მედიაწიგნიერების უნარების განვითარება ახალგაზრდებში - გაეროს ბავშვთა ფონდისა და ქარტიის თანამშრომლობის ახალი ეტაპი
16.05.2019
მედია წიგნიერების შესახებ ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება ახალგაზრდებში - ეს იქნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) თანამშრომლობის მთავარი ფოკუსი მიმდინარე წელს. გაიმართება ორდღიანი სემინარების ციკლი თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის.

სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გასულ წელს შემუშავებული მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო, რომელიც იუნისეფის კოსოვოს ოფისის მიერ განხორციელებული პროგრამის PONDER-ის ადაპტირებული ვერსიაა. ექსპერტთა ჯგუფმა გადაამუშავა არსებული რესურსი და შეიმუშავა ქართულ რეალობაზე მორგებული სავარჯიშოები, რომლებიც ახალგაზრდებს დაეხმარება მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კრიტიკულად წაკითხვასა და გაანალიზებაში. სავარჯიშოები ფოკუსირებულია როგორც ტექსტურ, ისე აუდიო და ვიდეო/ფოტო მასალის გააზრების უნარის განვითარებაზე.

ორდღიანი სემინარები უფროსკლასელებისთვის გაიმართება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, მარნეულსა და წნორში. თითოეულ სემინარში 20-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას, ესენი იქნებიან როგორც ამ ქალაქებში არსებული მედიასკოლების (ქუთაისი, მარნეული, ბათუმი) მონაწილეები, ასევე, სხვა ახალგაზრდები, რომლებიც შემდგომში, როგორც თანატოლ-განმანათლებლები, მიღებულ ცოდნას თავიანთ თემში მცხოვრებ სხვა ახალგაზრდებს გაუზიარებენ.

თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაციის ნაკადი სულ უფრო იზრდება, საზოგადოებას უწევს ამოარჩიოს სანდო ინფორმაცია. ეს კი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს საზოგადოებას - განივითაროს ინფორმაციის სელექციის უნარი. საქართველოშიც სულ უფრო აქტუალური ხდება მედიაწიგნიერების განვითარების საკითხი, რადგან მხოლოდ მედიაწიგნიერ და კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოებას შეეძლება თავი დაიცვას დეზინფორმაციისაგან. სწორედ ეს მიზანი აქვს ახალგაზრდებში მედია წიგნიერების ამაღლებას.

ამავე თანამშრომლობის ფარგლებში, 2019 წლის ბოლოს ქარტია სხვა ნომინაციებთან ერთად გამოაცხადებს პრიზს ბავშვთა საკითხების სიღრმისეულად გაშუქების ნომინაციაში. ღია კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს, რომელსაც ქარტიისა და იუნისეფის უკვე ტრადიციად ქცეული პრიზი გადაეცემა.

***
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

ნინო ნარიმანიშვილი, პროექტის მენეჯერი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ტელ: 593926429 ელ–ფოსტა:narimanishvili.n@gmail.com

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი ტელ: (+995 599) 53 30 71 ელ–ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.