გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - გიგი თევზაძე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ
18.02.2019

გადაწყვეტილება

11 თებერვალი 2019 წელი

საქმე N 252 

გიგი თევზაძე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ

სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: გელა მთივლიშვილი, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ირმა ზოიძე, გიორგი სულაძე.

განმცხადებელი: გიგი თევზაძე

მოპასუხე: ნიკა გვარამია

აღწერილობითი ნაწილი 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიგი თევზაძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ 2019 წლის 03 თებერვალს, ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში, გადაცემა „კვირის აქცენტებში“, ამავე გადაცემის წამყვანმა ნიკა გვარამიამ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი. საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

გადაცემა „კვირის აქცენტების“ სადავო ნაწილი ეხებოდა განათლების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს, კერძოდ, გამოცდების წესში და სავალდებულო საგამოცდო საგნების ჩამონათვალში შეტანილ/დაგეგმილ ცვლილებებს. აღნიშნული საკითხზე ძირითადად ისაუბრა წამყვანმა ნიკა გვარამიამ, რომელიც კრიტიკულად იყო განწყობილი ცვლილებების მიმართ და აღნიშნავდა, რომ „არის სოფო გორგაძე, ხელმძღვანელი, რომელიც არ ვიცი კომუნიკაციაზე რატომ არ გამოდის, ვიცნობ არაჩვეულებრივად, ჩემს დროსაც მუშაობდა, ვიცი ზუსტად ეხლა რა ჯგუფია ეს ხომ, მოდი არც ვილაპარაკოთ, ეს არის სიკო ჯანაშია, ეს არის გიგი თევზაძე მათ შორის. ეს გავლენის ცენტრია მარტივად რომ ვთქვათ, სოფო გორგაძე მათი გავლენის ცენტრია, მე განათლების მინისტრი ვიყავი და ვიცი გავლენის ცენტრები როგორ არის გადანაწილებული განათლებაში და მათ შორის დღევანდელი მინისტრი არი ამ ადამიანების გავლენის ცენტრი“, „ვამბობ, რომ ცუდია [იგულისხმება გავლენის ცენტრის არსებობა] ?, არ ვამბობ რომ ცუდია, ფაქტს [იგულისხმება სიკო ჯანაშია, გიგი თევზაძე, სოფო გორგაძე, განათლების მინისტრი როგორც გავლენის ცენტრი] ვამბობ, ერთი გავლენის ცენტრია“. “ძალიან უცნაური ფენომენია ბატონი ბატიაშვილი [განათლების მინისტრი], გავლენის ცენტრი, რომელსაც ეკუთვნის გითხარით“.

აღნიშნული ეპიზოდიდან ცალსახაა, რომ ნიკა გვარამია ერთიანი ინტერესების მქონე ჯგუფად მოიხსენიებს სიკო ჯანაშიას, გიგი თევზაძეს, სოფო გორგაძეს და განათლების მინისტრს. მთლიანად ნიკა გვარამიას მსჯელობიდან კი იკვეთება რომ განათლების სისტემაში განხორციელებულ/დაგეგმილ ცვლილებებს იგი სწორედ ამ ჯგუფს უკავშირებს. განმცხადებელი აპელირებდა, რომ იგი თავს არ უკავშირებს არავითარ გავლენის ცენტრს და ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. განმცხადებლის თქმით, არ სურს რომ მას აკავშირებდნენ განათლების სფეროში განხორციელებულ/დაგეგმილ ცვლილებებთან.

საბჭომ ასევე იმსჯელა, ნიკა გვარამია განცხადება, რომ სიკო ჯანაშია, გიგი თევზაძე, სოფო გორგაძეს და განათლების მინისტრი ერთი გავლენის ცენტრია იყო მისი სუბიექტური შეფასება თუ ეს ინფორმაცია ფაქტად გაავრცელა. ამ შემთხვევაში საბჭო დაეყრდნო თავად ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც აღნიშნავს რომ ეს არის „ფაქტი“, ხოლო იმის გასამყარებლად, რომ ნიკა გვარამია სწორედ ის პერსონაა, რომელმაც შეიძლება ეს ფაქტი იცოდეს, ხაზი გაუსვა რომ „მე განათლების მინისტრი ვიყავი და ვიცი გავლენის ცენტრები როგორ არის გადანაწილებული განათლებაში“.

გადაცემაში საშუალება არ მისცემია არც ერთ დასახელებულ პირს, რომ კომენტარი გაეკეთებინა ნიკა გვარამიას პოზიციაზე, თავად ნიკა გვარამიას არ აღუნიშნავს რამე მტკიცებულება ან გარემოება, რომელიც „ფაქტს“ გაამყარებდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიამ პატივი არ სცა საზოგადოების უფლებას, მიეღო ზუსტი ინფორმაცია და შესაბამისად დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

საბჭო ქარტიის პირველ პრინციპთან ასევე შეუსაბამოდ მიიჩნევს ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ “საქართველოში, საუნივერსიტეტო კორუფცია არა თუ არ შეიძლება რომ დაბრუნდეს, ის ჯერჯერობით არსებობს კიდევაც“ არც ამ შემთხვევაში მიუთითებია თუ რის საფუძველზე თვლიდა, რომ კორუფცია არსებობს, ახდენდა რომელიმე კონკრეტული ფაქტის განზოგადებას თუ გულისხმობდა კორუფციას, როგორც საუნივერსიტეტო სფეროსათვის დამახასიათებელ მოვლენას. ასეთი ზოგადი, ფაქტებზე მითითების გარეშე განცხადების გაკეთება კორუფციაში ეჭვმიტანილად მოიაზრებს ყველა იმ პირს რომელიც დასაქმებული ან/და დაკავშირებულია საუნივერსიტეტო სფეროსთან.

საბჭომ ერთხელ უკვე განიხილა განცხადება გადაცემა „კვირის აქცენტებთან“ დაკავშირებით [საქმე დაჩი ცაგურია ნიკა გვარამიას წინააღმდეგ] სადაც მონაწილეობდა ნიკა გვარამია, რომელი საქმის განხილვის დროსაც მან აღნიშნა, რომ “კვირის აქცენტები” საავტორო გადაცემაა, რომლის ფორმატი განსხვავდება საინფორმაციო გამოშვების ფორმატისაგან და საავტორო გადაცემას არ შეიძლება ისეთივე სტანდარტები შეეფარდოს, როგორც საინფორმაციო გამოშვებას. საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს წინამდებარე გადაწყვეტილებაშიც გაიმეოროს ის არგუმენტაცია, რის საფუძველზეც არ დაეთანხმა ნიკა გვარამიას პოზიციას: „საავტორო გადაცემა, რა თქმა უნდა, განსხვავდება საინფორმაციო გამოშვებისაგან, მაგრამ არა ფაქტების სიზუსტის ნაწილში. საავტორო გადაცემის დროს მის ავტორს/წამყვანს აქვს უფრო მეტი თავისუფლება დააფიქსიროს თავისი პოზიცია, შეფასება, მხარი დაუჭიროს ამა თუ პირს/მოსაზრებას, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მიმდინარეობას, მაგრამ ვინაიდან საავტორო გადაცემის წაყვანა სრულად ჯდება ჟურნალისტურ საქმიანობაში, მის წამყვან ჟურნალისტს ეკისრება ეთიკური პასუხისმგებლობა, რომ გამიჯნოს ფაქტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ერთმანეთისაგან, ფაქტის სახით გაავრცელოს მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია, ანუ პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნიკა გვარამიამ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

საქმის მასალები: