სიახლეები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ რადიო იმედის, ტელეკომპანია იმედის და იმედი ნიუსის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია შპს სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი (რადიო ჰერეთი, რადიო თბილისი, რადიო ციტრუსი). 

სადავო მასალები 2022 წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლების პოზიციით, მედიაპროდუქტებში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

06.11.2022

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი დარტყმაა თავისუფალ მედიაზე.

2022 წლის 2 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ისე, რომ განმარტებები არ გაუკეთებია და მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლა, რომ სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

2019 წლის 19 აპრილს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მრჩეველთა საბჭომ დირექტორს - ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა და დაკავებული პოზიციიდან გადააყენა. აჭარის ტელევიზიაში არსებული პროგრესის ფონზე, უსაფუძვლო იმპიჩმენტმა ბევრი კითხვა გააჩინა.

ახალი მენეჯმენტის მიერ კრიტიკული ჟურნალისტების მიზანმიმართულმა დევნამ კი ცხადი გახადა, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავდა მიზნად. საბჭოს გადაწყვეტილება ნათია კაპანაძემ სასამართლოში გაასაჩივრა. 2022 წლის 6 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ნათია კაპანაძე სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ფარგლებში დავობდა მაუწყებლის საბჭოს მიერ გარემოებების არასათანადოდ გამოკვლევის გამო.

საყურადღებოა, რომ სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მისი პოზიცია და 17 გარემოებიდან 11 გარემოების ნაწილში ჩათვალა, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პოზიცია იყო დაუსაბუთებელი და არ ემყარებოდა კონკრეტული ფაქტების ანალიზსა და ობიექტურ შეფასებას, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 5 გარემოებაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება არ დაეკმაყოფილებინა კაპანაძის სარჩელი.

ნათია კაპანაძის ინტერესებს სასამართლოში იცავდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. როგორც საიას, ასევე მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციების შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლება ზღუდავს მედიის თავისუფლებას, ხოლო სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობა პრობლემურია.

ვფიქრობთ, მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების მცდელობის ფონზე, კიდევ უფრო გვაშორებს ევროპულ მომავალს.

04.11.2022

2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორის, ამჟამად „მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე და გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და სახალხო დამცველის სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მიხედვით, გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს. შესაბამისად, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი, როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ხელმძღვანელის დასჯას ემსახურება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მისაღებად დაწესებულ მოთხოვნებს პლურალისტული მედიაგარემოსა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შესახებ. ნიკა გვარამიას საქმე მოხვდა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ბუნდოვანი გადახადა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.

არსებულ კრიტიკულ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია და დადებითი როლი შეასრულოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში.

02.11.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 3 ნოემბერს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე -  სოციალურ მუშაკთა გაერთიანება „მთავარი არხის" ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის წინაღმდეგ

სადავო მედიაპროდუქტი 2022 წლის 21 სექტემბერს გავიდა ეთერში.

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა და არ გადაამოწმა ორ წყაროსთან. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. 

დამატება (2.11.2022): ქარტიის საბჭო 3 ნოემბერს, 19:30 საათზე ასევე განიხილავს საქმეს ანასტასია ლოსაბერიძე ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტის სოფიო ბეროშვილის წინააღმდეგ. 

განმცხადებლების პოზიციით, მედიაპროდუქტში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა და სიუჟეტის მომზადების დროს კი მას არავინ დაკავშირებია. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

31.10.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა „ჩვენი ოჯახის” წამყვანების გია ჯაჯანიძეს და ნანიკო ხაზარაძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია გურამ კახაძე.  

სადავო მასალა 2022 წლის 30 ოქტომბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლების პოზიციით, გადაცემის წამყვანებმა ხელი შეუწყვეს დისკრიმინაციის წახალისებას, რადგან არ გაემიჯნენ სტუმრის მიერ გაკეთებულ არატოლერანტულ განცხადებას. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

დამატება (01.11.2022): აღნიშნულ მედიაპროდუქტზე ქარტიას ასევე მომართა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ „მე ომბუდსმენი" და ზაზა პაპიძემ. 

31.10.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის (AIPCE) წევრობა შეიჩერა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ალიანსმა არ დაუჭირა მხარი უკრაინის პრესის საბჭოს მოთხოვნას, გაერიცხათ ალიანსიდან რუსეთის პრესის საბჭო. შედეგად ალიანსი დატოვა უკრაინის პრესის საბჭომ. 

