24 ივნისს ქარტიის საბჭო სამ საქმეს განიხილავს
23.06.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 24 ივნისს 3 საქმეს ონლაინ განიხილავს:

1. 18:00 საათზე - მიტროპოლიტი ნიკოლოზი ბექა ყორშიას წინააღმდეგ

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი „მღვდლების ვნებანი”, „მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში - „მთავარი შაბათს მიშა სესიაშვილთან ერთად”, 2020 წლის 5 დეკემბერს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია, თითქოს, სექსშოპმა მას საჩუქარი გადასცა, სიმართლეს არ შეესაბამება. მხარე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის მხრიდან ამბის ამ ფორმით გაჟღერება დისკრიმინაციულია და ეფუძნება ცრუ ბრალდებებს.

მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

2. 19:30 საათზე - ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) კომედი არხის წინააღმდეგ

სადავო მასალა ტელეკომპანია „კომედი არხის” ეთერში 2020 წლის 12 ნოემბერს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, გადაცემაში გავიდა ე.წ. „სკეჩი”, რომლის თემა იყო გაუპატიურება. მხარე მიიჩნევს, რომ თემა ისეთი ფორმით არის წარმოჩენილი, რომ ახდენს გაუპატიურებისა და მსგავსი ძალადობრივი ქმედების ნორმალიზებას. ასევე, ხელს უწყობს ძალადობის მსხვერპლი ადამიანების რეტრავმირებასა და მათ დისკრიმინაციას.

მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი.

3. 20:30 საათზე -  სალომე კვირიკაშვილი მარიამ ქრისტესიაშვილი კესო ქარდავა იაგო შაკაია რუსთავი 2-ის ჟურნალისტების დავით კაკულიას და ირაკლი იმნაიშვილის წინააღმდეგ 

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემაში - „ღამის კურიერი” 2020 წლის 19 ნოემბერს გავიდა. განმცხადებლების განმარტებით, გადაცემაში მოწვეულმა სტუმარმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებზე საუბრისას გამოიყენა ოჯახში ძალადობის შემთხვევის ანალოგია.

განმცხადებლების პოზიციით, შედარება იყო შეუსაბამო და აძლიერებდა ოჯახური ძალადობის მიმართ საზოგადოებაში არსებულ არასწორ და სტიგმის შემცველ დამოკიდებულებებს. განმცხადებლები მიუთითებენ, რომ წამყვანს არ დაუსვამს დამაზუსტებელი შეკითხვები და არც ნათქვამის განმარტება უთხოვია სტუმრისათვის.

მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.