კატეგორია : განცხადებები;
გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ კორესპონდენტი და რედაქტორი 6 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას დაესწრნენ. ჟურნალისტებს ამჯერადაც არ დაახვედრეს განცალკევებულად მდგომი სამუშაო მაგიდა და სკამები, როგორც ამას საკრებულოს დებულება ითხოვს. ხარაგაულის საკრებულოს დებულების მიხედვით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში “ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები გამგებლის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების [...] და სხდომაზე დასწრების მსურველ პირთათვის” (მე-8 მუხლი, მესამე პუნქტი). ჟურნალისტი ნინო კაპანაძე საკრებულოს თავმჯდომარის მითითებით მერიის წარმომადგენლებისთვის განსაზღვრულ ადგილას დაჯდა. სხდომის შემდგომ საკრებულომ თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია სხდომის შესახებ ფოტოს თანხლებით, რომლიდანაც მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსსა და მერის მოადგილეს შორის მჯდომი ჟურნალისტი ამოჭრა. „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორმა მერის მოადგილეს დამუშავებული კადრი გაუგზავნა - ფოტო ჟურნალისტის გარეშე. საკრებულომ ფეისბუქ გვერდზე შეცვლილი ფოტო რეალური ფოტოთი მალევე ჩაანაცვლა. “ჩემი ხარაგაულის” მიერ ამ ამბის გახმაურების შემდეგ სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტის კომენტარებში საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენლის მუქარისშემცველი კომენტარიც დაიწერა.
“[...] ვთვლი, რომ ამ პოსტზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ და შესაბამისი პასუხიც აგოთ! Nino Kapanadze ტელეფონზე მიპასუხე! ამ პოსტის გამო ჩემს ნერვიულობას ფასად დაგიჯენთ! ყველაფრის მკადრებლებო!”, - წერს სოციალურ ქსელში ნინი თხელიძე.
ქარტია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოუწოდებს, უზრუნველყოს საკრებულოს სხდომების საჯაროობა, არ გააყალბოს რეალობის ამსახველი ფოტოები და მედიის წარმომადგენლებისათვის შექმნას ადეკვატური სამუშაო პირობები.