომლის თანახმად პარლამენტარი რუსლან გაჯიევი სქესობრივი ურთიერთობის სანაცვლოდ ვიდეოს ავტორს, ანარ ოროჯლუს, დასაქმებას დაჰპირდა . სიუჟეტი ასევე მოიცავდა ანარ ოროჯლუს ავტორობით მეორე ვიდეოს, სადაც ის პირველი ვიდეოს შინაარსს უარყოფდა და ამბობდა, რომ ხუმრობით ჩაწერა. ვიდეოებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტარმა რუსლან გაჯიევმა, რომელმაც უარყო ვიდეოს ავტორთან, ანარ ოროჯლუსთან, როგორც ნაცნობობა, ისე ბრალდება [დასაქმება სქესობრივი ურთიერთობის სანაცვლოდ]. მისი თქმით, ანარ ოროჯლუს შესახებ მხოლოდ ის იცის, რომ ის სათემო რადიო „მარნეულში“ მუშაობდა. სიუჟეტის ავტორმა ნათია ტრაპაიძემაც ვიდეოს ავტორი რადიოს ყოფილ თანამშრომლად მოიხსენია „ის [რუსლან გაჯიევი] ამბობს რომ მარნეულის რადიოს ყოფილი თანამშრომლის ხუმრობის არ სჯერა - თქვა მან“.

განმცხადებლის პრეტენზია მდგომარეობდა შემდეგში: „სიუჟეტის ავტორი არ აზუსტებს, რომ ვიდეოს ავტორი [ანარ ოროჯლუ] რადიო მარნეულში მუშაობის შემდეგ სხვა სამსახურში www.cmedia.ge -ზე დასაქმდა. სწორედ ამ საიტზე, მის ავტორობით დღემდე შენახულია პუბლიკაციები სახელით ანარ ტურან [ტურანი მისი შვილის სახელია]. აღნიშნული მედია საშუალება შეიქმნა 2017 წლის არჩევნებისთვის და ცალსახად იცავდა "ქართული ოცნების" ინტერესებს. არაოფიციალური დამფინანსებელი კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ“. „ამ შემთხვევაში რადიოს ხსენება არის ფონური ინფორმაცია, რომლიდანაც გამოდის, რომ დეპუტატს "ერჩის," დისკრედიტაციას ახდენს პირი, რომელიც რადიო "მარნეულში" მუშაობდა. რაც ხელს უწყობს რადიო "მარნეულის" დისკრედიტაციაში და პოლიტიკურ ძალებთან ასოცირებს.“

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

განმცხადებელმა დაუდასტურა ქარტიის საბჭოს, რომ ანარ ოროჯლუ ნამდვილად მუშაობდა რადიო მარნეულში, შესაბამისად მისი მოხსენიება რადიო მარნეულის ყოფილ თანამშრომლად არასწორი ფაქტი არ იყო. აქედან გამომდინარე პირველი პრინციპი არ დარღვეულა.

ქარტიის საბჭომ ასევე იმსჯელა მესამე პრინციპის ჭრილშიც, რომლის თანახმად “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია”. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტის ავტორმა ჯეიჰუნ ნარზალოვმა იცოდა რომ რადიო „მარნეულის“ შემდეგ ანარ ოროჯლუ მუშაობდა მედიასაშუალებაში www.cmedia.ge, რომელიც განმცხადებლის პოზიციით, ცალსახად იცავდა "ქართული ოცნების" ინტერესებს, ეს კი ჟურნალისტმა სპეციალურად არ აღნიშნა. სწორედ ამიტომ, განმცხადებლის თქმით, ანარ ოროჯლუს ასოცირება მოხდა მხოლოდ რადიო „მარნეულთან“, რითიც განხორციელდა რადიოს დისკრედიტაციაა ანუ რადიო „მარნეულს“ დაუკავშირდა ისეთი პირი, რომელიც სხვა პირს ჯერ სექსუალურ ზეწოლაში ადანაშაულებდა და შემდეგ უარყო ეს.

ქარტიის საბჭო არ მიიჩნევს, რომ ანარ ოროჯლუს შემდგომი სამსახურების არ დასახელებით მიიჩქმალა მნიშვნელოვანი ფაქტი. ნებისმიერი ორგანიზაცია, მათ შორის რადიო „მარნეული“ ატარებს რისკს, რომ მისი ყოფილი თანამშრომლის იდენტიფიცირებისათვის გამოიყენონ ეს ორგანიზაცია, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, რადიო „მარნეული“ უფრო ცნობილი აღმოჩნდება, ვიდრე პირის სხვა დამსაქმებელები. საბჭო აღნიშნავს, რომ სიუჟეტის მიზანი არ იყო ანარ ოროჯლუს პროფესიული გამოცდილების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ან კარიერასა და ვიდეოს გავრცელებას შორის კავშირის დადგენა. აღსანიშნავია, რომ მესამე პრინციპის ჩანაწერში „არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები“, სიტყვა „მნიშვნელოვანი“ მიემართება ფართო აუდიტორიას და არა კონკრეტულ პირს. იმის თქმა, რომ ანარ ოროჯლუ რადიო „მარნეულის“ შემდეგ მუშაობდა www.cmedia.ge-სთვის, შეიძლება მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ რადიო „მარნეულისთვის“, მაგრამ მაყურებელს დამატებით არავითარ ინფორმაციას არ აწვდიდა სიუჟეტის მთავარ ამბავზე, რომ ანარ ოროჯლუ დეპუტატს ანგარებით სექსუალურ კავშირში ადანაშაულებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ქარტიის მე-3 პრინციპი არ დარღვეულა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. ნათია ტრაპაიძეს და ჯეიჰუნ ნარზალოვს არ დაურღვევიათ ქარტიის პირველი და მე-3 პრინციპი.