გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ერნსტ ხეჩუმოვი გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ
29.11.2022

განმცხადებელი : ერნსტ ხეჩუმოვი;
მოპასუხე : გიორგი აბაზაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 11 პრინციპი;

10 ნოემბერი, 2022 წელი

საქმე N – 596

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, ხატია ღოღობერიძე, ნინა ხელაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ერნსტ ხეჩუმოვმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 29 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის” საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში” გასულ სიუჟეტში ჟურნალისტმა გიორგი აბაზაძემ დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი. მოპასუხე ჟურნალისტმა სხდომაში მონაწილეობა არ მიიღო და არც შეპასუხება წარმოადგინა.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალაში, ნათქვამია, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მხარდამჭერი აქცია, რომელიც თავისუფლების მოედანზე უნდა გამართულიყო, ყალბი აღმოჩნდა; სიუჟეტის მიხედვით, ჩატს, სადაც თითქოს ეს აქცია დაიგეგმა,  მოძრაობა „სირცხვილიას" ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, ერნსტ ხეჩუმოვი მართავდა, რასაც იგი თავად უარყოფდა.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ინფორმაცია არასწორი და მაყურებლის შეცდომაში შემყვანი იყო. მისი თქმით:

       იგი არ იყო „სირცხვილიას" აქტივისტი და პირადად არ იცნობდა ნოდარ რუხაძეს;

       მისი ადმინისტრირებით „ტელეგრამის" არცერთი გვერდის მართვა არ ხდებოდა;

       არ ჰქონია კავშირი აქციის ორგანიზებასთან.

განმცხადებლის თქმით, სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია ლახავს მის რეპუტაციასა და ღირსებას.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის პირველი პრინციპი დაირღვა, რადგან ჟურნალისტმა სათანადოდ არ სცა პატივი მაყურებლის უფლებას, მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

განსახილველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით ფორმალური ბალანსი დაცული იყო: ერნსტ ხეჩუმოვს მიეცა შესაძლებლობა, დაეფიქსირებინა პოზიცია. თუმცა მხოლოდ ფორმალური ბალანსის დაცვა არ არის საკმარისი იმ ვითარებაში, როდესაც პიროვნებისადმი წაყენებულ ბრალდებას აუდიტორიისთვის საჯაროს ხდი.

ზოგადად, საბჭო თითოეულ მედიაპროდუქტს აფასებს საზოგადოებისთვის სიუჟეტის წარდგენის ყველა ასპექტის, მიზნისა და აქცენტების  გათვალისწინებით. სიუჟეტში ჟურნალისტის მიერ აქცენტირებულია ვერსია, რომ განმცხადებელი დაკავშირებულია აქციის ორგანიზებასთან და ამ ინფორმაციას „ქრონიკის წყარო" ადასტურებს.

არ ჩანდა მცდელობა, ჟურნალისტს ეჩვენებინა, რა კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა ერნსტ ხეჩუმოვს აქციის ორგანიზებასთან, ასევე, არ ჩანს მისი მცდელობა, მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია სხვა ოფიციალური, რელევანტური წყაროებიდან; მხოლოდ გამოთქმულია ბრალდება, რომელსაც წყარო უარყოფს.

ჟურნალისტს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჰყავდეს კონფიდენციალური წყარო და არ დაასახელოს მისი ვინაობა. თუმცა, ამასთან, მსგავსი ბრალდების გამოთქმისას, აუცილებელია გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და ყველა ღონე იხმაროს ინფორმაციის გადასამოწმებლად.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალას აკლია გადამოწმება და წყაროები. ფორმალური ბალანსი ვერ გადაწონის ბრალდებას, რომელმაც შეიძლება პირს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის  ან/და ნამდვილობის შეფასება. ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად.

მესამე პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.

მესამე პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ დასტურდება ინფორმაციის წყაროს არსებობა. განსახილველ შემთხვევაში, არ არის დადასტურებული, რა წყაროს ეყრდნობა ჟურნალისტი, თუმცა არც ის მტკიცდება, რომ მას წყარო საერთოდ არ ჰყავდა. შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომელიც მიანიშნებდა ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის გაყალბებაზე, საბჭომ მესამე პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.

მეხუთე პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

დადასტურებული ფაქტია, რომ განმცხადებელმა მისი პრეტენზიების შესახებ აცნობა მედიასაშუალების წარმომადგენელს და ჰქონდა მცდელობები სიუჟეტის ავტორთან დაკავშირების. მან წარმოადგინა შესაბამისი დამადასტურებელი მასალა. საბჭომ დაადგინა, რომ ჟურნალისტმა გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია. შესაბამისად, საბჭომ ქარტიის მე-5 პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

საბჭომ აღნიშნულ მედიაპროდუქტში განზრახულობა დაადგინა საქმეზე ნოდარ რუხაძე გიორგი აბაზაძის და ლევან ჯავახიშვილის წინააღმდეგ.

საბჭო არ მიიჩნევს, რომ მედიასაშუალების მხრიდან განზრახულობა დასტურდება ერნსტ ხეჩუმოვის მიმართ, რადგან მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მასალაში მოძრაობა „სირცხვილიას” მიმართ კამპანიურობა დადასტურდა, შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ მიზეზით სიუჟეტში მე-11 პრინციპი დარღვეულია.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. გიორგი აბაზაძემ დაარღვია  ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი.
  2. გიორგი აბაზაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა