გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - შპს „ანაგი” ნინიკო გიგაურის წინააღმდეგ
16.06.2023

განმცხადებელი : შპს „ანაგი”;
მოპასუხე : ნინიკო გიგაური;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

18 მაისი, 2023 წელი

საქმე N – 635

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, თათია ხალიანი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, საბა წიწიკაშვილი, გულო კოხოძე, ირმა ზოიძე

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა შპს „ანაგმა”, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 19 მარტს ტელეკომპანია „მთავარი არხის” საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-3 და მე-11  პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სხდომას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხეს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და შეპასუხება არც წერილობით წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

მასალაში ჟურნალისტი ამბობს:

„საუბარი არის კომპანია ანაგზე და ეს არის საკმაოდ ცნობილი კომპანია, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ამ კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე. კომპანია ანაგი არის ქართულ ოცნებასთან დაახლოებული კომპანია და ქართული ოცნების წევრებთან დაახლოებული კომპანია, თითქმის ყველა მსხვილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ხოლმე ეს კომპანია და ხშირ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერად. ამჯერადაც აქ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ ისტორიული მნიშვნელობის შენობების შემთხვევაშიც არასწორად სრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები"...

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არასწორი და მაყურებლის შეცდომაში შემყვანი იყო. მისი თქმით, ჟურნალისტის სიტყვები, რომ თითქოს კომპანია „ანაგი” მსხვილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხშირ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერად ასრულებს, არაზუსტია.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია „ანაგი" რომელიმე სამუშაოს, მითუმეტეს საჯარო ხელშეკრულებების ფარგლებში, ერთხელ მაინც შეასრულებს არაკეთილსინდისიერად, აღნიშნული ხელშეკრულება ან ვადამდე შეწყდება, ან კომპანიას დაეკისრება შესაბამისი სანქციები, რაც, განმცხადებლის თქმით, აქამდე არასდროს მომხდარა. კომპანიის წარმომადგენელი ამბობდა, რომ „ანაგი" ამ შემთხვევაში მოხვდებოდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება კი ჟურნალისტს საჯარო წყაროებიდან შეეძლო.

განმცხადებლის თქმით, მასალაზე მუშაობისას მათ [კომპანიის დირექტორს, იურისტს და მარკეტინგის განყოფილებას] ჟურნალისტი არ დაკავშირებია, რათა ინფორმაცია გადაემოწმებინა და მათი პოზიცია აესახა.

საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭო სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად — უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. სიუჟეტში არ ჩანს მოპასუხე მხარის, შპს „ანაგის" პოზიცია, ჟურნალისტს მასთან ინფორმაცია არ გადაუმოწმებია. იმას, რაც მაყურებელმა ნახა, აკლდა გადამოწმება, ბალანსი და წყაროები.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჟურნალისტს ჰქონდა კომპანიასთან დაკავშირების მცდელობა, აუდიტორიისთვის ამაზე ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა.

აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება. ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.

განმცხადებელი ძირითადად მიუთითებდა, რომ ადგილი ჰქონდა არასწორი ან/და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, ეს კი შეესაბამება ქარტიის პირველ პრინციპთან დაკავშირებულ არგუმენტაციას და მასზე საბჭომ უკვე იმსჯელა, შესაბამისად, იმავე საფუძვლით არ და ვერ დადგინდება ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევა.

მესამე პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ დასტურდება ინფორმაციის წყაროს არსებობა.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტმა ფაქტი განზრახ დაამახინჯა, რაც მიზნად ისახავდა კომპანიის დისკრედიტაციას.

არ გამოიკვეთა მოტივი, თუ რატომ შეიძლებოდა ჟურნალისტს განზრახ შეეყვანა აუდიტორია შეცდომაში. მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და ჟურნალისტმა დადასტურებულად იცის, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება განსახილველ შემთხვევაში არ მტკიცდება, შესაბამისად, საბჭომ ვერ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნინიკო გიგაურმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ნინიკო გიგაურს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-11 პრინციპი.

განცხადება

სადავო მასალა