საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტების მიმართ მუქარასა და ძალადობას
10.05.2024

კატეგორია : განცხადებები;

9 მაისს ღამით და 10 მაისს გამთენიისას უცნობი ნიღბიანი პირები ჟურნალისტებსა და მათ რესპონდენტებს ჩაუსაფრდნენ „ტვ პირველის“ შენობასთან. „ტვ პირველის“ მენეჯმენტის აზრით, იყო იმის საფრთხეც, რომ ნიღბიანი პირები შენობაში შეიჭრებოდნენ. საპატრულო პოლიცია, რამდენიმე გამოძახების მიუხედავად, ადგილზე არ გამოცხადდა. ამ პირებმა საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც კამერების ობიექტივში მოხვდნენ, ტერიტორია დატოვეს. 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება სრული გულგრილობით,  ხოლო გასამოძიებო ორგანოები სრული უმოქმედობით პასუხობენ  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გახშირებულ თავდასხმებს ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებზე. 

ჟურნალისტებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სატელეფონო ზარით განხორციელებულ შეურაცხმყოფელ მიმართვებსა და მუქარას დაემატა შეურაცხმყოფელი შინაარსის პლაკატები იმ შენობებზე, სადაც მედიასაშუალებების ოფისებია განთავსებული და სადაც ჟურნალისტები ცხოვრობენ. მოძალადეებმა დააზიანეს ასევე ჟურნალიტების პირადი  ქონება. მანამდე ჟურნალისტებსა და მათ რესპონდენტს მოძალადე თავს დაესხა დიპლომატიური წარმომადგენლობის სიახლოვეს. 

თავდასხმების ორგანიზებული და სისტემური ხასიათი, დამნაშავეთა დაუსჯელობა, ასევე ის, რომ თავდამსხმელებს აქვთ წვდომა მოქალაქეების პირად ინფორმაციაზე, მიუთითებს, რომ ამ ყველაფრის უკან ხელისუფლება დგას. 

ამ თავდასხმების მიზანი ჟურნალისტების და მედიასაშუალებების სტიგმატიზაცია და დეჰუმანიზაციაა ბოლშევიზმისა და ფაშიზმის საუკეთესო ტრადიციებში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მთლიანად და მათი მაღალი რანგის წარმომადგენლები ცალ-ცალკე უკვე დაუფარავად და საჯაროდ ახალისებენ ძალადობას პოლიტიკურ ოპონენტებზე, ჟურნალისტებზე და უბრალოდ განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებზე. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს და უპირობოდ შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების დევნა და მოძალადე ჯგუფების მფარველობა. ქარტია საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, სასწრაფოდ და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტებზე თავდასხმის ყოველი შემთხვევა. ქარტია ძალოვან უწყებებს მოუწოდებს, შეასრულონ კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დაიცვან მოქალაქეები ძალადობისა და თავდასხმებისაგან.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.