უკრაინის პრესის საბჭომ  ჯერ კიდევ გაზაფხულზე დააყენა ალიანსის წინაშე საკითხი, რომ გაერთიანება დაეტოვებინა რუსეთის პრესის საბჭოს. ეს საკითხი იყო ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის წლიური შეხვედრის განსახილველი მთავარი თემა. ალიანსის წლევანდელი შეკრება 20-21 ოქტომბერს კვიპროსში გაიმართა და მასში  სხვადასხვა ქვეყნის პრესის საბჭოებთან ერთად საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც მონაწილეობდა.

უკრაინის ამ მოთხოვნას მხარს უჭერდა ალიანსის რამდენიმე წევრი, მათ შორის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც, რომელიც მიიჩნევდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის, მედიის თავისუფლების უკიდურესი შეზღუდვის და ფართომასშტაბიანი პროპაგანდის ფონზე რუსეთის პრესის საბჭო ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და, შესაბამისად, ვერ იქნებოდა დამოუკიდებელ პრესის საბჭოთა ალიანსის წევრი.   

უკრაინის ინიციატივაზე გამართული დებატები და კენჭისყრა, ჩვენი შეფასებით, არ იყო დემოკრატიული. კენჭისყრაზე გასულ საკითხს, უნდა დაეტოვებინა თუ არა რუსეთის პრესის საბჭოს ალიანსი, კონფერენციის მონაწილეთა ორმა მესამედმა  მხარი არ დაუჭირა  და რუსეთი ალიანსის წევრად დარჩა, თუმცა  ის დაქვეითდა ასოცირებულ წევრად. პროტესტის ნიშნად, უკრაინის პრესის საბჭომ დატოვა AIPCE.

უკრაინის პრესის საბჭოს პროტესტი სამართლიანად მიიჩნიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და 8 ქვეყნის (სომხეთი, მოლდოვა, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, ესტონეთი, დანია, ირლანდია) ეთიკის საბჭოებმა და ალიანსის წევრობა შეიჩერეს. 

„ის ფაქტი, რომ ალიანსის წევრი აღარ არის უკრაინა და არის რუსეთი, შეუძლებელს ხდის ჩვენს დარჩენას AIPCE-ში. დღეს რუსეთში პრესის თავისუფლება პრაქტიკულად არ არსებობს, მთელი მედია სექტორი კი პუტინის საშინელ პროპაგანდისტული მანქანის ნაწილია.

ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ AIPCE-ს მიზნებს და დამოუკიდებელი პრესისა და პრესის საბჭოების განვითარებას ევროპაში. ჩვენ გავაგრძელებთ ნებისმიერი ინიციატივის მხარდაჭერას მდგრადი თვითრეგულირების ორგანოების შექმნის მიმართულებით და განვიხილავთ დაბრუნებას ისეთ ალიანსში, სადაც იქნება უკრაინა და შესაძლებლობა გვექნება გავიზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა, იდეები და ღირებულებები," - ნათქვამია პრესის საბჭოების მიერ მომზადებულ საერთო წერილში, რომელიც გუშინ AIPCE-ს მმართველ კომიტეტს გაეგზავნა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის მხარდაჭერას უკრაინის პრესის საბჭოსა და უკრაინელი ჟურნალისტების მიმართ და დასძენს, რომ ჩვენთვის მიუღებელია ისეთი ორგანიზაციის წევრობა, რომელიც დღეს ვერ პასუხობს და ვერ იცავს იმ ღირებულებებს, რომელთა გამოც ქარტია მას შეუერთდა. 

29.10.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”

სადავო სიუჟეტები 2022 წლის 2 და 9 ოქტომბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, ინფორმაცია არასწორად და მანიპულაციურად გაშუქდა, რაც კამპანიურ ხასიათს ატარებს.     

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

17.10.2022

2022 წლის 12 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა ,,დიდ შესვენებაში” წამყვანებმა ანეკდოტის მოყოლითა და საკუთარი რეაქციებით ხელი შეუწყვეს დისკრიმინაციული გარემოს შექმნასა და სტერეოტიპების გაძლიერებას. 

მოგვიანებით გადაცემის შემოქმედებითმა ჯგუფმა  გააკეთა განმარტება, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მათ არ აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა და დისკრიმინაციული გარემოს შექმნას ვერ აღიქვამენ პრობლემად. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციული და არატოლერანტული გარემოს შექმნას. ანეკდოტებით და კომედიური ისტორიებით იზრდება სტიგმატიზაციის ხარისხი და სტერეოტიპები უფრო ძლიერდება. სტერეოტიპები შშმ პირებთან მიმართებით, თუნდაც კომედიურ კონტექსტში, განამტკიცებს არასწორ დამოკიდებულებებსა და წარმოდგენებს. 

