გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - საფარი ნატო გოგელიას წინააღმდეგ
13.02.2022

დარღვეული პრინციპები : 8 პრინციპი;
განმცხადებელი : საფარი;
მოპასუხე : ნატო გოგელია;

23 ნოემბერი  2021 წელი

საქმე N – 499

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ნინა ხელაძე, გულო კოხოძე, ირმა ზოიძე, ზვიად ქორიძე, სოფო ჟღენტი, ნანა ბიგანიშვილი.


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაცია საფარმა, რომელიც მიიჩნევდა რომ 2021 წლის  7 ივნისს, ტელეკომპანია TV პირველის ეთერში, 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში, სიუჟეტში -  ,,ციხეში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობისთვის“ დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპი. მოპასუხედ განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი ნატო გოგელია.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტმა პოზიცია წერილობით წარმოადგინა.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მე-8 პრინციპი: „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება”.

სიუჟეტი ეხებოდა ორგანიზაცია „საფარის” დაცვის ქვეშ მყოფ ბავშვს, რომელიც სავარაუდოდ გარყვნილი ქმედების მსხვერპლი გახდა. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტური პროდუქტის მომზადებისას უგულვებელყოფილი იქნა ბავშვის საუკეთესო ინტერესები, კერძოდ:

       „სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს, რომ გაესაუბრა ოჯახის მეზობლებს და ახლობლებს ბავშვზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე. სიუჟეტში დაბლარული კადრით ჩანს მეზობელი ქალი და ისმის მისი ხმა, რომელიც ამბობს: ‘’არანაირი ხმა არ გამიგონია და მასეთი რამ არ გამიგონია და რა  ვიცი, სახლში რა ხდება.“ რითაც დასტურდება, რომ ჟურნალისტმა ოჯახის მეზობელს მიაწოდა ინფორმაცია ბავშვზე განხორციელებული ძალადობის ფორმების თაობაზე, რის შესახებაც სიუჟეტიდანვე ირკვევა, რომ აქამდე არაფერი იყო ცნობილი რესპოდენტისათვის“. აღნიშნული ფაქტით გამჟღავნდა პედოფილიის მსხვერპლი ბავშვის ვინაობა და ინფორმაცია დანაშაულის შესახებ მეზობლისათვის“.

 

       „ისმის ჟურნალისტის შეკითხვა პოლიციის თანამშრომლის მიმართ, ტექსტით: ‘’ხო მაგრამ [რაიონის დასახალება] პოლიციამ დააკავა...‘’ ამ რეპლიკით ჟურნალისტმა გათქვა ბავშვის საცხოვრებელი რაიონი“

 

       „ასეთი დეტალის გაზიარებით მნიშვნელოვნად იზრდება ბავშვის იდენტიფიცირების რისკი. აქვე, აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში ჩანდა დასახლების კადრები, მართალია დაბლარულად, მაგრამ იმდენად მკაფიოდ, რომ იქ მცხოვრები ადამიანებისათვის ამ სახლების და სამეზობლოს ვიზუალი არის ამოცნობადი“.

 

       „ჟურნალისტმა ასევე არასწორად გაავრცელა დანაშაულის შინაარსიც, კერძოდ ის ამბობდა, რომ ბავშვი გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, რეალურად კი საქმე აღძრულია გარყვნილი ქმედების მუხლით“.

 

       „აქვე გაცნობებთ, რომ 7 ივნისს, დაახლოებით 17:30-დან 19:30-მდე დროის შუალედში “საფარის” იურისტს, თამარ ლუკავას რამდენიმეჯერ დაუკავშირდა ბავშვის დედა და აცნობა, რომ მის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდა TV პირველის გადამღები ჯგუფი, რამაც ძალიან მძიმედ იმოქმედა ბავშვის და მისი მშობლის ემოციურ მდგომარეობაზე“.

თავის შეპასუხებაში ჟურნალისტმა მიუთითა: „იმ დასახლებაში, სადაც ბავშვის ბაბუა [სავარაუდო მოძალადე] დააკავეს, ვიყავი სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებთან ერთად და ეს კადრებშიც ჩანდა [მთავარი, რუსთავი 2], დასახლება არის ძალიან პატარა და ყველამ იცოდა დეტალები. მით უმეტეს, რომ 4 დღით ადრე პოლიცია პირდაპირ სახლში მიადგა ბრალდებულს და სახლში მოხდა მისი დაკავება, შესაბამისად, მეზობლებმა იცოდნენ დეტალები. ეთერში არ ყოფილა არც არასრულწლოვანი და არც მისი ოჯახის არცერთი წევრი, არც კადრი, თუნდაც დაბლარული მისი საცხოვრებელის და, შესაბამისად, გაურკვეველია მომჩივანის პოზიცია. საერთოდ არ მინახავს ბავშვი და არც დედა“.

ქარტიის, ეთიკური ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო წესების, „ბავშვთა საკითხების გაშუქება“  თანხმად,  ჟურნალისტი ვალდებულია:

უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს ისეთი მასალა, რომელიც საზიანო იქნება მისთვის, ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში არასრულწლოვნის იდენტიფიცირება, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი [ირიბი იდენტიფიცირება - ბავშვის ამოცნობა შესაძლებელია სხვა დეტალებით: მშობლების, სამეზობლოს, მისამართის ჩვენებით], დაუშვებელია, იმის მიუხედავად ბავშვი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის.

არასრულწლოვნის ინტერესთან დაკავშირებით საბჭოს პრაქტიკით გამოიკვეთა, რომ ჟურნალისტური პროდუქტი არ უნდა ქმნიდეს ალბათობას, მოხდეს არასრულწლოვნის რეტრავმირება, მისი ნეგატიური ემოციური მდგომარეობის გაძლიერება, დაცული უნდა იქნეს არასრულწლოვანი მავნე ზეგავლენისაგან. სიუჟეტი ასევე უნდა შეფასდეს შორეული პერსპექტივიდანაც, მას შემდეგ, რაც სიუჟეტში მონაწილე მიაღწევს სრულწლოვანების ასაკს, რამდენად იქნება მისთვის მისაღები სიუჟეტის ასეთის სახით არსებობა/მომზადება ან სიუჟეტთან მისი ასოცირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპი. ჟურნალისტის ქმედებას, რომ მივიდა მსხვერპლის სახლში და ამით კიდევ უფრო დაამძიმა მსხვერპლის ფსიქოემოციური მდგომარეობა, პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს ის გარემოება, რომ შეიძლება მსგავსი ქმედება სხვა ჟურნალისტებმაც ჩაიდინეს. ასევე ბავშვის საცხოვრებელი რაიონის დასახელებით, მეზობლების და საცხოვრებელი სახლის ჩვენებით გაიზარდა იმ პირთა წრე, რომელთაც შეეძლოთ არასრუწლოვანი მსხვერპლის იდენტიფიცირება.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნატო გოგელიამ დაარღვია ქარტიის მე-8 პრინციპი.