გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - სოციალური მომსახურების სააგენტო დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ
24.10.2018

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : მარი წერეთელი;
მოპასუხე : დიტო წერეთელი;
გადაწყვეტილება

12 სექტემბერი 2018 წელი

საქმეზე N 208

სოციალური მომსახურების სააგენტო დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: გიორგი სულაძე, გელა მთივლიშვილი, მაია მამულაშვილი, თამუნა უჩიძე, ლიკა ზაკაშვილი

განმცხადებელი: სოციალური მომსახურების სააგენტო

მოპასუხე: დიტო ჩუბინიძე

აღწერილობითი ნაწილი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელიც მიიჩნევდა რომ გაზეთ ასავალ-დასავალის 2018 წლის 26 მარტის N 13 [1218] ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში „ღია წერილის პროლოგი საქართველოს ჯანდაცვის მონსტრის მოადგილეს ზაზა სოფრომაძეს“, დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3, მე-7 და მე-11 პრინციპი. სადავო სტატიის ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - დიტო ჩუბინიძე.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი - მარი წერეთელი, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც საპასუხო პოზიცია წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სტატიის თანახმად:

  1. სტატიაში მოხსენიებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი, რომლის ფოტო ასევე თან ახლავს სტატიას.
  2. სტატიის თანახმად, ზემოაღნიშნული მარი წერეთელი [სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროს] „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ირაკლი გიორგობიანის თანაშემწედ მუშაობდა.
  3. სტატია შეიცავს კორუფციულ ბრალდებებს ირაკლი გიორგობიანთან დაკავშირებით. ამასთან, მარი წერეთელი მოხსენიებულია როგორც ირაკლი გიორგობიანის მარჯვენა ხელი, „იდეური მიშარასტი“ და „სულით ნაცისტი“, ასევე აღნიშნულია, რომ ის „მიერთებული იყო წყეულ „კუდთან“ და თავისი გამხმარი მხრებით მავანთათვის უჩუმრად დაატარებდა და დღემდე დაატარებს ვანო მერაბიშვილის და თუ ავადსახსენებელი დათა ახალიას „პაგონებს“
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით საბჭომ დაადგინა:
  1. მარი წერეთელი [რომლის ფოტოც გამოყენებულია სტატიაში] ნამდვილად მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსად.
  2. მარი წერეთელი სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა 2014 წლის 26 მარტს.
  3. მარი წერეთელი 2005 წლის 18 ივლისს დაინიშნა სოციალური დახმარების და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ქ. თბილისის დიდუბე - ჩუღურეთის რაიონალური განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და მას არასოდეს უმუშავია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ირაკლი გიორგობიანის თანაშემწედ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა ჟურნალისტის მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროს მარი წერეთელთან დაკავშირებით, რითაც დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“. განმცხადებელმა მესამე პრინციპთან დაკავშირებითაც მიუთითა იმ არგუმენტაციაზე, რომლის საფუძველზეც დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღევა. თავის მხრივ საბჭომ ვერ მოიძია სადავო სტატიაში მე-3 პრინციპის დარღვევის დამადასტურებელი დამატებითი გარემოებები.

ქარტიის მე-7 პრინციპის მიხედვით “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. განმცხადებელმა მიუთითა, რომ სადავო სტატიაში არასწორი ინფორმაციის გავრცელებით სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის და ზოგადად სააგენტოს/სამინისტროს იმიჯი შეილახა და მოხდა დისკრედიტაცია. საბჭო აღნიშნავს, რომ მსგავსი არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა მართლაც გამოიწვიოს დისკრედიტაცია, მაგრამ ეს ვერ იქნება ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევის დადგენის საფუძველი, ვინაიდან მე-7 პრინციპი ფარავს დისკრიმინაციას/სიძულვილის ენას/სტიგმატიზაციას და არა დისკრედიტაციას..

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”, ქარტიის საბჭოს პოზიციით, იმისათვის, რომ დადგენილიყო განზრახვა, საჭირო იყო მოპასუხე ჟურნალისტთან დაკავშირება და განმარტებების მიღება. მიუხედავად საბჭოს სამდივნოს არაერთგზისი მცდელობისა, მოპასუხე ჟურნალისტთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შესაბამისად საბჭომ ვერ შეძლო მე-11 პრინციპის დარღვევის დასაბუთება. სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
  1. დიტო ჩუბინიძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. დიტო ჩუბინიძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-7 და მე-11 პრინციპი.