განცხადებები
კატეგორია - განცხადებები
დღეს, 2020 წლის 08 ნოემბერს, ცესკოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კანონით სავალდებულო ხმამაღალი, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა. ჟურნალისტების ინფორმაციით, ადგილზე დგას მძაფრი, სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზის სუნი, რის გამოც ტერიტორიაზე გაჩერება და მუშაობა რთულია.

,,რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაშავდა მათი ოპერატორი, დაზინებულია მაუწყებლის კამერაც.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რათა სამართალდამცავებმა დაიცვან და უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, შეუქმნან მათ ნორმალური სამუშაო პირობები.
08.11.2020
კატეგორია - განცხადებები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს 21 ოქტომბერს TV პირველის დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაზე.

ვატო წერეთლის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავთანდილ წერეთელს სპორტული აღნაგობის ორი პირი დახვდა და მოკვლით დაემუქრა. მისი ინფორმაციით, მუქარა TV პირველის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით იყო განპირობებული.

ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ დროული, სრულყოფილი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება. ამასთან, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დამნაშავეთა დროული გამოვლენა და მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენცია მოხდეს.
22.10.2020
კატეგორია - განცხადებები
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას შეასრულოს ობიექტური და მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლი წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში მედიის მონიტორინგისას.

გავეცანით კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ პროექტს „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და მიგვაჩნია, რომ პროექტის აღნიშნული სახით მიღებამ შესაძლოა წარმოქმნას მნიშვნელოვანი ხარვეზები და გახდეს ახალი საფრთხე პლურალისტული მედიაგარემოსთვის საქართველოში. ამავე დროს, ზიანი მიაყენოს კომისიის, როგორც საარჩევნო პროცესების გაშუქებაზე დამოუკიდებელი მონიტორის რეპუტაციას.

2012 წელს კოალიციის წევრი ორგანიზაციები კრიტიკულად ვაფასებდით მარეგულირებელი კომისიის მიერ შემოთავაზებულ თავდაპირველ ვერსიას, თუმცა ცვლილებები, რომელსაც 2020 წელს გვთავაზობს კომუნიკაციების კომისია კიდევ უფრო აუარესებს სტანდარტს შემდეგი გარემოებების გამო: 1. ტერმინის „მედია“ განმარტების ცვლილების ხარვეზი - განსხვავებით 2012 წლის რედაქციისაგან, სადაც მითითებული იყო, რომ მედია ამ დადგენილების მიიზნებისათვის არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან/და ლიცენზირებული მაუწყებელი, გაზეთი, განახლებულ რედაქციაში მედიის განმარტება ამოღებულია. ამასთანავე, დადგენილების მესამე მუხლის ცვლილების შემთხვევაში, არ არის დათქმა, თუ რომელ მედია სუბიექტებს მოიაზრებს კომისია მონიტორინგის ვალდებულებებში. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მედიის ძირითადი/ფართო განმარტება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონითაა ფორმულირებული, რომლის თანახმადაც, მედია არის მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის, ინტერნეტი. შეუძლებელია საარჩევნო მონიტორინგი გავრცელდეს ყველა ტიპის მედიაზე. დაუშვებელია, ონლაინ მედია მოექცეს კონტროლის ქვეშ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესების გაშუქებისას. ამიტომაც საჭიროდ მიგვაჩნია, კომისიამ დროულად გამოასწოროს აღნიშნული ხარვეზი და კვლავაც დააკონკრეტოს/დაავიწროვოს მონიტორინგის სუბიექტთა წრე.

