გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი არჩილ გამზარდიას წინააღმდეგ
17.03.2018

განმცხადებელი : ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი;
მოპასუხე : არჩილ გამზარდია;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: თამარ უჩიძე, ჯაბა ანანიძე, თაზო კუპრეიშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი.

განმცხადებელი: ა[ა]იპ ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი

მოპასუხე: არჩილ გამზარდია

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ა[ა]იპ ტრანსგენდერ ქალთა ცენტრმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2017 წლის 25 ოქტომბერს ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში გადაცემაში "ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან ერთად" დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. პასუხისმგებელი ჟურნალისტი - არჩილ გამზარდია. გადაცემის სადავო ნაწილი იყო დისკუსია, რომელიც ეხებოდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანის, გურამ კაშიას მიერ სამკლავურის გაკეთებას, ამ ქმედებით ის შეურთდა თანასწორობის კამპანიას, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნებოდა. დისკუსიაში სტუმრის სტატუსით მონაწილეობდნენ გიორგი გიგაური, მაგდა კლდიაშვილი, სანდრო ცნობილაძე და გია კორკოტაშვილი.

როგორც განმცხადებლის წარმომადგენელმა ნუგზარ ტატიშვილმა, ისე მოპასუხე არჩილ გამზარდიამ საბჭოს კითხვებს დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით უპასუხეს.

სამოტივაციო ნაწილი 
ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. განმცხადებელი აპელირებდა, რომ ჟურნალისტმა ხელი შეუწყო დისკრიმინაციის წახალისება/ტირაჟირებას, ვინაიდან მოწვეულ სტუმართაგან გიორგი გიგაური და გია კორკოტაშვილი ცნობილნი არიან თავიანთი ჰომოფობიური განწყობებით და სავარაუდო იყო, რომ ისინი კვლავ გამოიყენებდნენ ჰომოფობიურ გამონათქვამებს, ხოლო ჟურნალისტის ეთიკური ვალდებულება იყო განეჭვრიტა ეს და თავიდან აერიდებინა გადაცემაში მათი მონაწილეობა. საბჭო გაეცნო გადაცემას და ადასტურებს, რომ გიორგი გიგაურს და გია კორკოტაშვილს ნამდვილად მიეცა ლგბტ პირების დისკრიმინაციის საშუალება, მოიხსენიებდნენ რა ჰომოსექსუალ პირებს ავადმყოფებად და ა.შ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-7 პრინციპი. საბჭოს არა ერთხელ აღუნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის განხილვისას მნიშვნელოვანია შეფასდეს ყველა გარემოება და ჟურნალისტის დამოკიდებულება მისი ეთიკური ვალდებულებების მიმართ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას აღნიშნული მიდგომა იძენს მე-7 პრინციპის მიმართ, ვინაიდან მე-7 პრინციპის დაცვა დიდწილად დამოკიდებულია თავად ჟურნალისტის განწყობებზე, რამდენად არის ჟურნალისტი მგრძნობიარე დისკრიმინაციის მიმართ და რამდენად ცდილობს, რომ ყველა ღონე იხმაროს დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.

თავად გადაცემაში ცალსახად ჩანს მოპასუხე ჟურნალისტის, არჩილ გამზარდიას ტოლერანტული დამოკიდებულება ლგბტ პირების მიმართ. ხშირად იგი თავად უპირისპირდებოდა რესპონდენტთა ჰომოფობიურ პოზიციებს. საილუსტრაციოდ საბჭოს მოჰყავს შემდეგი მაგალითები:

  1. როდესაც რესპონდენტმა ჰომოსექსუალობა „ავადმყოფობად“ მოიხსენია, წამყვანმა მას მისცა შენიშვნა და შეახსენა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.
  2. გადაცემაში გურამ კაშიას მიერ სამკლავურის გაკეთებას დადებითად აფასებდა ორი სხვა რესპონდენტი - მაგდა კლდიაშვილი და სანდრო ცნობილაძე. გადაცემის მსვლელობისას გიორგი გიგაურმა მიმართა სანდრო ცნობილაძეს, თავად გაიკეთებდა თუ არა სამკლავურს, რაზეც დადებითი პასუხის გაცემას თავი აარიდა სანდრო ცნობილაძემ. კითხვა თავისი არსით პროვოკაციული ხასიათის იყო. ვინაიდან დადებითი პასუხი ვერ მიიღო, გიორგი გიგაურმა პასუხისგან თავის არიდება სირცხვილს დაუკავშირა, „ანუ გრცხვენია ჰო?“ რამდენჯერმე მიმართა მსგავსი ფრაზით სანდრო ცნობილაძეს. ამ დროს წამყვანმა არჩილ გამზარდიამ თქვა, რომ სამკლავურის გაკეთება არის წინააღმდეგობა ლგბტ პირების დისკრიმინაციის მიმართ, და იგი ამ მიზნით გაიკეთებდა სამკლავურს.

სატელეფონო საუბრისას არჩილ გამზარდიამ დაადასტურა, რომ იგი ეწინააღმდეგება ჰომოსექსუალი ადამინების ჩაგვრას და იზიარებს მათ მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებას.

შესაბამისად საბჭო მიიჩნევს, რომ თავად ჟურნალისტი გადაცემის მსვლელობისას არ იზიარებდა რესპონდენტთა დისკრიმინაციულ პოზიციებს და რამდენჯერმე გაემიჯნა მათ.

ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ შემდეგი რეკომენდაციით მიმართოს როგორც მოპასუხე, ისე ყველა ჟურნალისტს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპები. რესპონდენტთა შერჩევისას აუცილებელია წინასწარ იქნას გათვალისწინებული რამდენად მოსალოდნელია მათ მიერ დისკრიმინაციული მიდგომების ტირაჟირება და მაქსიმალურად თავი შეიკავოს მათი დისკრიმინაციული პოზიციების გასაჯაროების ხელშეწყობისაგან. თუ ასეთი პირების მოწვევა გარდაუვალი აუცილებლობაა [მაგალითად მონაწილეობენ ისეთ პროცესებში, რომელთა მიმართაც არის საზოგადოების ობიექტური ინტერესი და არ არსებობს სხვა ალტერნატიული და რელევანტური რესპონდენტი], ყველა ღონე იხმაროს, რომ მას საშუალება არ მიეცეს დისკრიმინაციის ტირაჟირებისათვის. ეს შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას როგორც შეზღუდული ქრონომეტრაჟით, ისე ცალსახა გამიჯვნით დისკრიმინაციისაგან, კითხვებით და გადაცემის დაგეგმვისას აქცენტი უნდა გაკეთდეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე და არა რესპონდენტთა დისკრიმინაციული პოზიციების გავრცელებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. არჩილ გამზარდიას არ დაურღვევია ქარტიის მე-7 პრინციპი.

სადავო მასალა