არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების კომენტარები "მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” პროექტთან დაკავშირებით
21.06.2018

კატეგორია : განცხადებები;
პირველ რიგში, გვინდა მივესალმოთ ინიციატივას, რომელიც საქართველოში მედია წიგნიერების განვითარების საკანონმდებლო საფუძველს ქმნის და საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მზაობას, ითანამშრომლოს სხვადასხვა ორგანიზაციებთან მედია წიგნიერების სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.

ამასთანავე გვინდა გამოვხატოთ ჩვენი წუხილი იმის გამო, რომ "მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” პროექტის შემუშავების პროცესში საბაზისო წესები დაცული არ ყოფილა. კერძოდ:
  • სტრატეგიის შემუშავების პროცესი არ იყო ინკლუზიური და სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფს წინასწარი კონსულტაცია არ გაუვლია ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
  • სტრატეგიის პროექტის მე-2 ნაწილი (გარემო და პოლიტიკური კონტექსტი) მხოლოდ საერთაშორისო ინსტრუმენტებს აღწერს და არ ასახავს საქართველოში ამ თვალსაზრისით არსებულ ვითარებას, რაც იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, ავტორს ადგილობრივი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების, ექსპერტიზის და კვლევების შესწავლა არ მოუხდენია;
  • საჭიროებების განსაზღვრის მიზნით ასევე მედია წიგნიერების მიმართულებით არსებული პროექტების და მათი სპეციფიკის აუდიტი არ განხორციელებულა.

შესაბამისად, სტრატეგია არასრულად ასახავს იმ გამოწვევებს და საჭიროებებს, რის წინაშეც საქართველო დღეს დგას და ის მედია წიგნიერების ვიწრო გაგებას გვთავაზობს, რომელიც დაცლილია ადგილობრივი კონტექსტის გააზრებისგან.

ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია დოკუმენტში შემდეგი საკვანძო საკითხების ასახვა:

  • სტრატეგიული მიზნები იმ გამოწვევებს უნდა შეესაბამებოდეს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულ პოლიტიკის დოკუმენტებშია ასახული. კერძოდ: როგორც "ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის 2017-2020 წლებისთვის”, ასევე "საქართველოს კიბერუსაფრთხოებისთვის 2017-2018 წლების ეროვნული სტრატეგია” ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რუსეთის მხრიდან წარმოებულ ჰიბრიდულ ომს ასახელებს, რომლის შემადგენელი როგორც პროპაგანდა, ასევე რუსეთის მხრიდან მომავალი კიბერ-საფრთხეებია.
  • ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ სპეციფიურ სამიზნე აუდიტორიაზე (ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები), რომელსაც, ერთი მხრივ, ენობრივი ბარიერის გამო ქართულ საინფორმაციო არხებზე წვდომა არ აქვს და მეორე მხრივ, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევები ცხადყოფს, რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო არხებზე წვდომის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან.
  • მედიაში და საჯარო დისკურსში სიძულვილის ენის პრობლემის გათვალისწინებით, დოკუმენტმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ამ მიმართულებით სპეციალური პროგრამების შემუშავებასა და კომისიის როლზე ამ პროცესში, რაც მედიის თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტიან დანერგვაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
  • მოზარდთა კრიტიკული აზროვნების განვითარებაში სკოლების განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, საჭიროა მედია წიგნიერება სასკოლო პროგრამაში არა მხოლოდ გამჭოლ კომპეტენციად, არამედ სავალდებულო საგნად შევიდეს.
ამასთანავე მიგვაჩნია, რომ პროცესში მონაწილეთა სია უნდა გაფართოვდეს: 

  • კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა და კოორდინირება მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან, ხოლო პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციასთან;
  • მნიშვნელოვანია ასევე გაფართოვდეს როგორც კვლევითი ორგანიზაციების წრე, ვინც ამ პროცესში ჩაერთვება, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებასაც, ვინც მედიის და პროპაგანდის საკითხებზე მუშაობს და აქამდე არც განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონია, არც დოკუმენტის საჯარო ვერსიაზე მიუწვდება ხელი.

დოკუმენტის ვიწრო წრეში, დაჩქარებული წესით განხილვა, ასევე მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი ამოცანების არარსებობა ხელს არ შეუწყობს მედია წიგნიერებაზე ეფექტიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღებას. ამდენად, მოვუწოდებთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საფუძვლიანად გადახედოს წარმოდგენილ დოკუმენტს და ყველა მხარის ჩართულობით შეიმუშაოს ისეთი დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკასთან ერთად ადგილობრივ საჭიროებებსა და კონტექსტსაც ასახავს.

ხელმომწერი ორგანიზაციები
  1. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  2. საინფორმაციო ცენტრების ქსელი
  3. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)
  4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  5. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  6. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC)
  7. სტუდია "მონიტორი”
  8. შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- საქართველო

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.