დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
განმცხადებელი : მარიამ სამხარაძე;
მოპასუხე : აზერ მამედოვი;
6 მარტი, 2025 წელი
საქმე N-775
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე, ირაკლი მსხილაძე, ნინო გელაშვილი, თიკო დავაძე.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მარიამ სამხარაძემ 24news.ge-ს ხელმძღვანელის, აზერ მამედოვის, წინააღმდეგ.
მოპასუხე მხარემ წარმოადგინა თავისი შეპასუხება.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ ფორმატში. სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი მარიამ სამხარაძე.
მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია.
განცხადების განხილვას დაესწრო საბჭოს წევრი ვლადიმერ ჩხიტუნიძე, თუმცა მან გამოიყენა თვითაცილების მექანიზმი ინტერესთა კონფლიქტის მოტივით და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.
სამოტივაციო ნაწილი
სადავო მასალა:
სადავო ვიდეო 24news.ge-ს ფეისბუქ გვერდზე 2025 წლის 4 იანვარს გამოქვეყნდა.
მოპასუხე მედიამ აზერბაიჯანული ტელევიზიის Baku TV-ის ერთ-ერთი გადაცემიდან ამოჭრა და გაავრცელა მოკლე ვიდეო.
ამ ვიდეოში მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (ვიდეოში მოხსენიებული “USAID-ის მარნეულის ოფისად”) დადანაშაულებულია, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას, არჩევნებში ჩართულობისა და პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით აფინანსებს.
აღნიშნული ვიდეო 24news.ge-ს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულია შემდეგი აღწერით: “Baku TV-ის ჟურნალისტმა ისმაილ იაშაროღლუმ აზერბაიჯანლებზე საქართველოში პროტესტის გამომწვევი სადავო განცხადებები გააკეთა.”
განმცხადებელი, რომელიც მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორია, მიიჩნევდა, რომ მასალაში გაჟღერდა მცდარი ინფორმაცია, რომ “თითქოს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისი რაიმე ფორმით ჩართულია მარნეულში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელების საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვასა და ამ მიზნით მათ ფინანსურ წახალისებაში”.
მოპასუხე მხარის პოზიციით, მათ ქარტიის პრინციპები არ დაურღვევიათ, ვინაიდან სადავო ვიდეო მომზადებულია აზერბაიჯანის ტელევიზიის (BAKU TV)-ს მიერ. მათ სიუჟეტის ის ნაწილი ამოჭრეს და გაავრცელეს, რომელშიც საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები იყვნენ მოხსენიებულნი.
მათი განმარტებით, ტექსტზე გაკეთებულია აღნიშვნა "აზერბაიჯანის
ტელევიზიამ BAKU TV-მ მოამზადა სიუჟეტი, რომელიც საქართველოში
მცხოვრები აზერბაიჯანლების მხრიდან პროტესტს გამოიწვევს", რაც მიუთითებს, რომ მასალა მათი
მომზადებული არ არის და, გამომდინარე აქედან, არ მიიჩნევენ, რომ
ეთიკური პრინციპები დაარღვიეს.
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო ვიდეოში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
გავრცელებული ინფორმაციის ეთიკურ პრინციპებთან შესაბამისობაზე საკუთარი აუდიტორიის წინაშე პასუხს აგებს 24news.ge, მაშინაც კი, თუკი მის მიერ გავრცელებული ვიდეო ან სტატია მომზადებულია სხვა მედიის მიერ.
2025 წლის 4 იანვარს 24news.ge-ს მიერ გავრცელებული ვიდეო ფრაგმენტი ეხება საქართველოში ჩატარებულ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მასში ნათქვამია, რომ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისი მარნეულში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მიზნით აფინანსებს.
საქართველოში არსებული ვითარებისა და ფონის გათვალისწინებით, ვიდეოზე მხოლოდ მცირე აღწერის გაკეთება, რომ სიუჟეტი “აზერბაიჯანელების მხრიდან პროტესტს გამოიწვევს”, არ არის საკმარისი.
ვიდეო ფრაგმენტი და მასზე 24news.ge-ს მიერ გავრცელებისას გაკეთებული მინაწერი, ვერ აწვდის აუდიტორიას ზუსტ და გადამოწმებულ ინფორმაციას და, შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს ნეიტრალური მაყურებელი, რომელსაც ამ საკითხზე ინფორმაცია, შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონდეს.
საბჭო მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც 24news.ge-მ შეიტყო, რომ აზერბაიჯანულმა ტელევიზიამ მოამზადა მასალა, რომელიც მათი აუდიტორიისთვის საინტერესო იყო, მას ეს მასალა ელემენტარული ჟურნალისტური სტანდარტების გათვალისწინებით უნდა გაევრცელებინა.
24news.ge-ს
უნდა მიემართა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლისთვის,
დაესვა შეკითხვები და მისი პასუხები მომზადებულ მასალაში უნდა
აესახა.
24news.ge-ს ყველა შესაძლო გზით უნდა ეცადა ინფორმაციის გადამოწმება, უნდა გაერკვია, მართლაც ჰქონდათ თუ არა მარნეულში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანლებს ფინანსური მხარდაჭერა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიდან და, თუ ჰქონდათ, რა მიზნით.
24news.ge-ს
შეეძლო ინფორმაცია გადაემოწმებინა თავად აზერბაიჯანული ტელევიზიის
ჟურნალისტთან, ეკითხა მისთვის, თუ რას ეყრდნობოდა მასალაში
გაჟღერებული ბრალდება.
გამოქვეყნებულ მასალაში არ ჩანს
24news.ge-ს მინიმალური მცდელობა,
გადაემოწმებინა ინფორმაცია და მაყურებლამდე ის დაზუსტებული სახით
მიეტანა , რითაც მან პატივი არ სცა აუდიტორიას.
საბჭოს მიაჩნია, რომ მსგავსი, გადაუმოწმებელი, სახით მასალების ტირაჟირებას თან ახლავს უარყოფითი შედეგები. მნიშვნელოვანია, მედიამ წინდახედულობა გამოიჩინოს, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
მეხუთე პრინციპი.
“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”
ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:
- დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);
- საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.
- ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეხუთე პრინციპი.
ქარტიის სამდივნომ მარიამ სამხარაძის განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა მოპასუხე მხარეს.
ამასთან, განმცხადებელმა საბჭოს დამატებით წარმოუდგინა მიმოწერის ამსახველი “სქრინები”, რომლიდანაც ირკვევა, რომ მასალების გამოქვეყნებიდან მალევე, კერძოდ 8 იანვარს, მან გამოხატა პრეტენზია გავრცელებული ინფორმაციის უზუსტობასთან დაკავშირებით და მოპასუხე მედიისგან რეაგირება ითხოვა.
აღნიშნული ადასტურებს, რომ 24news.ge-სთვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ, რაც იძლეოდა საფუძველს არაზუსტი ინფორმაცია შესწორებისთვის, ეს კი არ მომხდარა.
სადავო მასალა დღემდე პირვანდელი სახით არის ხელმისაწვდომი 24news.ge-ს ფეისბუქ გვერდზე და მას არ აქვს არანაირი მითითება, რომ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.
შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ აზერ მამედოვმა ქარტიის მე-5 პრინციპი დაარღვია.
სარეზოლუციო ნაწილი
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, აზერ მამედოვმა ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპები დაარღვია.