კოალიციის განცხადება „TV პირველისა“ და „არტარეის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ
07.03.2019

კატეგორია : განცხადებები;
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ ეხმიანება 2019 წლის 6 მარტს საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილის ერთ ნაწილს, სადაც საუბარია სამ მოთხოვნაზე, რომელიც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა შესრულდეს. მათგან ორი მედიასაშუალებების: „TV პირველისა“ და „არტარეის“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ეხება. კოალიცია მიიჩნევს, რომ წერილის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, იგი წარმოადგენს მედიის საქმიანობაში ჩარევას და სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობას. აღნიშნული საქმე განსაკუთრებულ ყურადღებას იმის გამოც იმსახურებს, რომ ამ წერილის ადრესატის მიერ ავტორად ქვეყნის ვიცე-პრემიერი და შსს მინისტრი სახელდება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „TV პირველის“ სახელი ჩნდება სხვადასხვა ტიპის გარიგებებთან დაკავშირებულ საქმეებში, სადაც ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილი ჩანს. კვლევებით დასტურდება,რომ ეს არხი მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს. მნიშვნელოვანია, როგორც ამ მაუწყებელმა, ისე ყველა სხვა მედიასაშუალებამ იცოდეს, რომ მათი სარედაქციო დამოუკიდებლობა დაცულია კანონით. ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ შეუძლიათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება, რომ ისინი არ გახდებიან ინსტრუმენტი სხვადასხვა პირთა ინტერესების სასარგებლოდ. ამისათვის კი აუცილებელია, თითოეული ასეთი შემთხვევა გამოძიებული იყოს გამჭვირვალედ.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები ყურადღებით დავაკვირდებით ტელეკომპანიების - „TV პირველისა“ და „არტარეის“ ირგვლივ მოვლენების შემდგომ განვითარებას. ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, განსაკუთრებული ყურადღებით გამოიძიოს მედიასაშუალებებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები და გამოძიება მაქსიმალურად მოკლე ვადებში, ეფექტიანად წარმართოს იმგვარად, რომ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი ამომწურავად გაეცეს.
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.