2. დადგენილებაში ზოგადი ფორმულირებების შემოტანა შეუსაბამოდ აფართოებს კომისიის დისკრეციას - ზოგადი გახდა დადგენილების მუხლი 4 - საარჩევნო პროცესში მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და რეკლამის განთავსების მიმართ წაყენებული მოთხოვნები, რომლის შინაარსშიც არ დგინდება თუ რა პასუხისმგებლობები აკისრია მედიას, რაც მეორეს მხრივ, შესაძლებლობას აძლევს მარეგულირებელ ორგანოს ფართო დისკრეციით განსაზღვროს მოთხოვნა და დაადგინოს დარღვევა, გამოიყენოს სანქცია;

3. დადგენილებიდან ამოღებულია დაკონკრეტება სავალდებულო პროცედურების შესახებ - დადგენილების განახლებული ტექსტის მიხედვით, საარჩევნო პროცესში მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და რეკლამის განთავსება უნდა მოხდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წესების შესაბამისად. პროექტის თანახმად, აღნიშნული ჩანაწერით უნდა ჩანაცვლდეს რედაქცია, რომელიც შედარებით კონკრეტულად მიანიშნებდა მედიის პასუხისმგებლობებზე. აღნიშნული ცვლილებით მედიისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული პასუხისმგებლობები ნათელი და განჭვრეტადი აღარ იქნება.

4. დადგენილება არალეგიტიმურად აფართოებს საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს საარჩევნო კოდექსის ჩანაწერს პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვადებთან დაკავშირებით - დადგენილების მეოთხე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად „ დაუშვებელია მაუწყებლის მიერ კენჭისყრამდე 50-ე დღემდე ფასიანი ან უფასო წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განთავსება“ აღნიშნული ჩანაწერით დადგენილება არალეგიტიმურად აფართოებს საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს საარჩევნო კოდექსის ჩანაწერს პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვადებთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც კოდექსი კონკრეტულად არ მიუთითებს საწყის ვადაზე, დადგენილება მკაცრად ადგენს, თუ როდიდან შეიძლება რეკლამის განთავსება, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს საარჩევნო გარემოს. ამასთანავე, დაუშვებელია კომისიამ დადგენილებით განსაზღვროს არჩევნებთან დაკავშირებული ის საკითხი, რომელიც უნდა რეგულირდებოდეს ორგანული კანონით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას გადახედოს პროექტს და შექმნას სივრცე წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში მედიის მონაწილეობის თავისუფლების და თავისუფალი მედიაგარემოს რეალიზებისათვის.
20.08.2020
კატეგორია - განცხადებები
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მედიაში პრობლემური გაშუქების პროცესს, განსაკუთრებით კი 2020 წლის 9 აგვისტოს, 23:00 საათზე მთავარ არხზე გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ გასულ ინტერვიუს და მივიჩნევთ, რომ არსებითია მედიამ გაიაზროს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობა და საკუთარი პასუხისმგებლობა სამართლებრივი და დემოკატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში, რომელიც ადამიანის უფლებებისა და ღირსების პატივისცემის იდეალებზე დგას.

მთავარ არხზე წამყვანის მიერ დასმული კითხვები, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა მედიასაშუალების მიერ მომზადებული მასალა, შეეხებოდა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ინტიმური ურთიერთობების დეტალებს, რაც, ერთის მხრივ, თავად გარდაცვლილის ხოლო, მეორეს მხრივ, მისი მეგობრების პირადი ცხოვრების უფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის საქმის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მედიის განსაკუთრებული როლი, აკონტროლოს საჯარო ხელისუფლება, ასევე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ მიმდინარე გამოძიების ხარვეზულობასა და მისი ღიაობისა და გამჭირვალობის პრობლემას, არსებითი გვგონია საქმეზე საჯარო განხილვა ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვითა და პატივისცემით წარიმართოს. ამგვარ მიდგომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების, ასევე მისი მეგობრების ღირსების, პირადი ცხოვრებისა და მორალური უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

ადამიანის პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის დაცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სფეროში მოიაზრებს, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ისე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო.[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღიარებს გარდაცვლილი პირის მშობლების კონსტიტუციურ უფლებას, იდავონ გარდაცვლილი შვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, როდესაც აღნიშნული ინფორმაცია, ამავდროულად, არღვევს მათ პირად უფლებებს. [2]

