გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ცენტრალური საარჩევნო კომისია ნინო ხუბუტიას წინააღმდეგ
02.05.2022

დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
განმცხადებელი : ცენტრალურო საარჩევნო კომისია;
მოპასუხე : ნინო ხუბუტია;

07 აპრილი  2022 წელი

საქმე N – 551

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, სოფო ჟღენტი,  ხატია ღოღობერიძე, მაია წიკლაური.


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 05 თებერვალს,  ტელეკომპანია  „მთავარის“ ეთერში,  11:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში, დაირღვა ქარტიის 1-ელი პრინციპი.  მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ნინო ხუბუტია.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. 

გამოშვებაში გაშუქდა სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლაშა ფარულავას პრესკონფერენცია. სიუჟეტი დაიწყო ჟურნალისტის ტექსტით: „საგანგებო მობილიზება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. შუალედური არჩევნების წინ გიორგი კალანდარიშვილის უწყებამ ბათუმში, რუსთავსა და გარდაბანში საარჩევნო კომისია “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული და სუსის მიერ წარდგენილი პირებით დააკომპლექტა. ამასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული მოძრაობის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ბათუმში ცესკომ კომისიის დროებით წევრად, კონკურსის გარეშე ხუსკივაძე-კობალაძის საქმის ოქროს მოწმე აირჩია“.  სწორედ აღნიშნულ ტექსტთან დაკავშირებით ჰქონდა პრეტენზიები განმცხადებელს და მიიჩნევდა, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი და აღნიშნავდა: „ცესკოს წევრებმა კონკურსანტების შერჩევისას   იხელმძღვანელეს მათი პროფესიონალიზმით, კომპეტენციით, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, არაერთ მათგანს აქვს საარჩევნო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება და ისეთი ცოდნა, რომელიც შუალედური არჩევნების კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩატარებას შეუწყობს ხელს“.

საბჭო გაეცნო ეთერში გასულ მასალას და მივიდა შემდეგ დასკვნამდე: ჟურნალისტის ტექსტს, რომ “ცესკომ ბათუმში, რუსთავსა და გარდაბანში საარჩევნო კომისია ქართული ოცნებასთან დაახლოებული და სუსის მიერ წარდგენილი პირებით დააკომპლექტა“ მომენტალურად მოსდევს  ამონარიდი სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლაშა ფარულავას პრესკონფერენციიდან.  მაყურებლისათვის ცხადი და შეცნობადია, რომ ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არა ფაქტი, არამედ კონკრეტული ორგანიზაციის [სამოქალაქო პლატფორმა 20/20] პოზიციაა. მედიასაშუალებამ შემდგომ, 18:00 საათიან გამოშვებაში მაყურებელს შესთავაზა ამ ბრალდებებზე ცესკოს პოზიცია (მათ გამართეს ბრიფინგი). აღნიშნულ ბრიფინგზე ცესკომ, სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა, როგორც დისკრედიტაციის მცდელობა. საბჭო მიიჩნევს რომ ჟურნალისტმა 11:00 საათის გამოშვებაში მაყურებელს მიაწოდა ერთი წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ისე, რომ აუდიტორიისათვის შეცნობადი იყო ინფორმაციის სიზუსტის ხარისხი, ხოლო იმავე დღეს, როგორც კი ცნობილი გახდა ბრალდებების ადრესატის (ცესკო) პოზიცია, ეს პოზიციაც მიიტანა მაყურებლამდე. შესაბამისად, ქარტიის პირველი პრინციპი არ დარღვეულა. თუმცა საბჭოს რეკომენდაციაა, მედიამ ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელებამდე სცადოს კომუნიკაცია შესაბამის უწყებასთან და მაყურებელს აჩვენოს მათი პოზიცია ან უარი კომენტარზე.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნინო ხუბუტიას არ დაურღვევია ქარტიის პირველი პრინციპი.

განცხადება

შეპასუხება

სადავო მასალა