გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - შპს რეალი თამარ ბუჩუკურის წინააღმდეგ
24.01.2022

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
განმცხადებელი : შპს რეალი;
მოპასუხე : თამარ ბუჩუკური;

07 დეკემბერი,  2021 წელი

საქმე N – 512

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: სოფო ჟღენტი, ირმა ზოიძე, გულო კოხოძე, ნანა ბიგანიშვილი, ზვიად ქორიძე

 

აღწერილობითი ნაწილი

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შპს რეალმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 30 ივნისს Prime Time-ს ვებ-გვერზე გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით - „Franco Fonatana საქმის კურსში არ არის, რომ საქართველოში მისი სახელით მაღაზიები ფუნქციონირებს (?!) – სკანდალური წერილი იტალიიდან",   დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-5 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სტატიის ავტორი თამარ ბუჩუკური.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა როგორც განმცხადებლის წარმომადგენელი, ასევე მოპასუხე ჟურნალისტი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ეხებოდა Franco Fontana Georgia-ს, რომელიც, სტატიის მიხედვით, საერთაშორისო ბრენდის სახელს არალეგალურად იყენებს და Franco Fontana- საქართველოში წარმომადგენლობა ოფიციალურად არ ჰყავს. მასალის ავტორი ამ ინფორმაციას იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ ანა რაზმაძეზე დაყრდნობით  ავრცელებდა.

სტატიაში ნათქვამია:

       „პრაიმტაიმისთვის" ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ არაერთ სკანდალში გახვეული საიუველირო მაღაზიათა ქსელი Franco Fontana Georgia საერთაშორისო ცნობილი ბრენდის სახელს არალეგალურად იყენებს.

       აღმოჩნდა, რომ ოფიციალური ბრენდი Franco Fonatana საქმის კურსში არ იყო, რომ საქართველოში მათი ბრენდის სახელით მაღაზიები ფუნქციონირებს. 

სწორედ ამ ინფორმაცის აფასებდა განმცხადებელი პირველი პრინციპის დარღვევად და მიუთითებდა, რომ  არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ Franco Fontana Georgia-ს, რომელიც რეგისტრირებულია, როგორც შპს რეალი, აქვს ბრენდის ოფიციალური პროდუქცია. იგი მიუთითებდა, რომ პროდუქციის მწარმოებელი არის იტალიური ფირმა Franco Fontana, ხოლო უშუალოდ პროდუქციის იმპორტი ხდება თურქეთიდან, რომელსაც გააჩნია ექსკლუზიური დისტრიბუციის უფლება, მათ შორის საქართველოში, და სწორედ იმპორტიორი თურქული კომპანიის მეშვეობით ხდება პროდუქციის შემოტანა. ამიტომ, განმცხადებლის პოზიციით, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ლახავს კომპანიის საქმიან რეპუტაციას და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში.

თავის მხრივ, მოპასუხე აღნიშნავდა, რომ იგი დაუკავშირდა Franco Fonatana Georgia-ს დირექტორს მაკა ქალიაშვილს, რომლის პოზიციაც სტატიაში ასახა: ომპანიაში აცხადებენ, ჩვენი ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და დირექტორი მაკა ქალიაშვილის თქმით, შპს. რეალი Franco Fonatana-ს ბრენდის ქვეშ ფუნქციონირებს.“

სტატიაში დადასტურებული სახით არის მოცემული ინფორმაცია, რომ: „საიუველირო მაღაზიათა ქსელი Franco Fontana Georgia საერთაშორისო ცნობილი ბრენდის სახელს არალეგალურად იყენებს“,  განსახილველ შემთხვევაში საბჭოს უნდა დაედგინა, ჰქონდა თუ არა უფლება [საკმარისი მტკიცებულებები] ჟურნალისტს, რომ შპს რეალი დაედანაშაულებინა დადასტურებული სახით სავაჭრო ნიშან Franco Fontana-ს არალეგალურად გამოყენებაში.

