გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - შპს „სფეის ლაბი” ნინო ფუტკარაძის და TV4.ge-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
04.06.2022

დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
განმცხადებელი : შპს „სფეის ლაბი”;
მოპასუხე : ნინო ფუტკარაძე, TV4.ge-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;

18  მარტი, 2022 წელი

საქმე N – 552, 553

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, გულო კოხოძე მაია წიკლაური, ხატია ღოღობერიძე.

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით [N 552, N 553] მომართა შპს სფეის ლაბმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ:

 

  1. ტელეკომპანიარუსთავი 2-ის ეთერში  2022 წლის 10 თებერვალს გასულ სიუჟეტში, რომელიც ეხებოდა შპს „სფეის ლაბის“ კუთვნილი COVID-19 ტესტირების ჯიხურის საქმიანობას, დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. მოპასუხე - სიუჟეტის ავტორი, ნინო ფუტკარაძე .
  2. პირველი პრინციპი დაირღვა იმავე თემაზე, 2022 წლის 8 თებერვალს TV4.ge-ის ეთერში გასულ სიუჟეტში. ვინაიდან ვერ დადგინდა TV4.ge-ის სადავო მასალაზე პასუხისმგებელი პირი, ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ასევე, TV4.ge-ის წარმომადგენელი. 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

განმცხადებლის პრეტენზიები სიუჟეტთან დაკავშირებით:

  1. „გადმოსცეს მცდარი ინფორმაცია, ვითომ ადვოკატი მირანდა შალამბერიძე არის კომპანია "სფეის ლაბის" დირექტორი“.
  2. „გარდა ამისა, კომპანია "სფეის ლაბს" ცილი დასწამეს და არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულეს ულიცენზიობის გამო. მოგეხსენებათ, კომპანია ულიცენზიოდ ვერ განახორციელებს თავის საქმიანობას, აღნიშნული კომპანია ლიცენზიით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს. ჟურნალისტებს შეეძლოთ რეგულირების სააგენტოში გადაემოწმებინათ კომპანია ახორციელებდა თუ არა ნამდვილად ულიცენზიო საქმიანობას, იგი წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია“.
  3. მონაკვეთი სიუჟეტში, სადაც ამბობენ, რომ „სფეის ლაბი ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეუსაბამო საქმიანობას, დარღვეულია სანიტარული წესები და არ შეესაბამება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ სტანდარტებს“. 

საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დარღვეულა ქარტიის პირველი პრინციპი. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დადგინდა შემდეგი:

საკითხი პირველიფუნქციონირებდა თუ არ შპს „სფეის ლაბის“ კუთვნილი ტესტირების ჯიხური უნებართვოდ. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, COVID-19-ის ტესტირების ჯიხურის ფუნქციონირებისთვის არ არის საჭირო ნებართვის მოპოვება, თუმცა აუცილებელია, რომ დაინტერესებულმა პირმა ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარ შეატყობინოს საქმიანობის დაწყების შესახებ და მიაწოდოს სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის, მისამართი. როგორც დადგინდა, აღნიშნული ჯიხურის საქმიანობის განხორციელების შესახებ შპს „სფეის ლაბმა“  ჯანდაცვის სამინისტროს აცნობა 2022 წლის 8 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში. სიუჟეტიდან დგინდება, რომ ჯიხური საქმიანობას ახორცილებდა შეტყობინების გაგზავნამდე [ჯიხურში მყოფი პირი ჟურნალისტს 10 თებერვალს ეუბნება, რომ დაახლოებით ერთი კვირაა, მუშაობენ], რაც არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ორივე სიუჟეტში რუსთავის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჯიხური უნებართვოა და დაჯარიმდა. ბალანსისთვის მოცემულია შპს „სფეის ლაბის“ წარმომადგენლის ინტერვიუც, რომელიც აცხადებს, რომ დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია არასწორია.

საკითხი მეორედარღვეული იყო თუ არა სანიტარული წესები. TV4.ge-ის წარმომადგენელმა საბჭოს მიაწოდა მისი და ზედამხედველობის ორგანოს თანამშრომლის მიმოწერა, სადაც ზედამხედველობის სამსახური მას უდასტურებს, რომ „აღნიშნულ ჯიხურთან მიმართებაში, ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევის გამო შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გადაეცა სასამართლოს“.

საკითხი მესამე: „გადმოსცეს მცდარი ინფორმაცია, ვითომ ადვოკატი მირანდა შალამბერიძე არის კომპანია "სფეის ლაბის" დირექტორი“. TV4.ge-ის წარმომადგენელმა საბჭოს აცნობა, რომ როდსაც სცადეს მეორე მხარესთან [სფეის ლაბი] დაკავშირება, ჯიხურში მათ მირანდა შალამბერიძე დაუსახელეს, როგორც პასუხისმგებელი პირი და მისი საკონტაქტო ინფორმაცია მისცეს. თავად სიუჟეტებშიც კომპანიის სახელით განცხადებებს სწორედ მირანდა შალამბერიძე აკეთებს. შესაბამისად, მისი დირექტორად მოხსენიება, იმ ფონზე, რომ სწორად ის წარმოადგენდა ჟურნალისტებთან შპს „სფეის ლაბს“, არ შეიძლება ჩაითვალოს არსებით დარღვევად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1.      ნინო ფუტკარაძეს და TV4.ge-ის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევიათ ქარტიის პირველი პრინციპი.

 

 

განცხადება 1

განცხადება 2

სადავო მასალა 1

სადავო მასალა 2