გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - თინა ცომაია და ნინო ივანიშვილი მაკა ცინცაძის წინააღმდეგ
29.04.2025

განმცხადებელი : თინა ცომაია; ნინო ივანიშვილი;
მოპასუხე : მაკა ცინცაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი; 11 პრინციპი;

25 იანვარი, 2025 წელი

 

 

საქმე N-773

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

 

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, თიკო დავაძე, ირაკლი მსხილაძე.

 

 

აღწერილობითი ნაწილი

 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს თინა ცომაიამ და ნინო ივანიშვილმა ტელეკომპანია “პირველი არხის” წამყვანის, მაკა ცინცაძის, წინააღმდეგ.

 

მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.

 

 

საქმის განხილვის თავისებურებები

 

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ჰიბრიდულ ფორმატში. სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი თინა ცომაია.

 

სხდომაში მოპასუხე მხარეს მონაწილეობა არ მიუღია.

 

 

სამოტივაციო ნაწილი

 

 

სადავო მასალა:

 

სადავო გადაცემა - “მოამბის საგანგებო ეთერი”, “პირველ არხზე” 2024 წლის 15 დეკემბერს გავიდა.

 

განმცხადებლების მხრიდან სადავოდ იყო გამხდარი რესპონდენტ ირაკლი ფიფიასთან დისკუსიაში წამყვანის გამონათქვამები და შეფასებები.

 

გადაცემაში მარინე ჩიტაშვილთან ერთად მიწვეული იყო ირაკლი ფიფია, როგორც დაზარალებული, რომელსაც პოლიცია, აქციაზე დაკავების შემდეგ, ფიზიკურად გაუსწორდა. გადაცემაში მას სწორედ ამ ამბავზე უნდა ესაუბრა.

 

 

მაკა ცინცაძის სადავო ფრაზები:

 

ირაკლი ფიფია ჰყვებოდა მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ და ხსნიდა, თუ რატომ იყო აქციაზე. ის ამბობს: “სწორედ ევროპული საზოგადოებები და სწორედ შეერთებული შტატების USAID-ის პროექტები იყო, რომელმაც ჯვრის მონასტერი გადაარჩინა, რომელმაც ჯრუჭის ოთხთავი გადაარჩინა…”

 

წამყვანი პასუხობს: ”ირაკლი, ფასეულობებზე აუცილებლად ვრცლად უნდა ვისაუბროთ...”

 

ირაკლი ფიფიას პასუხმა, რომ ამაზე უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო საუბარი, გამოიწვია წამყვანის გაღიზიანება, რასაც შემდგომ, დიალოგში, მოჰყვა წამყვანის შემდეგი ფრაზები:

 

ნუ ვაკადრებთ ტყუილებს ჩვენს მაყურებელს”;

 

“ყველა ვემიჯნებით ძალადობას, ეს იქნება თქვენი მისამართით, თუ ეს იქნება, მათ შორის, პოლიციელების მისამართით, რაც თქვენ არ მოგეწონებათ”;

 

“არასერიოზულია, ძალიან არასერიოზულია”;

 

ეს არ არის სიმართლე. ეს არის აბსოლუტური ტყუილი”;

 

“თუ თქვენ არ გაქვთ ნანახი ამ დრომდე, ეს ჩემი პრობლემა არ არის”;

 

“როგორც ჩანს, არ უყურებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს. მონიტორინგს აწარმოებთ?”;

 

“ისევე როგორც ჩვენ გაფინანსებთ ჩვენი ჯიბეებიდან, როდესაც მუშაობთ სხვადასხვა უწყებებში“;

 

არა! არ დაასრულებთ! მე გკითხავთ და პარალელურ რეჟიმში გააგრძელებთ!”;

 

„იმყოფებით ჩემთან სტუდიაში!“;

 

“ესეც უნდა იცოდეს ჩემმა მაყურებელმა, აუცილებლად, მათ შორის, დღეს თქვენმა მაყურებელმაც”;

 

“შავი სიები ჰქონდათ, მოგვეცით სიები, შავი სიები, მაინტერესებს თქვენი სიებიც, რა”;

 

“პარალელურ რეჟიმში მეუბნებით, რომ ევროპისკენ მიდიხართ?!”;

 

“გასაგებია, ბატონო, ვგმობთ ამ ძალადობას”;

 

“ეს ფორმატიც არ მომწონს”;

 

“ირაკლი კობახიძეს აქვს არაერთი განცხადება გაკეთებული, რომ მზად იყო, ნებისმიერ ჯგუფს… შინაარსში რომ არ შედიოდით, თქვენ არ იყავით?!”;

 

“პრობლემა არ არის ის, რომ მლანძღოთ”;

 

“არ მომწონს, ის რასაც ჰყვებით, ასევე არ მომწონს მამა შალვასთან რომ მივიდა გარკვეული ჯგუფი”.

 

 

პირველი პრინციპი

 

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო გადაცემაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ გადაცემაში მაკა ცინცაძის მხრიდან

 

მრავალგზის იყო წახალისებული ძალადობა, როდესაც ის თავისუფალი მოქალაქეების წამებას ტოლობის ნიშანს უსვამდა პოლიციელების მიმართ დაუდასტურებელი ძალადობის შემთხვევებს (აღსანიშნავია, რომ ამ გადაცემაში მას არც ერთი ფაქტი არ მოუყვანია, სადაც ჩანდა პოლიციელების მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა). მაკა ცინცაძემ წარმოაჩინა თავისი თავი პირველი არხის” დამცველად, როდესაც ის ხოტბას ასხამდა არხს და მის ადმინისტრაციას, მაშინ როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, და განსაკუთრებით ჟურნალისტები, პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან თავისუფალი უნდა იყვნენ.”

 

 

 

განსახილველი გადაცემა ეთერში გავიდა იმ დროს, როცა  საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა და სადაც ერთ-ერთი მოთხოვნა სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილისთვის ეთერის გახსნა იყო, რომელიც ,,ქართული ოცნების”  ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებდა.
ამ კონტექსტით შეირჩნენ ამ გადაცემის სტუმრები, მათ შორის ანთროპოლოგი ირაკლი ფიფია. სპეციალური ეთერის სტუმრებს მაუწყებელს იმ დროს საინიციატივო ჯგუფი სთავაზობდა.

 

ჯგუფის გაცხადებული მიზანი იყო, რომ აუდიტორიას ხალხის კუთვნილი და დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან  საპროტექსტო აქციის შესახებ ვრცელი და ამომწურავი ინფორმაცია მიეღო.


ქარტიის საბჭოს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ჟურნალისტმა მაკა ცინცაძემ სტუმრის ვინაობა ეთერამდე რამდენიმე საათით ადრე იცოდა.

 

ირაკლი ფიფია ამ ეთერამდე თითქმის ორი კვირით ადრე, 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე საპროტექსტო აქციებში მონაწილეობის დროს დააკავეს და, როგორც თვითონ ჰყვებოდა, სამართალდამცავებმა გაძარცვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

მაკა ცინცაძის ეთერამდე ფიფიას მისი ცემის შესახებ სხვადასხვა მედია საშუალებებისთვის ჰქონდა მონათხრობი და ინტერნეტში იძებნებოდა ფოტოები, სადაც მის სხეულზე მძიმე დაზიანებების კვალიც ჩანს.


ამ გარემოებების გაცნობით, საბჭო დარწმუნდა, რომ მაკა ცინცაძეს, დაინტერესების შემთხვევაში, შეეძლო გადაცემის ეთერში გასვლამდე მოეძიებინა ინფორმაცია ირაკლი ფიფიას დაკავების შესახებ, რათა საკუთარი აუდიტორიისთვის მაქსიმალურად მრავალმხრივი, გადამოწმებული ინფორმაცია მიეწოდებინა.

ნაცვლად ამისა, მაკა ცინცაძემ პატივი არ სცა საკუთარ აუდიტორიას, მაყურებელს ფიფიას შესახებ არანაირი დამატებითი ინფორმაცია (ფოტოები, კადრები) არ შესთავაზა და კონფლიქტში, დაპირისპირებაში შევიდა სტუმართან.

მისი კითხვები იყო ცინიკური, არარელევანტური და შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი კი არა, ხელისუფლების წარმომადგენელი ოპონირებდა განსხვავებული აზრის მქონე სტუმართან.

 

წამყვანმა არ სცადა, დაეკმაყოფილებინა მაყურებლის ინტერესი სტუმრის საქმესთან დაკაშირებით, არ დასვა ელემენტარული შეკითხვები - დაიწყო თუ არა გამოძიება მის მიმართ სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტებაზე, მიანიჭეს თუ არა მას დაზარალებულის სტატუსი, ჩაუტარდა თუ არა მას სამედიცინო ექსპერტიზა და რა ხარისხის დაზიანებები დაუდასტურდა, დაუბრუნეს თუ არა მას წართმეული ნივთები, შეეძლო თუ არა მას მოძალადე პოლიციელების ამოცნობა და ა.შ.

 

გადაცემის წამყვანმა გადაცემის განმავლობაში, რომელიც საათი და 13 წუთი გრძელდებოდა, არ აჩვენა ფიფიას ანდა  აქციებზე დაშავებული სხვა მოქალაქეების ფოტო და ვიდეო მასალა. არადა, იმ დროისთვის დაახლოებით 100-მდე პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა დააკავეს.

 

გადაცემის წამყვანმა აუდიტორიას არ მიაწოდა ინფორმაცია ხელისუფლების ქმედებების შესახებ. წამყვანს გადაცემის დაწყებამდეც შეეძლო მოეგროვებინა ინფორმაცია სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და მიმდინარეობის შესახებ, დაეზუსტებინა, შეუჩერდა თუ არა სამსახურებრივი უფლებამოსილება რომელიმე სამართალდამცავს იმ ფონზე, როცა ათეულობით მოქალაქე ჰყვებოდა, რომ დაკავების შემდეგ სამართალდამცავები მათ მანქანებში უსწორდებოდნენ.

 

ამ და სხვა გარემოებების დაზუსტების ნაცვლად, გადაცემის წამყვანი ,,თავს დაესხა” სტუმარს და გადაცემის დიდი ნაწილი “საქმის გარჩევის” ფორმატში წაიყვანა. წამყვანი სტუმარს უმტკიცებდა, რომ “პირველი არხი” ინფორმაციას პროტესტის, ევროპული და ამერიკული დახმარებების შესახებ პირუთვნელად აშუქებდა, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე წყარო, მტკიცებულება, გარდა საკუთარი შეფასებებისა, აუდიტორიისთვის არ მიუწოდებია.

 
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიმართ სტუმრის მხრიდან გამოხატულმა კრიტიკამ წამყვანის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც მისი აგრესიული ტონი და მიმართვა დაერთო.

წამყვანმა ფიფია ტყუილში დაადანაშაულა ისე, რომ საკუთარი მაყურებლისთვის არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ სტუმარი ცრუობდა.

 

ამ ყველაფრის ფონზე, იმის ნაცვლად, რომ ირაკლი ფიფიას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ესაუბრა, გადაცემა მეტწილად “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საქმიანობის შესახებ კამათს მიეძღვნა.

 

ნეიტრალური მაყურებლისთვის გადაცემა არ ქმნის ცხად და ამომწურავ სურათს ირაკლი ფიფიას მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ. წამყვანმა მისი პრობლემა არ წარმოაჩინა სრულად და სათანადოდ არ მიიტანა ფიფიას ამბავი მაყურებლამდე. ამის ნაცვლად, ის აგრესიულ ფორმატში უწევდა ოპონირებას რესპონდენტს და აწყვეტინებდა საუბარს შემდეგი სიტყვებით: არა! არ დაასრულებთ! მე გკითხავთ და პარალელურ რეჟიმში გააგრძელებთ!” „იმყოფებით ჩემთან სტუდიაში!“.

 

გადაცემაში ცალსახად იკვეთება, რომ წამყვანი მიკერძოებულია, ის არ არის ობიექტური და რესპონდენტთან დიალოგისას კონკრეტულ მხარეს წარმოადგენს. მაკა ცინცაძე აქტიურად აჟღერებდა “ქართული ოცნების” ნარატივებს და მესიჯებს, რომლებიც მიმდინარე აქციებისა და პროტესტის დემონიზებას ემსახურება და იყენებდა მათ ტერმინოლოგიას. კერძოდ, ის ამბობს: “პარალელურ რეჟიმში მეუბნებით, რომ ევროპისკენ მიდიხართ?!”;

 

“ირაკლი კობახიძეს აქვს არა ერთი განცხადება გაკეთებული, რომ მზად იყო, ნებისმიერ ჯგუფს… შინაარსში რომ არ შედიოდით თქვენ არ იყავით?!”;

 

ამ განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს მისი შემდეგი სიტყვები: “ყველა ვემიჯნებით ძალადობას, ეს იქნება თქვენი მისამართით, თუ ეს იქნება, მათ შორის, პოლიციელების მისამართით, რაც თქვენ არ მოგეწონებათ”;

 

“ესეც უნდა იცოდეს ჩემმა მაყურებელმა აუცილებლად, მათ შორის, დღეს თქვენმა მაყურებელმაც.”

 

წამყვანის ამ ფრაზებიდან ნათლად ჩანს, რომ ის ნეიტრალურობის ვალდებულებას  არღვევს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მიკერძოებული და აგრესიული პოზიციით, არასრული და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდებით, მაკა ცინცაძემ აუდიტორიას არ სცა პატივი და ქარტიის პირველი, სიზუსტის, პრინციპი დაარღვია.

 

 

მეშვიდე პრინციპი.

 

“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

 

განცხადებაში გამოხატული პოზიციის თანახმად, როცა წამყვანი რესპონდენტს განუწყვეტლივ აწყვეტინებდა და მატყუარას” უწოდებდა, ირიბად სხვა დაზარალებულებსაც უგზავნიდა გზავნილს, რომ ისინიც მატყუარები არიან.

 
მაკა ცინცაძემ გადალახა პიროვნების პატივისცემის საზღვრები, როდესაც ეპაექრებოდა ამ ეთერის სტუმარს, დაზარალებულ ირაკლი ფიფიას, და არ აძლევდა საშუალებას, თავისუფლად გამოეხატა აზრი. მან ვერ მოახერხა რესპონდენტისთვის თავისუფალი სასაუბრო გარემოს შექმნა, რესპონდენტის გამოცდილების დადებით ასპექტებზე ფოკუსირება. პირიქით, მტრული გარემო შექმნა რესპონდენტისათვის იმით, რომ ხმას აუწია, “მატყუარა” უწოდა რესპონდენტს, არ დააცადა აზრის გამოხატვა და ჩაითრია შეურაცხმყოფელ დისკუსიაში. სავარაუდოდ, ამ დროს ის არ ფიქრობდა რესპონდენტის რეტრავმატიზაციის რისკზე.”

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. მსგავსი სახით საკითხის გაშუქება იწვევს ძალადობის მსხვერპლთა დისკრიმინაციას და ხელს უწყობს მათ სტიგმატიზაციას.

 

პირდაპირი დისკრიმინაციის ერთ-ერთი გამოხატულებაა ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს.

 

ფრაზებით: “ყველა ვემიჯნებით ძალადობას, ეს იქნება თქვენი მისამართით, თუ ეს იქნება, მათ შორის, პოლიციელების მისამართით, რაც თქვენ არ მოგეწონებათ” და “გასაგებია ბატონო, ვგმობთ ამ ძალადობას” - წამყვანი ცდილობს, წამების მსხვერპლი მშვიდობიანი მოქალაქეები გააიგივოს პოლიციელებთან, რომლებიც შესაბამისი სპეციალური აღჭურვილობით, შესაბამისი ფიზიკური მომზადებით გამოდიან აქციაზე საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად და შემდეგ სცემენ მოქალაქეებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უკვე დაკავებულები, შებოჭილები არიან და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ.

 

გადაცემის წამყვანი ამ რეალობაში ერთ სიბრტყეზე აყენებს აქციის მონაწილეთა და სამართალდამცავების ქმედებებს და ორივე მხრიდან ძალადობის დაგმობაზე საუბრობს, რაც სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი მძიმე დანაშაულების გაუბრალოებას ემსახურება.


