ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ფორმულას“ ჟურნალისტის, ნანო ჩაკვეტაძისთვის, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლას ეხმაურება
26.01.2026

კატეგორია : განცხადებები;

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, დღეს, 26 იანვარს, მათ ჟურნალისტს, ნანო ჩაკვეტაძეს, სუს-ის შენობასთან, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. ჟურნალისტს წაართვეს ტელეფონი, წაუშალეს ადგილზე გადაღებული კადრები და დაჭერით დაემუქრნენ. ის ამ დროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტს აშუქებდა, რომელიც სუს-ის შენობასთან, საკუთარ მანქანაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით იპოვეს. 

ჟურნალისტმა „მედიაჩეკერს“  უთხრა, რომ ის  სუს-ის შენობასთან მარტო იმყოფებოდა, მძღოლისა და ოპერატორის გარეშე და შემთხვევის ადგილს შორიდან, გზის მეორე მხრიდან, ტელეფონით იღებდა. სუს-ის თანამშრომლებმა ნანო ჩაკვეტაძეს უთხრეს, რომ მას გადაღების უფლება არ ჰქონდა, რადგანაც ის ამით საგამოძიებო მოქმედებას უშლიდა ხელს. შემდეგ მათ ჟურნალისტს წაართვეს ტელეფონი, წაუშალეს გადაღებული მასალა, თავად გადაუღეს ფოტოები და ადგილის დატოვება მოსთხოვეს. 

ნანო ჩაკვეტაძემ სუს-ის თანამშრომლებს განუმარტა, რომ ის ჟურნალისტი იყო და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რაც მათ არ გაითვალისწინეს.  

საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო მტრული და საფრთხის შემცველი რჩება. რუტინული დავალებების შესრულება ჟურნალისტებისგან დიდ გაბედულებას მოითხოვს, რაც სრულიად შეუსაბამოა ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყნის იმიჯთან. 

ქარტია პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლისა და მუქარის ამ ფაქტით და ეფექტურად გამოიძიოს ის. 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.