გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ელმადდინ მამედოვი მარიკა გოცირიძის წინააღმდეგ
23.02.2019

დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
განმცხადებელი : ელმადდინ მამედოვი;
მოპასუხე : მარიკა გოცირიძე;

გადაწყვეტილება

13 თებერვალი 2019 წელი

საქმე N 251

ელმადდინ მამედოვი მარიკა გოცირიძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, გელა მთივლიშვილი, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ირმა ზოიძე, გიორგი სულაძე, მაია მერკვილაძე, თამუნა უჩიძე.

განმცხადებელი: ელმადდინ მამედოვი

მოპასუხე: მარიკა გოცირიძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ელმადდინ მამედოვმა, რომელიც მიიჩნევდა რომ 2019 წლის 02 თებერვალს, ტელეკომპანია “რუსთავი 2 ის” ეთერში, 15:00 საათიან გამოშვება “კურიერში” გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. სადავო მასალა ეხებოდა რუსთავის გზატკეცილზე ნარკორეალიზატორის დაკავების მიზნით ჩატარებულ სპეცოპერაციას. სიუჟეტის ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - მარიკა გოცირიძე.

საქმის განხილვის თავისებურება:

გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. სადავო სიუჟეტში ჟურნალისტი სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრისას პირდაპირ ეთერში ახსენებს და აკონკრეტებს სავარაუდო ნარკორეალიზატორის ეთნიკურ წარმომავლობას. განმცხადებლის პოზიციით, სახეზეა როგორც დისკრიმინაცია, ისე სტიგმატიზირება. ქარტიის მიერ შემუშავებული კრიმინალის გაშუქება – სახელმძღვანელო წესები თანახმად, „დაუშვებელია ბრალდებულის ეთნიკური, რელიგიური ან სხვა სახის იდენტობის დაკავშირება დანაშაულთან, ან მისი იდენტობის ხსენება, თუკი ის პირდაპირ არ უკავშირდება დანაშაულის მოტივს“, განსახილველ შემთხვევაში სავარაუდო დანაშაული იყო ნარკორეალიზაცია, რომელიც არ უკავშირდება რაიმე სახის იდენტობას. ეთნიკურ იდენტობაზე ხაზგასმით იზრდება სტიგმატიზირების საფრთხე/ალბათობა, რომ დანაშაულის ეს სახე - „ნარკორეალიზაცია“ დაუკავშირდეს რომელიმე ეთნიკურ ჯგუფს, რაც ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებისათვის მიუღებელია და იწვევს ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევას.

ქარტიის საბჭოს ასევე სურს ხაზი გაუსვას შემდეგ გარემოებას - სადავო სიუჟეტი განთავსდა ტელეკომპანია „რუსთავი 2 - ის“ ვებგვერდზე და თანდართული ტექსტში მითითებული იყო ბრალდებული პირის ეთნიკური წარმომავლობა. მალევე ტექსტი შესწორდა და ეთნიკური წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია ტექსტიდან ამოღებულია. მსგავსს ქცევას მიესალმება საბჭო და თვლის, რომ ამ ნაწილში ჟურნალისტმა პატივი სცა ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებს და შეასწორა დაშვებული შეცდომა. ამასთან თავად ვიდეო, რომელიც შეიცავს ჟურნალისტის ტექსტს ეთნიკური იდენტობაზე მითითებით, კვლავ განთავსებულია ვებზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. მარიკა გოცირიძემ დაარღვია ქარტიის მე -7 პრინციპი.