ქარტიის საბჭოს განცხადება ჟურნალისტებზე განხორციელებული მუქარის შესახებ
24.06.2015

კატეგორია : განცხადებები;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში მოქმედი აზერბაიჯანულენოვანი ვებგვერდის renessans.ge-ს ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მუქარის გამო. ინფორმაცია, რომ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ კარიკატურას მარნეულის იმამ ალის სახელობის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარის, ჯავიდ გურბანოვის მხრიდან მუქარა მოჰყვა, თვითონ ვებგვერდმა გაავრცელა. გამოცემის ჟურნალისტებმა მათი და ჯავიდ გურბანოვის მიმოწერა და საუბრის ჩანაწერიც გაასაჯაროვეს. ჩანაწერის მიხედვით ფონდის თავმჯდომარე მათ სისხლის დაღვრით ემუქრება . "რენესანსის" ჟურნალისტებმა დახმარებისთვის პოლიციას 16 ივნისს მიმართეს, ამ დროისთვის საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა. ქარტიის საბჭო ხაზს უსვამს, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია ქვეყნის კანონმდებლობით, უშუალოდ სისხლის სამართლის კოდექსით კი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაც და მუქარაც დასჯადია : მუხლი 154. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა
  1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
  1. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლი: "სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე". ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცველ ორგანოებს და იმედოვნებს, რომ შესაბამისი უწყებები ჟურნალისტების მიმართ მუქარისა და ზეწოლის ფაქტზე მოახდენენ დროულ და ადეკვატურ რეაგირებას.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.