ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს „მთავარი არხისა“ და qvemoqartli.ge-ს ჟურნალისტებზე ზეწოლის შემთხვევების ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს
25.10.2024

კატეგორია : განცხადებები;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ადგილობრივი ჩინოვნიკები და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები რეგიონებში აგრესიულად ექცევიან ჟურნალისტებს, რომელებიც საარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაციას აგროვებენ.

დღეს, 25 ოქტომბერს, გურჯაანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანში ინფორმაციის გადასამოწმებლად მისულ „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს კახა დევიძე დაუპირისპირდა, რომელიც „მთავარი არხის“ ინფორმაციით ქალაქის სპორტსკოლაშია დასაქმებული. “მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ია გულიაშვილის, თქმით, კახა დევიძე მათ სიტყვიერ  შეურაცხყოფას აყენებდა, ესროდა ნივთებს და კამერის დამტვრევით ემუქრებოდა. „მედიაჩეკერს“ ია გულიაშვილმა უთხრა, რომ მას ვითარებაში გასარკვევად პოლიცია არ დაკავშირებია, მიუხედავად იმისა რომ ჟურნალისტმა 112-ს მაშინვე აცნობა პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და მუქარის შესახებ.

ორი დღით ადრე, 23 ოქტომბერს, ონლაინ გამოცემის qvemoqartli.ge ჟურნალისტს, ქეთევან მოსიავას, იმ ავტობუსების გადაღებისას, რომლითაც რუსთავიდან თბილისში “ქართული ოცნების” შეკრებაზე საჯარო მოსამსახურეები მოჰყავდათ, რუსთავის ერთ-ერთი მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, კარლო ნოდია დაუპირისპირდა. მან ჟურნალისტს ფოტოს წაშლა მოსთხოვა და მობილურის წართმევით დაემუქრა. ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ გარშემო მყოფი სხვა პირებიც. ქეთევან მოსიავამ მათ არაერთხელ განუმარტა, რომ ჟურნალისტი იყო და საჯარო სივრცეში გადაღების უფლება ჰქონდა, თუმცა კარლო ნოდია და სხვა პირები მასზე ზეწოლას განაგრძობდნენ.

qvemoqartli.ge-მ საპატრულო პოლიცია გამოიძახა. qvemoqartli.ge ფაქტის გამოძიებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო კარლო ნოდიას სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ორივე ფაქტის დაუყოვნებლივ და ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საჯარო უწყებების წარმომადგენლებს შეახსენებს, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.  

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.