კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის გეგმას ეხმიანება
06.02.2017

კატეგორია : განცხადებები;

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა  ისაუბრა მაუწყებელში არსებული პრობლემების შესახებ და სამეურვეო საბჭოსა და დაინტერესებულ საზოგადოებას განსახილველად შესთავაზა გეგმა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს 2018 წლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემის შეჩერებას, გარდა საინფორმაციო გადაცემისა.

 

კოალიცია მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული გეგმა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს მაუწყებლობის შესახებ, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია "საუკეთესო დროს განათავსოს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყოს აუდიტორიის დროული ინფორმირება მისი მომსახურების ზონაში საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ".

 

შემოთავაზებული გეგმა არის რადიკალური და გამოიწვევეს მაუწყბელის სულ მცირე  ერთი წლით პარალიზებას. კოალიცია მოუწოდებს საბჭოს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს კანონით დადგენილი ეს  ვალდებულება და მაყურებლის უფლება, მიიღოს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ. 2017 წელი არის თვითმმართველობის არჩევნებისა და საკონსტიტუციო რეფორმის წელი, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრებს მნიშვნელოვან ფუნქციას მოქალაქეებს მიაწოდოს არა მხოლოდ ახალი ამბები, არამედ პროცესების მრავალმხრივი ანალიზი და შესთავაზოს მრავალფეროვანი დისკუსია აქტუალური თემების შესახებ.

კოალიციისთვის სადავო არ არის მაუწყებელზე ცვლილებების საჭიროება. ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი განვითარების აუცილებლობაზე, თუმცა მენეჯმენტის მიერ შემოთავაზებული რადიკალური ცვლილებები არ გვაძლევს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მაუწყებლის პრიორიტეტები მომავალში, რა გადაცემები შეავსებს მაუწყებლის ბადეს 2018 წლიდან: რეიტინგისათვის გამიზნული მეგა შოუები თუ სადისკუსიო, ანალიტიკური, საგამოძიებო ჟურნალისტური პროდუქტი. ასევე გაურკვეველია, როგორ იქნება დაცული მაუწყებლის თანამშრომელთა შრომითი უფლებები მასობრივი დათხოვნის პირობებში.

კოალიცია მზად არის სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს შემოთავაზებული გეგმის განხილვაში.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.