გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ანა აფციაური მარიკა ბაკურაძის და ნიკოლოზ წულუკიძის წინააღმდეგ
26.12.2021

დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
განმცხადებელი : ანა აფციაური;
მოპასუხე : მარიკა ბაკურაძე და ნიკოლოზ წულუკიძე;

15 ივლისი  2021 წელი

საქმე N – 478

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, გულო კოხოძე, სოფიო ჟღენტი, ირმა ზოიძე.


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ანა აფციაურმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2021 წლის 15 მარტს, გადაცემაში „იმედის დღე“, დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ წამყვანები: ნიკოლოზ წულუკიძე და მარიკა ბაკურაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე მარიკა ბაკურაძემ შეპასუხება წერილობითი ფორმით წარმოადგინა.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

გადაცემა ეხებოდა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ მის კარიერას და სამართლებრივ დავას (ჩოგბურთელს ყოფილი მეუღლე,ნელი დოროყაშვილი, ბრალს სდებს ფიზიკურ ძალადობაში).

გადაცემაში სტუმრად იყო მოწვეული ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა. განმცხადებელი ქარტიის პრინციპს დარღვეულად მიიჩნევდა  ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძის ტექსტში: „საქართველოში მისი გამარჯვების და სიხარულის გაზიარება ორმხრივად წარიმართა იმიტომ რომ, მკვეთრად გაიყო მოსაზრებები. ერთი ნაწილი, რომელიც ფიქრობდა, რომ ეს გამარჯვება და ნიკოლოზ ბასილაშვილის მოგება იყო ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მოსაზრებას დაეჯახა მეორე მხარე, რომელიც ამბობდა, რომ არ შეიძლება ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოვაცხადოთ გმირად, რადგან ეს იქნება ძალადობის წახალისება. ეს ამბავი უკავშირდება ნიკოლოზ ბასილაშვილის ცხოვრების ერთ გარკვეულ ძალიან მძიმე ეტაპს, როდესაც მას ჰქონდა ძალიან წარუმატებელი პერიოდი პირად ცხოვრებაშიც და ასევე, შემოქმედებით მხარეშიც“. განცხადების განმხილველ სხდომაზე დაზუსტდა განმცხადებლის არგუმენტაცია, კერძოდ ის მიიჩნევდა, რომ მე-7 პრინციპთან შეუსაბამო იყო ჟურნალისტის შეფასება, რომ ოჯახურ ძალადობაში ბრალდება „წარუმატებლობა იყო“. - „ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ყოფილ მეუღლეზე განხორციელებულ ძალადობას, რომელთან დაკავშირებითაც მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნაა დაწყებული, პირად ცხოვრებაში „ძალიან წარუმატებელ პერიოდად“ მოიხსენიებს“. „ძალადობის „წარუმატებლობად“ წარმოჩენამ შესაძლოა მომავალში ძალადობის არაერთი შემთხვევა წაახალისოს. ჟურნალისტი არანაირ ემპათიას არ გამოხატავს მსხვერპლი ქალის მიმართ და მასზე განხორციელებულ ძალადობას პროფესიული წარუმატებლობის კონტექსტში განიხილავს. საკითხის ასეთი განხილვა არა მხოლოდ კონკრეტულ მსხვერპლზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხეს ქმნის, არამედ ძალადობისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ნორმალიზების მცდელობასაც წარმოადგენს“.

თავის შეპასუხებაში მარიკა ბაკურაძემ მიუთითა, რომ: „ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, ოჯახში არსებული განხეთქილება, დაპირისპირება და სასამართლო დავა ოჯახის წევრთან, ეს არის წარუმატებელი ეპიზოდი. ორივე შემთხვევაში - თუ ბასილაშვილი დამნაშავეა და თუ ბასილაშვილს ცილს სწამებენ დანაშაულში - ორივე არსებით შემთხვევაში, ეს პერიოდი მის, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაში წარუმატებელი პერიოდია“.

განსახილველ შემთხვევაში საბჭო არ იზიარებს განმცხადებლის პოზიციებს, რომ ბრალდება ოჯახურ ძალადობაში - არ შეიძლება შეფასდეს როგორც „წარუმატებლობა პირად ცხოვრებაში“. ფაქტია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი დაქორწინებული იყო ნელი დოროყაშვილზე, შემდეგ მათი განქორწინების ერთ-ერთი მიზეზი სწორად ძალადობაში ბრალდება იყო. პირიქით, მხოლოდ განქორწინების ფაქტი, რომ შეეფასებინა ჟურნალისტს, როგორც „წარუმატებლობა“, უფრო შესაძლებელი იქნებოდა ამ შეფასების რელევანტურობის ეჭვქვეშ დაყენება, ვინაიდან განქორწინება აპრიორი არ შეიძლება შეფასდეს, როგორც წარუმატებლობა. როგორც დაქორწინება, ისე ამ ქორწინების შეწყვეტა პირადი გადაწყვეტილებებია და ავტომატურად არ ატარებს ნეგატიურ დატვირთვას. მაგრამ სწორედ ის გარემოება, რომ განქორწინებას თან ახლდა ცალსახად ნეგატიური მოვლენა, ბრალდებები ძალადობაში, აძლევს უფლებას ჟურნალისტს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი ცხოვრების ეს ეპიზოდი შეაფასოს როგორც წარუმატებლობა.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მარიკა ბაკურაძეს და ნიკოლოზ წულუკიძეს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-7 პრინციპი.

 

განცხადება

შეპასუხება

სადავო მასალა