წამყვანი ცდილობს, გაათანაბროს დაშავებული ათეულობით მოქალაქის და პოლიციელის ქმედებების სიმძიმე. ეს იმ ფონზე, როდესაც არცერთი მოძალადე სამართალდამცავი დასჯილი არ არის.


წამყვანი მისი ეთერში ქცევით, ფრაზებით, ტონით საფრთხის შემცველ გზავნილს უგზავნის იმ ადამიანებს, რომლებიც, ირაკლი ფიფიას მსგავსად, არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ და მათი შემთხვევის ობიექტურ გამოძიებას უშედეგოდ ითხოვენ.

 

საერთაშორისო ორგანიზაციები პროევროპული აქციების დროს პოლიციელების ძალადობას მოქალაქეებზე წამებად აფასებენ და აღიარებენ.

 

ძალადობისა და წამების მსხვერპლი ხშირად შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოებისაგან სტიგმატიზებული, რაც მასში სულიერ ტანჯვას იწვევს და აღვიძებს განცდილ ემოციებს. დღეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილში გავრცელებული მიკერძოებული დამოკიდებულებები, რომლებიც მსხვერპლთა რეაბილიტაციას ეწინააღმდეგება, ხშირად დაზარალებულთა იზოლაციას და მათ გარიყვას იწვევს. ადამიანები ხშირად მსხვერპლს დამნაშავედ აღიქვამენ, მას ბრალს სდებენ იმაში, რომ თავის დაცვა ვერ შეძლო ან სისუსტე გამოიჩინა და ძალადობის მიზეზს მასში ეძებენ.

 

ამ ფონზე მედიას კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, საზოგადოებას ისე მიაწოდოს ინფორმაცია, რომ არ გამოიწვიოს ძალადობისა და წამების მსხვერპლის სტიგმატიზაცია, არ შეუწყოს ხელი მის დისკრიმინაციას და ის სიძულვილის სამიზნედ არ  აქციოს. ჟურნალისტი სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული და იცოდეს, როგორ წარმართოს ინტერვიუ წამების მსხვერპლთან ისე, რომ არ გამოიწვიოს მისი რეტრავმირება. სიძულვილის ენასთან ბრძოლის სახელმძღვანელო წესები მედიისთვის ერთ-ერთ ამოსავალ პრინციპად ადგენს, რომ “მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, ხელი არ შეუწყონ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის წახალისებას.”

 

გადაცემაში ნათლად ჩანს, რომ მაკა ცინცაძე გაღიზიანებულია რესპონდენტის მხრიდან მაუწყებლის კრიტიკით, რის გამოც ის აგრესიას გამოხატავს ირაკლი ფიფიას მიმართ და მას თავდაცვის რეჟიმში ყოფნას აიძულებს. ამ ქცევით ის მტრულ გარემოს ქმნის ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც, ფიფიას მსგავსად, სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ და შესაძლოა არ მოწონდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა..


მათ, შესაძლოა, აღარ გაუჩნდეთ  სურვილი, მივიდნენ გადაცემებში და ჟურნალისტებს და მაყურებელს საკუთარი ამბავი გაუზიარონ.

 

საბჭოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მედია, შესაძლოა, მარტივად გახდეს სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე არ იფიქრებს. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საინფორმაციო ქმედებებით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული ირაციონალური განწყობებისა და ზიზღის წინააღმდეგ ბრძოლას.

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მაკა ცინცაძემ მის მიერ რესპონდენტის მიმართ გამოხატული პოზიციითა და დამოკიდებულებით ხელი შეუწყო სამართალდამცავთა მიერ აქციებზე დაზარალებული მოქალაქეების დისკრიმინაციას და მათ სტიგმატიზაციას.

რითიც მან დაარღვია ქარტიის  მეშვიდე პრინციპი.

 

 

 

მეთერთმეტე პრინციპი.

 

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

განმცხადებლები უთითებენ, რომ “იმ დროს, როდესაც მისი რესპონდენტი, ირაკლი ფიფია, საუბრობდა სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ გამოხატულ მძიმე დანაშაულსა და სისასტიკეზე, ნაცვლად იმისა, რომ ჟურნალისტს რესპონდენტისთვის მოესმინა და სხვა მტკიცებულებებით გაემყარებინა საუბარი, ის, მიკერძოებულად, რესპონდენტს ტყუილში ადანაშაულებდა.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტებში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად ჩაითვლება,

როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 

  1. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 

  1. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა, რაც მოხდა კიდეც მოცემულ შემთხვევაში. საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.


საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მე-11 პრინციპიც დარღვეულია.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ მაკა ცინცაძის ქმედებები არ არის მხოლოდ უნებლიე ჟურნალისტური შეცდომა და მასში განზრახულ მოქმედებას ხედავს.

 

საბჭომ ზემოთ უკვე დაადგინა, რომ წამყვანი არ იყო ობიექტური და ის მაუწყებლის წინააღმდეგ გამოხატული კრიტიკული აზრის ჩახშობას ცდილობდა. ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამძაფრებს მისი ქმედებები, როდესაც ის ირაკლი ფიფიას სათქმელს აგრესიულად აწყვეტინებს.

 

მისი მიზანია, არ მივიდეს მაყურებლამდე რესპონდენტის ამბავი, ვინაიდან, როგორც თავადაც ამბობს, მას ეს ფორმატი არ მოსწონს:

“ეს ფორმატიც არ მომწონს”  - არ მოსწონს შერჩეული სტუმრები და ამ ფორმით გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას. ეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა იმ ფონზე, როდესაც დღეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში აღარ ისმის პროტესტის ხმა და საგანგებო ეთერი შეწყვეტილია.

 

მაკა ცინცაძე აქტიურად შედის დებატებში რესპონდენტთან და უპირისპირდება მას, როგორც ოპონენტს. ის, ნაცვლად იმისა, რომ რესპონდენტის ამბავს მოუსმინოს, აგრესიულ ფორმატში აგრძელებს ეთერს. წამყვანი კონკრეტული ფრაზებით მიზანმიმართულად ცდილობს, ირაკლი ფიფიას არგუმენტები გაანეიტრალოს და საკუთარი მესიჯები გაავრცელოს:

“ისევე როგორც ჩვენ გაფინანსებთ ჩვენი ჯიბეებიდან, როდესაც მუშაობთ სხვადასხვა უწყებებში“;

“არ მომწონს ის, რასაც ჰყვებით, ასევე არ მომწონს მამა შალვასთან რომ მივიდა გარკვეული ჯგუფი”;

 

“ირაკლი კობახიძეს აქვს არაერთი განცხადება გაკეთებული, რომ მზად იყო, ნებისმიერ ჯგუფს… შინაარსში რომ არ შედიოდით, თქვენ არ იყავით?!”

 

 

გადაცემის წამყვანი აუდიტორიას უმალავს, არ აწვდის სრულ ინფორმაციას აქციებზე მოქალაქეების დაშავების და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების შესახებ.


მაკა ცინცაძე არ სვამს კრიტიკულ შეკითხვებს ხელისუფლების, სამართალდამცავი სისტემის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის შესახებ.

 

წამყვანი აუდიტორიას არ უჩვენებს აქციაზე დაშავებული ირაკლი ფიფიას და სხვა მოქალაქეების მძიმე დაზიანების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას.

 

მაკა ცინცაძე, როგორც ზემოთაც არერთხელ აღინიშნა, განსახილველ გადაცემაში იქცევა როგორც მხარე, ის არ არის ნეიტრალური და მიზანმიმართულად ცდილობს “ქართული ოცნების” მესიჯებისა და ნარატივების გავრცელებას.

 

გადაცემის წამყვანის გზავნილების შინაარსი თანხვედრაშია “ქართული ოცნების” ხელისუფლების იმდროინდელ გზავნილებთან და საბჭოსთვის აშკარაა, რომ ის ამას აკეთებს განზრახ და მიზანმიმართულად.

 

ყოველივე ამის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მაკა ცინცაძემ ქარტიის მე-11 პრინციპიც დაარღვია.

 

 

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

მაკა ცინცაძემ ქარტიის პირველი, მეშვიდე და მე-11 პრინციპები დაარღვია.

 

 

 

განცხადება

 

სადავო მასალა

 

დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია წამების შესახებ