გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - გაგი მოსიაშვილი ზურა პეტროსიანის წინააღმდეგ
18.02.2022

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
განმცხადებელი : გაგი მოსიაშვილი;
მოპასუხე : ზურა პეტროსიანი;

10 თებერვალი,  2022 წელი

საქმე N – 522

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: სოფო ჟღენტი, ზვიად ქორიძე, ხატია ღოღობერიძე, მაია წიკლაური, მანანა ქველიაშვილი

 

აღწერილობითი ნაწილი

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გაგი მოსიაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა რომ 2021 წლის 18 სექტემბერს, „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში „როგორ დაიგეგმა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა/ძმები კაკულიების სამოქმედო გეგმის დეტალები“ დაირღვა ქარტიის 1-ლი და მე-5 პრინციპი. მოპასუხედ განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი - ზურა პეტროსიანი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი, ხოლო ტელევიზიამ თავისი პოზიცია წერილობით წარმოადგინა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

განმცხადებელი სადავოდ ხდიდა გადაცემის ერთ-ერთ მონაკვეთს [8:19 წუთიდან 8:53 წუთამდე]:

„ჟურნალისტი ავითარებს შემდეგ მოსაზრებას, რომ ძმებ კაკულიებს დაუსჯელობის გარანტად მფარველობს ბატონი ოთარ ფარცხალაძე. ჟურნალისტი არ აკონკრეტებს, თუ რაზე დაყრდნობით გაჩნდა ეს მოსაზრება, არ ჰყვება ფაქტებს და, რა თქმა უნდა, არ/ვერ ასახელებს ინფორმაციის წყაროს.“ „ჟურნალისტს სიუჟეტის მომზადებისას არ უცდია, რაიმე კომენტარი მიეღო ასეთ მძიმე ბრალდებაზე თავად ბატონ ოთარ ფარცხალაძისგან. ის ფორმალურად მიდის მის საცხოვრებელ სახლთან და დაცვის თანამშრომელს ეკითხება, არის თუ არა სახლში ფარცხალაძე, არ ცდილობს საქმის კურსში ჩააყენოს დაცვის სამსახური, თუ რა საკითხთან დაკავშირებით სურს მასთან გასაუბრება, არ ტოვებს საკონტაქტო ნომერს და საზოგადოებას უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ბატონ ოთართან ვერ გავიდა კონტაქტზე“.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა” შეპასუხებაში მიუთითა, რომ: „მთელი სიუჟეტის მანძილზე ჟურნალისტი ზურა პეტროსიანი ხაზგასმით ამბობს, რომ გარდა გამოძიების ოფიციალური ვერსიისა, მის მიერ გაჟღერებული ცნობები ეყრდნობა კონფიდენციალურ წყაროს, რომელმაც მიაწოდა მედიასაშუალებას ინფორმაცია მკვლელობის დეტალების თაობაზე. სიუჟეტის განმავლობაში სამ სხვადასხვა წყაროზე კეთდება მითითება, თუმცა ინფორმაციის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთი წყარო ძალოვანი უწყების წარმომადგენელია, მედიასაშუალება კონფიდენციალურად ტოვებს მათ ვინაობას. სიუჟეტის ის ერთწუთიანი მონაკვეთი, რომელიც უშუალოდ ოთარ ფარცხალაძეს შეეხება, იწყება ჟურნალისტის სიტყვებით: ,,მთავარი არხის ინფორმაციით, კაკულიების დაუსჯელობის სადარაჯოზე იდგა ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე’’. შესაბამისად, მაყურებლისთვის ნათელია, რომ ფარცხალაძის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია ეყრდნობა კონფიდენციალურ წყაროს. ეს არ არის მტკიცებითი ტონით წარმოთქმული, ფაქტის მტკიცება, არამედ იმ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, რაც წყარომ შეატყობინა არხს, წყაროზევე მითითებით. მედიასაშუალებამ სცადა ამ ინფორმაციის გადამოწმება ოთარ ფარცხალაძესთან, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა, ვინაიდან ყოფილი გენერალური პროკურორი კომუნიკაციაზე არ გამოდის მედიასაშუალებებთან. უცნობია მისი ტელეფონის ნომერი. მედიის ხელთ არსებული ერთადერთი საშუალება იყო ფარცხალაძის სახლთან მისვლა და მასთან პირადად დაკავშირება, რაც ჟურნალისტმა გააკეთა კიდეც და ნათლად ჩანს მისი ეს მცდელობა, ჩაეწერა კომენტარი. ჟურნალისტებისთვის არ იყო ცნობილი იმის თაობაზე, რომ გაგი მოსიაშვილი, განცხადების ავტორი, იყო ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი.  გაუგებარია, როგორ უნდა დაეკავშირებინა მედიასაშუალების წარმომადგენელს ეს ორი პიროვნება ერთმანეთთან და რატომ უნდა მიემართა ჟურნალისტს განცხადების ავტორისთვის კომენტარით“.

საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს, დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის  [რომ ძმებ კაკულიებს ოთარ ფარცხალაძე მფარველობს] გადასამოწმებლად, რომელიც კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა. თავისი არსით კონფიდენციალურ წყაროზე და საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობას სხვადასხვა ნდობის ხარისხი აქვს და ასეთ დროს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება  გადამოწმებას და, შესაბამისად, უფრო მეტი ძალისხმევა მოეთხოვება ჟურნალისტს.