ქარტიის საბჭო მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, აღნიშნული მასალა წაშალონ გვერდიდან და გააკეთონ სათანადო განმარტება. 

13.10.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 13 ოქტომბერს 4 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე -  შპს „შუ პუ სუ" ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტის ნიკა საჯაიას წინააღმდეგ

სადავო მედიაპროდუქტი 2022 წლის 8 აგვისტოს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, მასალაში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა, მიმართვის მიუხედავად კი იგი არ გასწორდა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპის დარღვევაზე. 

19:00 საათზე -  თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი „აი, ფაქტის", „TV პირველის” და „მთავარი არხის" წინააღმდეგ 

სადავო სტატია „აი, ფაქტის” გვერდზე 2022 წლის 9 აგვისტოს, ხოლო „TV პირველის” და „მთავარი არხის” გვერდზე სადავო მედიაპროდუქტები 2022 წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა. 

განმცხადებელი  „აი, ფაქტის” წინააღმდეგ დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე; „TV პირველის” და „მთავარი არხის” წინააღმდეგ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. 

11.10.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ჟურნალისტური მასალების კონკურს - „ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება“. ქარტიის კონკურსის მიზანია ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა.

კონკურსის გამარჯვებულს პრიზი გაიცემა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.

გამარჯვებულს გამოავლენს დამოუკიდებელი საკონკურსო 5 წევრისგან შემდგარი ჟიური, რომელშიც შედის ქარტიის საბჭოს 2 წევრი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი და 2  ჟურნალისტი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ცალკეულ ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ისე მედიასაშუალებას. ნომინაციაში თითოეულ განმცხადებელს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო ნაშრომის წარდგენა.

კონკურსში შესაძლებელია წარდგენილი იყოს როგორც ბეჭდური, ისე აუდიო, ვიდეო და მულტიმედიური მასალა.

კონკურსის თემატიკა:

პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები:

  • მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ჟურნალისტური პროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2021 წლის 6 დეკემბრიდან 2022 წლის 20 ნოემბრამდე პერიოდში.
  • მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს გამოქვეყნებული მასალის ბმული. იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო ნამუშევარი ინტერნეტ სივრცეში არ მოიძებნება, კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ვიდეორეპორტაჟის და/ან მულტიმედია პროდუქტის შემთხვევაში ჩანაწერი, სტატიის შემთხვევაში კი მისი სკანირებული ან სქრინ ვერსია.
  • მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს განაცხადი.
  • დამატებითი მასალები (არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethicscharter@gmail.com  
  • საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედ რომელიმე მედიასაშუალებაში.


ნამუშევრების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები:

  • თემის აქტუალობა/მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი;
  • თხრობის სტილი და ტექნიკა;
  • ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება;
  • სიუჟეტების და მულტიმედია პროექტის შემთხვევაში: დრამატურგია და ვიზუალური მხარე;      
  • ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება;
  • ინფორმაციის სიზუსტე;
  • ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა;
  • მიუკერძოებლობა;
  • მხარეთა ბალანსი;
  • სიძულვილის ენისა და გენდერულად არამგრძნობიარე, შეუფერებელი ლექსიკის უარყოფა/გამოუყენებლობა;
  • ზოგადი საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის ჟურნალისტური პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვა.

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 20 ნოემბერი, 18.00 საათი. (მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს განაცხადი. დამატებითი მასალები (არსებობის შემთხვევაში) გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethicscharter@gmail.com

განაცხადის შევსება სავალდებულოა და მის გარეშე მხოლოდ ელექტრონულ მისამართზე მიღებული განცხადებები არ განიხილება.

გამარჯვებული გამოვლინდება 2022 წლის დეკემბერში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრებაზე.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პრიზს უკვე მე-10 წელია გასცემს, ხოლო ნომინაციაში „ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება“ უკვე მეორედ დააჯილდოებს გამარჯვებულს.

07.10.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ანასტასია ლოსაბერიძე. 

სადავო მასალა 2022 წლის 29 სექტემბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლების პოზიციით, მედიაპროდუქტში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა და სიუჟეტის მომზადების დროს კი მას არავინ დაკავშირებია. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

06.10.2022

2022 წლის 5 ოქტომბერს ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ TV პირველის ჟურნალისტს, ნატო გოგელიას პროფესიული საქმიანობის შესრულებისას შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა და გამოიყენა დისკრიმინაციული, სექსისტური ენა. 

ქარტია გმობს დავით დარჩიას რეპლიკებს ჟურნალისტის მიმართ და აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირის მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ დისკრიმინაცია და გადავიდნენ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე.

მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ.

ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება. 

05.10.2022

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.