მედიით გავრცელებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები საგანგაშოა
28.09.2012

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საგანგებო განცხადება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საგანგაშოდ მიაჩნია, რომ ბოლო დღეებში საქართველოს მედიით ვრცელდება სხვადასხვა ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერი.

ამ ჩანაწერებს ავრცელებენ როგორც ხელისუფლების ორგანოები, ასევე ცალკეული კერძო პირები და არაიდენტიფიცირებული პირები.

უკვე გავრცელებული მასალების ანალიზი ცხადყოფს,რომ ეს პროცესი ხელს უშლის მოქალაქეების ინფორმირებულობას, ნორმალური საარჩევნო და მედიაგარემოს არსებობას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ყველა მედია საშუალებას, ქარტიის ყველა ხელმომწერ და არახელმომწერ ჟურნალისტს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი, დაუსაბუთებელი და საეჭვო ფოტო-, ვიდეო- და აუდიომასალების გავრცელებისგან.

მედიას განსაკუთრებული პასუხისმგებელობაა, ზუსტი, მაღალეთიკური ინფორმაცია მიაწოდოს მოქალაქეებს და ხელი შეუწყოს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას.
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.