ერთის მხრივ, ჟურნალისტს ჰყავდა წყარო, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ანა რაზმაძე, რომელსაც პირადი ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა Franco Fontana Goergia მიმართ, კერძოდ ანა რაზმაძის განცხადებით მის ნათესავს, Franco Fontana Goergia-ში ყალბი ბრილიანტის ბეჭედის ნაცვლად, შავი ნახშირი მიჰყიდეს, შესაბამისად მან დაიწყო „გამოძიება“ საქართველოში მდებარე მაღაზია იყო თუ არა Franco Fontana ოფიციალური წარმომადგენლობა. ანუ სახეზეა დაინტერესებული წყაროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.  ასევე, ანა რაზმაძემ ჟურნალისტს მიაწოდა ელ. შეტყობინება იტალიურ ენაზე, რომელშიც, რაზმაძის განცხადებით  Franco Fontana სათავო ოფისი აცხადებდა - „ჩვენ Franco Fontana-ს მარკეტინგის ჯგუფმა ინფორმაცია მოვიძიეთ და საქართველოში იტალიიდან არ გვაქვს წარმომადგენლობითი სავაჭრო ქსელი“.

მეორეს მხრივ, ჟურნალისტს შპს რეალის დირექტორმა აცნობა, რომ ანა რაზმაძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასწორია, და შპს რეალს აქვს ოფიციალური წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

აქვე აღსანიშნავია, რომ თავად ჟურნალისტმა საქმის განხილვის პროცესში წარმოადგინა მისი ელ. მიმოწერა Franco Fontana-ს სათავო ოფისთან, კერძოდ, 2021  წლის 01 ივლისს [სადავო მასალა გამოქვეყნდა 2021 წლის 30 ივნისს]  Franco Fontana [წერილი მეილიდან: franco.fontana@nsoft.it] უდასტურებს ჟურნალისტს, რომ მათ პარტნიორებს თურქეთში, უფლება აქვთ Franco Fontana-ს სახელით ოფიციალური პროდუქცია მიაწოდონ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირ შპს რეალს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: ჟურნალისტს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები მტკიცებით ფორმაში განეცხადებინა, რომ „საიუველირო მაღაზიათა ქსელი Franco Fontana Georgia საერთაშორისო ცნობილი ბრენდის სახელს არალეგალურად იყენებს“,  და იგი დაეყრდნო მხოლოდ ერთ, დაინტერესებულ წყაროს. ჟურნალისტი არ დაელოდა Franco Fontana ოფიციალურ პასუხს [რომელიც მან რეალურად მასალის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს მიიღო], სადაც Franco Fontana უდასტურებდა შპს „რეალის“ უფლებამოსილებას. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაუდასტურებელი ამბავი გაავრცელა როგორც ნამდვილი ფაქტი, და ამით არ სცა პატივი საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.

მე-3 პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ დასტურდება ინფორმაციის წყაროს არსებობა. განსახილველ შემთხვევაში წყარო [იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ანა რაზმაძე] არსებობს. ჟურნალისტმა კი ერთი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მკითხველს გააცნო როგორც დადასტურებული ფაქტი,  შესაბამისად, საბჭომ დაადგინა პირველი პრინციპის დარღვევა, ხოლო მესამე პრინციპი საბჭომ დარღვეულად არ მიიჩნია. 

მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”.

დადგენილი ფაქტია, რომ სადავო მედიაპროდუქტით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია. განმცხადებელმა 2021 წლის 19 ივლისს მიმართა პირადად ჟურნალისტს და განუმარტა, რომ მათ აქვთ ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, რის საფუძველზეც მოითხოვა შესწორება,  თუმცა შესწორება არ მომხდარა, რაც იწვევს ქარტიის მე-5 პრინციპის დარღვევას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. თამარ ბუჩუკურმა დაარღვია ქარტიის 1-ლი და მე-5 პრინციპი.
  2. თამარ ბუჩუკურს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა