გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი რუსთავი 2-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
11.08.2023

განმცხადებელი : სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი;
მოპასუხე : რუსთავი 2-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;

25 ივლისი,  2023 წელი

საქმე N – 684

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 17 ივლისს, „რუსთავი 2”-ის მიერ მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სადავო ჟურნალისტურ პროდუქტზე ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება, ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებული ავტორი“.

საქმის განხილვას ესწრებდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

სადავო მასალის სათაურია - „საქართველოს ოთხი მოქალაქე 11-დან 13 წლამდე გოგონებს სექსუალურად ავიწროებდა - რას წერს პოლონური მედია".

განმცხადებელი განმარტავდა, რომ მასალაში დაკავებული პირების ეთნიკური კუთვნილება იყო მითითებული, კერძოდ ნიუსში ნათქვამი იყო, რომ პოლონეთში დაკავებული პირები საქართველოს მოქალაქეები, ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან.

განმცხადებლის თქმით, მედიასაშუალების წარმომადგენლებს ჰქონდათ მცდელობა დაჰკავშირებოდნენ ადგილობრივ მედიას და ეთნიკურად აზერბაიჯანელებთან ჩაეწერათ ინტერვიუ აღნიშნულთან დაკავშირებით, რაც, განმცხადებლის თქმით, დისკრიმინაციულია და ხელს უშლის ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ჩართულობას საზოგადოებაში.

სადავო მასალა მედიასაშუალებამ ჩაასწორა და ფრაზა - „საქართველოს მოქალაქეები ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან", წაშალა.

ქარტიის კრიმინალის გაშუქება – სახელმძღვანელო წესებში ნათქვამია,

დაუშვებელია ბრალდებულის ეთნიკური, რელიგიური ან სხვა სახის იდენტობის დაკავშირება დანაშაულთან, ან მისი იდენტობის ხსენება, თუკი ის პირდაპირ არ უკავშირდება დანაშაულის მოტივს.

განსახილველ შემთხვევაში, სავარაუდო დანაშაული იყო სექსუალური შევიწროება, რომელიც არ უკავშირდება რაიმე სახის იდენტობას. ეთნიკურ იდენტობაზე ხაზგასმით იზრდება სტიგმატიზების საფრთხე. ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებისათვის მიუღებელია ალბათობა, რომ დანაშაულის ეს სახე დაუკავშირდეს რომელიმე ეთნიკურ ჯგუფს და იწვევს ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევას. ამასთან, საბჭო აღნიშნავს, რომ მასალა არ შესწორდა ჯეროვნად.

როგორც საბჭომ თავის პრაქტიკაში აღნიშნა, მედია შესაძლოა მარტივად გახდეს სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე. მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, არ წაახალისონ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბება. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საინფორმაციო ქმედებებით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ ბრძოლას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. რუსთავი 2-ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.