კატეგორია : განცხადებები;
ბოლო თვეების განმავლობაში გახშირებული დაპატიმრებების ფონზე, რომელთა კანონიერება უმეტეს შემთხვევაში ეჭვის ქვეშაა, საზოგადოების და, შესაბამისად, მედიის ინტერესი სასამართლო პროცესების მიმართ მზარდია. დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერების სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მოტივით დაპატიმრებამ, ასევე ადმინისტრაციული კოდექსის სავარაუდო დარღვევისთვის სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ აღძრულმა საქმეებმა.
ბოლო ხანებამდე არსებული პრაქტიკით, ის ჟურნალისტები, რომელთაც არ ჰქონდათ თბილისის სასამართლოს მიერ გაცემული სხდომის გადაღების უფლება, ჩვეულებრივ მუშაობდნენ ვიდეო და ფოტოკამერების გამოყენებით როგორც სასამართლოს ეზოში, ისე შენობაში, მათ შორის, ფოეში სხდომის დარბაზებთან მიმდებარედ. ჟურნალისტები წერდნენ კომენტარებს და გადიოდნენ პირდაპირ ეთერში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს მიდგომა პირველად 22 მაისს შეცვალა, როცა იქ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი იმართებოდა. ამ დღეს ჟურნალისტებს მიკროფონებითა და კამერებით სასამართლოს შენობაში შესვლა აუკრძალეს.
23 მაისს, როცა საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი იმართებოდა, მანდატურებმა სასამართლოში მიკროფონებითა და კამერებით მხოლოდ ის ჟურნალისტები შეუშვეს, რომელთაც კონკრეტული სასამართლო პროცესის გადაღებაზე განცხადება დაწერილი და დაკმაყოფილებული ჰქონდათ, ხოლო სხვები რამდენიმე საათით შეაყოვნეს და მათ შენობაში შესვლის უფლება მხოლოდ პირადი მონაცემების ჩანიშვნის შემდეგ მისცეს.
იგივე, უკვე მესამედ, განმეორდა დღესაც, 30 მაისს, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის, მათ შორის იმ აქტივისტებისაც რომელთაც მარიამ ლაშხი უჩივის, სასამართლო პროცესებია ჩანიშნული. მანდატურები პროცესების გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების პირად მონაცემებს სარეგისტრაციო ჟურნალში ხელით აღრიცხავენ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ბოლო კვირების განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლო ვიწროდ და შემზღუდველად იყენებს სასამართლო პროცესების გაშუქების ისედაც მკაცრ წესებს და მას სასამართლოს შენობასა და სხდომის დარბაზებში ჟურნალისტებისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნისაკენ მოუწოდებს.