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის თანახმად კი, კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების უფლების გარანტიები ვრცელდება ასევე გარდაცვლილ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე. [3]მაგალითისთვის, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე Plon v. France (№58148/00) მიიჩნია, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების გამო ჟურნალისტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ემსახურებოდა გარდაცვლილის პატივის, რეპუტაციისა და პირადი ცხოვრების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. ასევე, საქმეზე Almeida Leitão Bento Fernandes v. Portugal (№ 25790/11, 12 მარტი, 2015 წ.), ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ გარდაცვლილი არასაჯარო პირების პირადი ცხოვრების დეტალების გამოქვეყნება სცდებოდა ავტორის გამოხატვის თავისუფლებით დადგენილ ფარგლებს.

მაღალი საჯარო ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეების გაშუქებისას ხშირად ერთმანეთს უპირისპირდება, ერთის მხრივ, ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლება და საზოგადოების უფლება ინფორმაციის მიღებაზე, მეორეს მხრივ კი, საქმეში მონაწილე პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ამგვარი კონფლიქტის გადაწყვეტისას მხედველობაში იღებს ინფორმაციის მნიშვნელობას საჯარო ინტერესის მქონე დებატებში ინფორმაციის სუბიექტის ცნობადობას, გავრცელებული ინფორმაციის შინაარსს, ფორმასა და შედეგებს.[4]

ხელმომწერი ორგანიზაციები მიუღებლად მივიჩნევთ გადაცემის წამყვანის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ „როდესაც საქმე მიმდინარეობს თვითმკვლელობაზე, პირადი ცხოვრება ხდება გამჭირვალე“. ამასთან, საფუძველს მოკლებულია წამყვანის მტკიცება, რომ თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეებზე ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ სარგებლობს მაღალი საჯარო ინტერესით. გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება ამ უფლების არსს, რომელიც თავისთავში მოიცავს პასუხისმგებლობასაც და ზღვარდადებულია სხვათა უფლებების დაცვის ინტერესით. [5]როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, “გამოხატვის თავისუფლების, როგორც საზოგადოების, ისე ინდივიდის განვითარებისთვის, უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, ის არ სარგებლობს თავისთავადი უპირატესობით რომელიმე სხვა კონსტიტუციურ სიკეთესთან”. [6]ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გაშუქებისას, პრესამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც განზრახ თუ გაუფრთხილებლად, ზიანს მიაყენებს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.[7]

მიუხედავად თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების თაობაზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისა, ინტერვიუზე განხილული პირადი ცხოვრების დეტალები არ იძლეოდა საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და შესაბამისად, მათი გაშუქება არ ემსახურებოდა მაღალ საჯარო ინტერესს. ამასთან, არც თამარ ბაჩალიაშვილი და არც მისი მეგობარი არ წარმოადგენენ საჯარო ფიგურას, რაც აფართოებს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ფარგლებს.[8] გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები, რომ ინტერვიუზე განხილული დეტალები შეეხებოდა პირადი ცხოვრების განსაკუთრებით პირადულ ასპექტებს, მათ შორის გარდაცვლილისა და მისი მეგობრის სექსუალურ იდენტობასა და ინტიმურ ცხოვრებას, რაც, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ექცევა პირადი ცხოვრების უფლების განსაკუთრებული დაცვის ქვეშ.[9]

