ქარტიის საბჭოს განცხადება JRC-ს ირგვლივ განვითარებულ ამბავზე
12.09.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მომართა “ჟურნალისტიკის რესურს ცენტრმა” (JRC). მისი წარმომადგენლების თქმით, მას შემდეგ, რაც მოამზადეს ფილმი “რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე”, გახდნენ ზეწოლის და თავდასხმის მსხვერპლნი საზოგადოებრივი მაუწყებლის და ფილმში ნახსენები სარეკლამო კომპანიის, “პანორამას” მხრიდან.

როგორც JRC ამბობს, ფილმში გამოყენებული ფარული გადაღების გამო “პანორამას” წარმომადგენლებმა გამოითქვეს პროკურატურისთვის მიმართვის სურვილი. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ფარული გადაღების დაუშვებლობაზე მსჯელობის დაწყებაც კი მნიშვნელოვნად დააზიანებს საგამოძიებო ჟურნალისტიკის და ზოგადად მედიის მთავარ ფუნქციას - საჯარო მოხელეთა კანონდარღვევის თუ კორუფციის ფაქტების მხილებას. როდესაც ღიად ინფორმაციის მოპოვება ვერ ხერხდება, ფარული გადაღება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ თემებზე მუშაობისას აპრობირებული მეთოდია როგორც საერთაშორისო, ისე ქართული მედიისთვის, ეს დაშვებულია ქართული კანონდებლობითაც.

თუკი საზოგადოებრივი მაუწყებელი მიიჩნევს, რომ ფილმი სტანდარტების დარღვევით არის მომზადებული და შეიცავს უზუსტობას, მნიშვნელოვანია, რომ საკითხი განხილული იყოს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მზად არის, მომართვის შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში იმსჯელოს ამ ჟურნალისტური პროდუქტის ქარტიის პრინციპებთან შესაბამისობაზე.

ნებისმიერი სხვა მექანიზმი ჟურნალისტური პროდუქტის განსახილველად არის მიუღებელი და შესაძლოა, აღქმული იქნეს დამოუკიდებელი მედიასაშუალების ზეწოლად, რათა მათ სამომავლოდ უარი თქვან ამგვარი თემების გაშუქებაზე.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.