კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს მოუწოდებს, სრულად გაასაჯაროვოს და/ან „ბათუმელებს“ და მზია ამაღლობლის ადვოკატებს გადასცეს მისი ოპერატორის მიერ 11 და 12 იანვარს გადაღებული კადრები, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ეპყრობიან პოლიციელები აქციის მონაწილეებსა და მზია ამაღლობელს დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაკავებისას და დაკავების შემდგომ და თუ როგორ დაშავდა ის პოლიციელების ძალადობრივი ქმედებების შედეგად. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ვლადიმერ ტატიშვილმა „ბათუმელებს“, რომელიც ჩანაწერს უკვე ორი თვეა, ითხოვს, დაუდასტურა, რომ ამგვარი კადრები მათთან ნამდვილად ინახება.
სრული ჩანაწერი მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების პროცესისთვის და სიმართლის დასადგენად. პროკურატურა ამ ვრცელი ჩანაწერის მხოლოდ 44-წამიან მონაკვეთს კონტექსტიდან ამოგლეჯით იყენებს მტკიცებულებად მზია ამაღლობლის წინააღმდეგ. 7 აპრილს, მზია ამაღლობლის სასამართლო პროცესზე გამომძიებელმა განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზიამ გამოძიებას გადასცა მხოლოდ 44-წამიანი ვიდეოკადრი. მან არ განმარტა, თუ რატომ არ ამოიღო შსს-მ სრული ჩანაწერი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა 11 და 12 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიის და იმ კომუნიკაციის აღდგენა, რაც წინ უსწრებს სილის გაწვნის ეპიზოდს. ის, რომ საქმეში დღემდე არ მოიპოვება სრული ჩანაწერი, არღვევს მზია ამაღლობლის უფლებას სამართლიან სასამართლოზე.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი სტატუსის გამო გამორჩეულად არის ანგარიშვალდებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის წინაშე.
ქარტიისთვის გაუგებარი და აუხნელია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია, როცა ამ კუთხის გამორჩეული წარმომადგენელი და კოლეგა ცილისწამებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს კი მოეპოვება კადრები, რომელსაც ამ ცილისწამების გაქარწყლება და საქმის შემობრუნება შეუძლია, თუმცა ის კადრებს არ ასაჯაროებს „პერსონალური მონაცემების“ დაცვის მოტივით.
მოგმართავთ პროფესიული თემის სახელით და მოგიწოდებთ, დაძლიოთ შიში იმის გასაკეთებლად, რაც სამართლიანი და სწორია. ამით გადაარჩენთ არა მხოლოდ მზია ამაღლობელს, არამედ თქვენს პროფესიულ რეპუტაციას და შეინარჩუნებთ აუდიტორიის პატივისცემასა და ნდობას.