პასუხისმგებლიანი მედია დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი რგოლია და მას სიმართლის დადგენის, საჯარო ხელისუფლების კონტროლისა და ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების წუხილების, საჭიროებებისა და ინტერესების გახილვადებისა და დღის წესრიგში დაყენების უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. პლურალისტური მედიაგარემოს გარეშე დემოკრატია ვერ მუშაობს და მას საკვანძო როლი აქვს საზოგადოების ჯეროვანი ფუნქციონირებისთვის. თუმცა, ამგვარი როლის შესრულება მედიას სწორედ მაშინ შეუძლია, როცა ის ადამიანის უფლებებისა და ეთიკის სტანდარტების განუხრელი დამცველია და საკუთარ პრაქტიკაში ადამიანების ინსტრუმენტალიზების, პროპაგანდისა და მანიპულირების მიდგომებს გამორიცხავს. ჩვენი ქვეყნის პოლარიზებული და კონფლიქტური პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით, როცა დასუსტებულია ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, პასუხისმგებლიანი მედიის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმისადმი საჯარო ინტერესი არ ამართლებს გარდაცვლილის თაობაზე ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაციის გავრცელებას და მნიშვნელოვანია, მედია საშუალებებმა ბაჩალიაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების პირადი ცხოვრების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე და პატივისცემა გამოიჩინონ და განუხრელად დაიცვან ადამიანის უფლებები და მედია ეთიკის სტანდარტები.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • კავშირი საფარი;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • თანასწორობის მოძრაობა;
  • უფლებები საქართველო;
  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
  • ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC);
  • მედიაკლუბი;
  • სატელევიზიო ქსელი;
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)









[1] A. v. Norway, no. 28070/06, § 63-64, 9 April 2009; taliadorou and Stylianou v. Cyprus, nos. 39627/05 and 39631/05, § 45, 16 October 2008

[2] 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაში „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

[3] Putistin v Ukraine No. 16882/03, 21.11.13, §33; 40

[4] Axel Springer v. Germany, no. 39954/08, 07.02.2012, §§ 89-95 and Von Hannover v. Germany (No 2), nos. 40660/08 and 60641/08, 07.02.2012, §§ 108-113.

[5] Axel Springer v. Germany, no. 39954/08, 07.02.2012, §§ 82

[6] 2016 წლის 30 სექტემბრის N1/6/561,568 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II 44-45

[7] Craxi N2 v. Italy, §65, no. 25337/94, 17/10/2003

[8] Worm v. Austria, 83/1996/702/894, 29/08/1997, § 50

[9] Schlumpf v. Switzerland, № 29002/06, (§§ 104 and 115
10.08.2020
კატეგორია - განცხადებები
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ ეხმიანება 2019 წლის 6 მარტს საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილის ერთ ნაწილს, სადაც საუბარია სამ მოთხოვნაზე, რომელიც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა შესრულდეს. მათგან ორი მედიასაშუალებების: „TV პირველისა“ და „არტარეის“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ეხება. კოალიცია მიიჩნევს, რომ წერილის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, იგი წარმოადგენს მედიის საქმიანობაში ჩარევას და სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობას. აღნიშნული საქმე განსაკუთრებულ ყურადღებას იმის გამოც იმსახურებს, რომ ამ წერილის ადრესატის მიერ ავტორად ქვეყნის ვიცე-პრემიერი და შსს მინისტრი სახელდება.

07.03.2019
კატეგორია - განცხადებები
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის - დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

25.01.2019
კატეგორია - განცხადებები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა მარნეულის სათემო რადიოს ხელმძღვანელმა კამილა მამედოვამ, რომლის თქმითაც მასზე და რადიოს სხვა ჟურნალისტებზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა პირის მხრიდან ხორციელდება ზეწოლა, ემუქარებიან, აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას სოციალური ქსელების და სატელეფონო ზარების მეშვეობითაც.

03.07.2017
კატეგორია - განცხადებები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

 

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

 

 

27.06.2017
კატეგორია - განცხადებები
საქართველოს ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებას გამოხატავს, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ აგრძელებს კონტრაქტს რადიო თავისუფლებასთან და შესაბამისად, ეთერში აღარ გავა გადაცემები „წითელი ზონა“ და „ინტერview“ .
14.06.2017
კატეგორია - განცხადებები
ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცავ სტრუქტურებს და ითხოვს უსწრაფესად იქნეს გამოძიებული აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის „გაუჩინარების“ საქმე. ახლობლების თქმით, აფგან მუხთარლი 29 მაისის შემდეგ აღარავის უნახავს. ის ბოლო ორი წელია საქართველოში ცხოვრობს, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობის გამო მისი იქ დარჩენა სახიფათო იყო.

30.05.2017
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.