როდესაც ჟურნალისტი იკვლევს საკითხს, მფარველობს თუ არა ყოფილი ან მოქმედი მაღალჩინოსანი დამნაშავეებს, მას შეიძლება არ ჰქონდეს ოფიციალური ინფორმაცია და დაეყრდნოს კონფიდენციალურ წყაროს, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, რომ ყველა ღონე იხმაროს ინფორმაციის ღია წყაროებთან გადასამოწმებლად. ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ამის შესახებ კეთილსინდისიერად უნდა აცნობოს აუდიტორიას. სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში არ ჩანს, რომ ჟურნალისტმა დაიცვა ზემოაღნიშნული ეთიკური ვალდებულება. სიუჟეტიდან ირკვევა, რომ ჟურნალისტი მიდის ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელ სახლთან,  იქ მდგომი პირი ინტერესდება თუ რა საკითხთან დაკავშირებით სურს ჟურნალისტს ფარცხალაძესთან კომუნიკაცია, ჟურნალისტი მხოლოდ ეკითხება, სახლში არის თუ ოთარ ფაცხალაძე, რაზეც მას პასუხობენ, რომ კომენტარს არ აკეთებენ [იგულისხმება ფარცხალაძის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით]. საბჭო ვერ ჩათვლის, რომ სახლთან ვიზიტით და იმის კითხვით თუ სად იმყოფება ოთარ ფარცხალაძე, ჟურნალისტმა სათანადო ძალისხმევა გაიღო ბრალდების ადრესატის პოზიციის მოსაპოვებლად, როცა თავად სიუჟეტში, რამდენიმე წამით ადრე, ჟურნალისტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოთარ ფარცხალაძე ერთი თვეა საქართველოში არ არის. რომც დავუშვათ, რომ ერთადერთი საშუალება ფარცხალაძის კომენტარის მოპოვებისა არის მის სახლში ვიზიტი, ჟურნალისტს იქ მყოფი პირებისათვის, მინიმუმ, ის მაინც უნდა ეცნობებინა, თუ რა საკითხზე სურდა ფარცხალაძესთან საუბარი, რათა მიეცა მათთვის შესაძლებლობა, რომ ინფორმაცია გადაეცათ ოთარ ფარცხალაძისათვის.

ამასთან, როცა ვსაუბრობთ ძალისხმევაზე, ის ითვალისწინებს ბევრ სხვადასხვა ქმედებას, რომლის შედეგადაც ჟურნალისტმა შეიძლება მოახერხოს მეორე მხარესთან დაკავშირება. შესაბამისად, საბჭოს შეფასებით, მაყურებელმა ვერ დაინახა სათანადო ძალისხმევა ინფორმაციის გადასამოწმებლად. ჟურნალისტი ასევე ვალდებული იყო, მკაფიოდ დაეფიქსირებინა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადაუმოწმებელია, ამის საპირისპიროდ, თავად ჟურნალისტი თავისივე ტექსტში ოთარ ფარცხალაძეს მოიხსენიებს როგორც „კაკულიების ოქროს გარანტი“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

მე-5 პრინციპი: “მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”.  

დადასტურებული ფაქტია, რომ განმცხადებელმა წერილით მიმართა ტელეკომპანიას, სადაც დააფიქსირა, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო გადაუმოწმებელი. პრინციპის რედაქციაში მითითებულია, რომ „არაზუსტი“ ინფორმაცია უნდა შესწორდეს. ამასთან, როგორც ქარტიის პირველი პრინციპის პრაქტიკის ანალიზისას აღინიშნა, პირველი პრინციპი ასევე დარღვეულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ არ არის დაცული ბალანსი, ინფორმაცია გადაუმოწმებელია. შესაბამისად, მე-5 პრინციპის დარღვევა დადასტურდება, თუ, მიმართვის მიუხედავად, მედია საშუალება არ გამოაქვეყნებს იმ პირის საპასუხო კომენტარს, რომლის მიმართაც გაისმა ბრალდებები ჟურნალისტურ მასალაში და არ მიეცა მას პასუხის საშუალება. განსახილველ შემთხვევაში ამ ვალდებულების დარღვევა იკვეთება: ერთი მხრივ, მედია, თავის შეპასუხებაში უთითებს, რომ მათ სურვილი და მცდელობა ჰქონდათ, ინფორმაცია გადაემოწმებინათ, მეორე მხრივ, თავად ბრალდებების ობიექტი დაუკავშირდა მათ და დააფიქსირა რომ გავრცელებული  ინფორმაცია იყო არასწორი, შესაბამისად მედიას შეეძლო მეორე მხარის პოზიციაც მიეტანა აუდიტორიამდე, რომ იგი არ ეთანხმებოდა გავრცელებულ ინფორმაციას. ვინაიდან ეს ტელევიზიამ არ გააკეთა, ამით დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.


სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ზურა პეტროსიანმა დაარღვია ქარტიის 1-ლი და მე-5 პრინციპი.

 

განცხადება

შეპასუხება

სადავო მასალა