გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ნიკოლოზ ჩხარტიშვილი მიხეილ ჯანგიშერაშვილის წინააღმდეგ
11.07.2018

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : ნიკოლოზ ჩხარტიშვილი;
მოპასუხე : მიხეილ ჯანგიშერაშვილი;
გადაწყვეტილება

30 ივნისი, 2018 წელი

საქმეზე N 194 

ნიკოლოზ ჩხარტიშვილი მიხეილ ჯანგიშერაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, თამუნა უჩიძე, მაია მამულაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი.

განმცხადებელი: ნიკოლოზ ჩხარტიშვილი

მოპასუხე: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ვებსაიტზე primetime.ge გამოქვეყნებულ სტატიაში „სკანდალური ფაქტი თბილისის სკოლაში - სახელმძღვანელო, სადაც აფხაზეთი, სამაჩაბლო და ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია“ დაირღვა ქარტიის 1-ლი და მე-3 პრინციპი. სტატიის ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - მიხეილ ჯანგიშერაშვილი.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ძირითადად იყო ინტერვიუ რუსულენოვანი სკოლა „ინტელექტის“ მოსწავლის მშობელთან, რომელიც აღნიშნავდა, რომ აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესში გამოიყენება წიგნი, რომლის მიხედვით აფხაზეთი, სამაჩაბლო და ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია.

საბჭოს სხდომას დაესწრო განმცადებელი, მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც შეპასუხება არ წარმოუდგენია.

შენიშვნა: ქარტიის საბჭოს სხდომა გაიმართა 2018 წლის 27 მაისს, ხოლო გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო 2018 წლის 30 ივნისს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საბჭომ მოიპოვა დამატებითი მტკიცებულება, რომლის შესახებაც მითითებული იქნება სამოტივაციო ნაწილში.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის 1-ლი პრინციპის მიხედვით: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. სადავო სტატიაში რესპონდენტი უთითებდა, რომ მისი შვილს რუსულენოვან სკოლა „ინტელექტში“ ასწავლიდნენ წიგნით „Окружаюший Мир“, სადაც მითითებულია, რომ „აფხაზეთი, სამაჩაბლო და ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია“ . განმცხადებელმა სხდომის მიმდინარეობისას წარმოადგინა სადავო წიგნი და აღნიშნა, რომ ეს წიგნი არ არის სკოლის მიერ აღიარებული და სასწავლო პროცესში დაშვებული სახელმძღვანელო, რომ ის მშობელმა შეცდომით ან თავისი ინიციატივით შეიძინა. საბჭომ შეისწავლა წიგნი, სადაც 22-ე გვერდზე მართლაც არის რუსეთის ფედერაციის რუკა, რომლის ფოტოც ასევე გამოყენებულია სტატიაში. რუკას აქვს ბუნდოვანი კონტურები და ცალსახად არ მტკიცდება, რომ რუკის მიხედვით აფხაზეთი, სამაჩაბლო და ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია. 22- 23 გვერდებზე არსებულ ტექსტშიც არ არის მითითებული აღნიშნულის შესახებ. მოპასუხის პოზიცია, რომ რუკის შემცველი წიგნი სკოლის მიერ არ იყო აღიარებული და სასწავლო პროცესში არ გამოიყენებოდა, დამტკიცებული იქნა სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მონიტორინგის ჯგუფის დასკვნითაც [აღნიშნული დასკვნის მოპოვების მიზნით გადაიდო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება 27 მაისიდან 30 ივნისამდე]. თავად სტატიაში არის ინტერვიუ სკოლის წარმომადგენელთან [განმცხადებელ ნიკოლოზ ჩხარტიშვილთან], სადაც ის აღნიშნავს, რომ „სკოლაში არის შექმნილი სპეციალური საბჭო, რომელიც ამოწმებს ყველა წიგნს, რომელიც შემოდის სკოლაში და მხოლოდ ამის შემდგომ აძლევს რეკომენდაციას მოსწავლეებს. ამ მშობელმა ეს წიგნი არ მოიტანა სკოლაში შესამოწმებლად, მან საკუთარი სურვილით შეიძინა ის, ჰქონდა მთელი სემესტრის განმავლობაში სახლში, მას არ აქვს ინფორმაცია, როგორ მოწმდება სკოლაში ეს წიგნები, რადგან მშობელთა კრებაზეც არ მოსულა. შემდეგ კი დადო პოსტი ჩვენს გასაკრიტიკებლად, ჩვენ ამ მშობლისთვის რეკომენდაცია არ მიგვიცია“. მიუხედავად აღნიშნულისა ჟურნალისტმა მაინც მტკიცებით ფორმაში, ფაქტის სახით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის სკოლაში სასწავლო პროცესში გამოიყენებოდა წიგნი, რომლის თანახმად სადაც აფხაზეთი, სამაჩაბლო და ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია, რამაც გამოიწვია ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“. ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით განმცხადებელმა მიუთითა ის არგუმენტაცია, რომლის საფუძველზეც დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა, თავად საბჭომ დამოუკიდებელად შეაფასა სადავო სტატია და ვერ მოიძია ინფორმაციის მიჩქმალვის ან დოკუმენტის გაყალბების ფაქტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
  1. მიხეილ ჯანგიშერაშვილმა დაირღვა ქარტიის 1-ლი პრინციპი.
  2. მიხეილ ჯანგიშერაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 პრინციპი.
საქმის მასალები: