გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ააიპ ფემინა და მაგდა მამუკაშვილი ნინია ზვიადაძის წინააღმდეგ
04.07.2023

განმცხადებელი : ააიპ ფემინა; მაგდა მამუკაშვილი;
მოპასუხე : ნინია ზვიადაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი;

16 ივნისი,  2023 წელი

საქმე N – 658

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ააიპ ფემინამ და მაგდა მამუკაშვილმა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ 2023 წლის 15 მაისს, ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გასულ სიუჟეტში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ნინია ზვიადაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებლები, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სიუჟეტის სათაურია - „ქალთა ალკოჰოლური დამოკიდებულება - ზრდადი მაჩვენებელი და მძიმე ეფექტი”.

სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს:

       „მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად მამაკაცები უფრო მეტად მოიხმარდნენ ალკოჰოლს, ვიდრე ქალები, დღეს ეს სტატისტიკა შეცვლილია. უკანასკნელი მონაცემებით, გენდერული სხვაობა თითქმის გათანაბრდა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქალები უფრო ხშირად მოიხმარენ ალკოჰოლს, ვიდრე ადრე".

       „ის, რომ ალკოჰოლიზმი ძირითადად მამრობითი სქესის წარმომადგენლებთან ასოცირდებოდა, მეცნიერულ კვლევებშიც მკაფიოდ გამოიხატება, მაგალითად: 1990-იან წლებამდე თითქმის ყველა კლინიკური კვლევა, რომელიც ალკოჰოლზე კეთდებოდა, მთლიანად მამაკაცებზე იყო ორიენტირებული. თანამედროვე ექსპერტების თქმით, ალკოჰოლზე დამოკიდებული მამაკაცების კვლევა ალკოდამოკიდებულ ქალებს ვერაფრით დაეხმარება".

       „დამტკიცებულია, რომ ქალის ორგანიზმზე ალკოჰოლი უფრო განსხვავებულად მოქმედებს, ვიდრე მამაკაცის ორგანიზმზე".

       „6 განსხვავებული ქვეყნის 16-წლიანმა კვლევამ დაადგინა, რომ ქალებში ალკოჰოლის გადაჭარბებულმა მოხმარება ამ ხნის განმავლობაში 14%-ით გაიზარდა".

განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ სიუჟეტში გავრცელებულ ინფორმაციას აუდიტორია შეცდომაში შეჰყავს. მათი თქმით, მაყურებლისთვის გაუგებარია, რა კვლევებსა და სტატისტიკებზე დაყრდნობით საუბრობს ჟურნალისტი.

განმცხადებლის თქმით, ლოგიკური კითხვები, რომლებიც საკითხის მიმართ ჩნდება, პასუხგაუცემელია - რომელ ქვეყნებში ჩატარდა კვლევა, რომელ წლებში, რომელი ორგანიზაციის მიერ და რა მეთოდოლოგიით, რა იყო ამ კვლევის ძირითადი მიგნებები და ლიმიტები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ კვლევების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ნათქვამია, რომ კვლევების გაშუქებისას მედიასაშუალებამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს აუდიტორია და ამით არ დააზიანოს საკუთარი სანდოობა და მიუკერძოებლობა.

კვლევის გაშუქებისას:

       მნიშვნელოვანია აუდიტორიას მიეწოდოს ინფორმაცია, ვინ ჩაატარა კვლევა, ვინ დაუკვეთა და როგორია ცდომილება, სასურველია ეს ინფორმაცია გატანილი იყოს გრაფიკებშიც.

       აუდიტორიამ უნდა მიიღოს ინფორმაცია კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ.

იმისათვის, რომ აუდიტორიამ მიიღოს სრული, ობიექტური და სანდო ინფორმაცია, ჟურნალისტმა მედიაპროდუქტში პასუხი უნდა გასცეს შემდეგ შეკითხვებს:

ვინ ჩაატარა კვლევა; ვინ და რატომ დააფინანსა/დაუკვეთა კვლევა; რამდენი ადამიანი გამოიკითხა კვლევისთვის, როგორ და რა არეალიდან (სახელმწიფო, რეგიონი) და რა ჯგუფიდან (მასწავლებლები, იურისტები, დემოკრატიული ამომრჩევლები და ა.შ.) შეირჩნენ ეს ადამიანები; როდის გაკეთდა გამოკითხვა; რამდენია ცდომილება; არსებობს თუ არა რაიმე ფაქტორი, რასაც შეიძლება გავლენა ჰქონოდა კვლევის შედეგის უზუსტობაზე და ა.შ.

სადავო მედიაპროდუქტებში აღნიშნულ შეკითხვებზე სრული ინფორმაცია არ გვხვდება. მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ „6 განსხვავებული ქვეყნის 16 წლიანმა კვლევამ დაადგინა, რომ ქალებში ალკოჰოლის გადაჭარბებულმა მოხმარება ამ ხნის განმავლობაში 14%-ით გაიზარდა". ამასთან, სიუჟეტში ნათქვამია, რომ  სტატისტიკური მონაცემებიც შეცვლილია და „ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქალები უფრო ხშირად მოიხმარენ ალკოჰოლს, ვიდრე ადრე". გაურკვეველია, რომელ სტატისტიკას ეყრდნობა ჟურნალისტი.

სიუჟეტში ასევე გაუგებარია, რა ინფორმაციას/რომელ ექსპერტების ნაწილს ეყრდნობა ჟურნალისტი, როცა ამბობს - „თანამედროვე ექსპერტების თქმით, ალკოჰოლზე დამოკიდებული მამაკაცების კვლევა ალკოდამოკიდებულ ქალებს ვერაფრით დაეხმარება"; „დამტკიცებულია, რომ ქალის ორგანიზმზე ალკოჰოლი უფრო განსხვავებულად მოქმედებს, ვიდრე მამაკაცის ორგანიზმზე".

მაყურებელმა ვერ მიიღო სრული, გადამოწმებული და დაზუსტებული ინფორმაცია. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ მასალა იყო დისკრიმინაციული გენდერული ნიშნით და საკითხის რეპრეზენტაციის დროს ავტორი არ იყენებდა გენდერულად სენსიტიურ ლექსიკას, არ ითვალისწინებდა არსებულ სოციალურ და კულტურულ გარემოს და აჟღერებდა არაერთ მავნე გენდერულ სტერეოტიპს.

განმცხადებლების თქმით, ამგვარი განაცხადი, რომ „ბოლო დროს ალკოჰოლდამოკიდებული ქალების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა" გენდერულად არასენსიტიურ გარემოში, სადაც ქალებს ყოველდღიურად უამრავ სტერეოტიპთან უწევთ გამკლავება, ქმნის მაყურებლებში გენდერული სტერეოტიპების გაღრმავების და დისკრიმინაციის წახალისების რეალურ საფრთხეს. ასევე, მათ აღნიშნეს, რომ როგორც ჟურნალისტი, ისე რესპონდენტი იყენებენ სტერეოტიპულ ტერმინებს.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. მსგავსი სახით საკითხის გაშუქებამ გამოიწვია დისკრიმინაციის გაძლიერება და ხელი შეუწყო გენდერული ნიშნით სტიგმების გაძლიერებას.

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში სიუჟეტის სავარაუდო შედეგი იყო არა საზოგადოების ინფორმირება, არამედ მისი ემოციური დამუხტვა და ქალების მიმართ აგრესიის/ნეგატივის მიმართვა. შესაბამისად, არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიწოდებით, ჟურნალისტმა მოახდინა საზოგადოების პროვოცირება და ისეთი დისკრიმინაციული რიტორიკის წახალისება, რაც დასტურდება სადავო მედიაპროდუქტის სოციალურ გვერდზე მკითხველთა გამოხმაურებით. ძირითადად, ეს გამოხმაურება იყო სექსისტური და ქალებს ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენდა. მით უფრო მაშინ, როცა გავრცელებული ინფორმაცია არ არის დაზუსტებული, იგი მხოლოდ სტერეოტიპული ხედვების გაძლიერებას უწყობს ხელს. 

გარდა ამისა, ჟურნალისტი იყენებს არასწორ ტერმინს - „მამაკაცები”, რესპონდენტი კი ამბობს „ქალბატონები”. საბჭო აღნიშნავს, რომ ჟურნალისტურ მასალაში აუცილებელია გამოყენებული იყოს გენდერულად ნეიტრალური ტერმინები „ქალი” და „კაცი”, რომელიც აღნიშნავს სქესს და დაცლილია ამა თუ იმ კონოტაციისგან. საბჭოს რეკომენდაციაა, რომ მედიამ სიტყვები „ქალბატონი“, „ბატონი“ მხოლოდ მიმართვისას გამოიყენოს. ასევე, მოერიდოს ისეთ სიტყვებს, რაც ქალს და კაცს სტერეოტიპულად წარმოაჩენს.

მასალაში ვხვდებით ინტერვიუს რეაბილიტოლოგთან, რომელსაც ჟურნალისტი ეკითხება „რა გამოცდილებაა ქალების მიმართულებით, მოდიან ისინი ხშირად ამ საკითხით თუ ეშინიათ უფრო"; ჟურნალისტი და რესპონდენტი საუბრობენ, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ქალების მიმართ სტიგმა არსებობს. ასეთ დროს, ქარტია რეკომენდაციას აძლევს მედიას, ისაუბროს სისტემურ პრობლემაზე და აუდიტორიას მიაწოდოს სასარგებლო ინფორმაცია.

ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის წახალისება, სიძულვილის ენა და არატოლერანტული გამონათქვამები. მედიას გენდერულად მგრძნობიარე, არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს.

როგორც საბჭომ თავის პრაქტიკაში აღნიშნა, მედია შესაძლოა მარტივად გახდეს სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე. მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, არ წაახალისონ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბება. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საინფორმაციო ქმედებებით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ ბრძოლას. 

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნინია ზვიადაძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპი.