გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ალექსანდრე ბეჟენცევი რუსუდან გვაზავას წინააღმდეგ
29.11.2021

დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
განმცხადებელი : ალექსანდრე ბეჟენცევი;
მოპასუხე : რუსუდან გვაზავა;

22 სექტემბერი 2021 წელი

საქმე N – 489

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, სოფო ჟღენტი, გულო კოხოძე, ირმა ზოიძე.


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ალექსანდრე ბეჟენცევმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ვებ-გვერდზე geodigest.ge გამოქვეყნებულ სტატიაში “Я покончу с Мирандой” – რატომ ემუქრებოდა რუსეთის ПРАВФОНД-ის პარტნიორი საქართველოში გაზეთის რედაქტორს? დაირღვა ქარტიის 1-ლი და მე-11 პრინციპი. მოპასუხედ განისაზღვრა ჟურნალისტი რუსუდან გვაზავა.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებლის წარმომადგენელი,  ხოლო მოპასუხემ მტკიცებულებები ელექტრონულად წარმოადგინა.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად:  „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სტატია ეხებოდა მირანდა ოგანეზოვას პრეტენზიებს ПРАВФОНД (პრავფონდი) და ალექსანდრე ბეჟენცევის მიმართ. სტატიაში, რესპონდენტი, მირანდა ოგანეზოვა აღნიშნავდა, რომ: “ბეჟენცევმა მომთხოვა შეურაცხმყოფელი, მაკომპრომიტებელი  სტატიის დაწერა თავის ყოფილ კოლეგაზე, მიხეილ ტატევოსოვზე. ბეჟენცევს ის ადანაშაულებდა ფინანსურ მაქინაციებში, იარაღის უკანონო გამოყენებაში, რის გამოც ტატევოსოვის თქმით მას პირობითი სასჯელი ჰქონდა“. სტატია შეიცავდა სხვა ბრალდებებსაც. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტური პროდუქტი იყო ცალმხრივი და არ შეიცავდა მის [ბრალდებების ადრესატის] პოზიციას.

სტატიის ბოლოში აღნიშნული იყო: „ჩვენ [ჟურნალისტი] დავუკავშირდით  ალექსანდრე ბეჟენცევს და ვთხოვეთ კომენტარი გაეკეთებინა აღნიშნულ საკითხზე, თუმცა მან  უარი განაცხადა. მოგვიანებით კი დაგვიკავშირდა ქალბატონი, რომელმაც განაცხადა, რომ ბეჟენცევის წარმომადგენელია, თუმცა ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა. ქალბატონის განცხადებით: ბეჟენცევის პასუხი გამოქვეყნებულია ქარტიის გვერდზე და მისი განცხადებით, „თანამემამულე” არ არის გაზეთი და არის საინფორმაციო ბიულეტენი. იხ: ბმული :ქარტიის საბჭოს პოზიცია საქმეზე მირანდა ოგანეზოვა ალექსანდრე ბეჟენცევის წინააღმდეგ განმცხადებელი ამ განმარტებას  არასაკმარისად მიიჩნევდა.

მოპასუხე რუსუდან გვაზავამ წარმოადგინა ორი აუდიო ჩანაწერი, რომლის თანახმად, მას ჰქონდა სატელეფონო საუბარი როგორც ალექსანდრე ბეჟენცევთან, ისე მის წარმომადგენელთან, კერძოდ ჟურნალისტი დაუკავშირდა მათ, რათა მიეღო პასუხები და აესახა ისინი ჟურნალისტურ პროდუქტში. სატელეფონო საუბარში ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ ის ვალდებულია დაუკავშირდეს ბეჟენცევს და მისი პოზიცია ასევე მიუთითოს სტატიაში. საპასუხოდ, ალექსანდრე ბეჟენცევის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ არ სურთ ბრალდებებზე დამატებითი კომენტარის გაკეთება და მათ პოზიციად ჟურნალისტმა ჩათვალოს ქარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა მირანდა ოგანოზევას და ალექსანდრე ბეჟენცევის დავის შესახებ.

როგორც სტატიიდან ჩანს, ჟურნალისტმა სრულად დააკმაყოფილა მეორე მხარის მოთხოვნები და სტატიაში ასახა: „ბეჟენცევის პასუხი გამოქვეყნებულია ქარტიის გვერდზე და მისი განცხადებით, „თანამემამულე” არ არის გაზეთი და არის საინფორმაციო ბიულეტენი. იხ: ბმული :ქარტიის საბჭოს პოზიცია საქმეზე მირანდა ოგანეზოვა ალექსანდრე ბეჟენცევის წინააღმდეგ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ჟურნალისტმა გასწია ძალისხმევა იმისათვის, რომ მკითხველისათვის მიეწოდებინა ორივე მხარის პოზიცია, კეთილსინდისიერად მიუთითა ბეჟენცევის წარმომადგენელის კომენტარი, შესაბამისად, გამოირიცხება ჟურნალისტის მიერ ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.   

ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. როგორც აღინიშნა, საბჭომ არ დაადგინა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა, შესაბამისად გამოირიცხა მე-11 პრინციპის დარღვევაც: თუ ადგილი არ აქვს არასწორი ან/და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას [წინაპირობა], შესაბამისად,  ვერც განზრახვაზე იქნება საუბარი.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. რუსუდან გვაზავას არ დაურღვევია ქარტიის 1-ლი და მე-11 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა