გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - გიორგი კვაშილავა ნინი ჟიჟიაშვილის და მიხეილ სესიაშვილის წინააღმდეგ
12.11.2021

განმცხადებელი : გიორგი კვაშილავა;
მოპასუხე : ნინი ჟიჟიაშვილი და მიხეილ სესიაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 4 პრინციპი; 5 პრინციპი;

03 ივნისი 2021 წელი

საქმე N 482 

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ირმა ზოიძე, სოფიო ჟღენტი, ნანა ბიგანიშვილი, გულო კოხოძე. 


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი კვაშილავამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 10 აპრილს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „მთავარი შაბათს“ ეთერში გასულ სიუჟეტში - „ინდოელი სტუდენტები“,  დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ წამყვანი მიხეილ სესიაშვილი და ჟურნალისტი ნინი ჟიჟიაშვილი. 

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მოპასუხე მედიასაშუალებამ საკუთარი პოზიცია წერილობით წარმოადგინა. 


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სადავო სიუჟეტი ეხებოდა განმცხადებელ, გიორგი კვაშილავას საკუთრებაში არსებულ კომპანიას [შემდგომ „კომპანია“], რომელიც სტუდენტებს ინდოეთიდან, უწევს მომსახურებას საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცედურული საკითხის მოგვარებაში.

სადავო სიუჟეტით ჟურნალისტებმა მაყურებელს მიაწოდეს შემდეგი ინფორმაცია:

 

       „უცხოელ სტუდენტებს ხელოვნურად უკეტავენ საზღვრებს და ეს ვიღაცებისათვის ფულის კეთების ნამდვილად კარგი საშუალებაა“.

       „როგორც ირკვევა, უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებული კერძო კომპანია უცხოელ ახალგაზრდებს აიძულებს გაურკვეველ მომსახურებაში, დამატებით, სოლიდური თანხა გადაიხადონ“.

       ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ სტუდენტებს დაუკავშირდა კომპანია და საქართველოში ჩამოსვლის უზრუნველსაყოფად 525 დოლარის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტის სახელით,  სტუდენტის სტატუსის შეწყვეტით  დაემუქრა.

       სიუჟეტში ნაჩვენები იყო დოკუმენტი, რომლის თანახმად ბინადრობის უფლებისთვის, დაზღვევის და ტრანსპორტირებისათვის კომპანია სტუდენტებს თხოვდა თანხას და იქვე დასძენდა ჟურნალისტი, რომ ბინადრობის უფლება უფასოა და გამოდის, რომ სტუდენტი თანხას მხოლოდ დაზღვევაში და ტრანსპორტირებაში იხდის.

 

ყოველივე აღნიშნულის საწინააღმდეგოდ თავის განცხადებაში განმცხადებელმა გიორგი კვაშილავამ მიუთითა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არასწორი იყო, კერძოდ:

       კომპანია სტუდენტებს ემსახურება მათი მოთხოვნის შემთხვევაში, ნებაყოფლობით. ანუ თუ სტუდენტს სურს, რომ მიიღოს დახმარება სხვადასხვა პროცედურული საკითხის მოგვარებაში საქართველოში შემოსვლის მიზნით, იგი ავსებს შესაბამის ფორმას, უკავშირდება კომპანიას და იღებს მომსახურებას.

       კომპანიას უფლება არ აქვს, რამე ზეგავლენა მოახდინოს სტუდენტის სტატუსზე, შესაბამისად არასწორია, რომ თითქოს კომპანია სტატუსის შეწყვეტით „ემუქრება“ პირებს.

       სიუჟეტის მომზადების დროისათვის მომსახურების საფასური შემცირებული იყო (შემცირდა 3 აპრილს) და შეადგენდა მხოლოდ 180 აშშ დოლარს.

       ჟურნალისტმა არასწორად თარგმნა მომსახურების ჩამონათვალში მითითებული „entrance permission”, კერძოდ ეს არის არა ბინადრობის უფლება, როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, არამედ გულისხმობს შემოსვლისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დახმარებას.

საბჭო მთავარ პრობლემურ მომენტად მიიჩნევს ფაქტს, რომ ჟურნალისტმა წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ გადაამოწმა გიორგი კვაშილავასთან, რათა მას შეძლებოდა თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა, პასუხი გაეცა იმ ბრალდებებზე, რომ თითქოს მისი კომპანია სტუდენტებს სტატუსით ჩამორთმევით ემუქრებოდა და არარსებულ მომსახურებაში თანხებს ახდევინებდა.

საბჭო აღნიშნავს, რომ გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება. „პატივი სცეს სიმართლეს“ ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა მოიმოქმედოს, რაც კი შედის მის შესაძლებლობაში, რათა საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია. მან შეიძლება ვერც კი შეძლოს საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა, მაგრამ „პატივისცემა“ მიუთითებს მის ძალისხმევაზე.

მოპასუხემ თავის შეპასუხებაში მიუთითა, რომ სადავო სიუჟეტი შეიცავდა მეორე მხარის კომენტარს და შესაბამისად სიუჟეტი დაბალანსებული იყო.

მართალია სიუჟეტი შეიცავს ინტერვიუს გიორგი კვაშილავასთან, მაგრამ მას ჟურნალისტი უკავშირდება ისე, რომ არ უმხელს ვინაობას და ესაუბრება, რომ თითქოს პოტენციურ სტუდენტს სურს მომსახურების მიღება, არ უსვამს კითხვებს, რათა მიიღოს პასუხები სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებზე. განმცხადებლის განმარტებით, მან მხოლოდ სიუჟეტის ნახვის დროს გაიგო, რომ ჟურნალისტი ესაუბრებოდა. ამას საბჭო ვერ ჩათვლის ინფორმაციის გადამოწმებად. გიორგი კვაშილავასთან საუბრის დროს არ იყო უზრუნველყოფილი გადამოწმების/ბალანსის მთავარი პრინციპი, იცოდეს მხარემ მის წინააღმდეგ არსებული პრეტენზიების/ბრალდებების შესახებ და მიეცეს საშუალება, უპასუხოს მათ. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ჟურნალისტებმა არ უზრუნველყვეს ინფორმაციის გადამოწმება მეორე მხარესთან [კომპანიის წარმომადგენელთან], რითაც დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.

მე-3 პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ დასტურდება ინფორმაციის წყაროს არსებობა. განსახილველ შემთხვევაში წყარო [მაგალითად: სტუდენტები, სხვადასხვა რესპონდენტები] არსებობს. ჟურნალისტებმა კი ინფორმაცია სათანადოდ არ გადაამოწმეს. შესაბამისად, საბჭომ დაადგინა პირველი პრინციპის დარღვევა, ხოლო მესამე პრინციპი საბჭომ დარღვეულად არ მიიჩნია.  

მე-4 პრინციპი „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.“

როგორც აღინიშნა, ჟურნალისტი დაუკავშირდა გიორგი კვაშილავას ისე რომ: 1. არ გაუმხილა, რომ იყო ჟურნალისტი და მასთან საუბარს გამოიყენებდა სიუჟეტში 2. არ ესაუბრა იმ კონკრეტულ ბრალდებებზე, რომელიც მის მიმართ გაისმა.

განმარტებისათვის: როცა რესპონდენტმა არ იცის, რომ მას ჟურნალისტი ესაუბრება და არც ის, რომ ეს საუბარი სიუჟეტში უნდა იქნას გამოყენებული, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ფარული აუდიო ჩაწერა.

საქმეში ნათია აბრამიშვილი ანი ლიპარიშვილის წინააღმდეგ (2021) საბჭომ აღნიშნა რომ მე-4 პრინციპი არ გულისხმობს, რომ  „ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში დაუშვებელია“, ამასთან მიუთითა წინაპირობაზე, რომელიც ამართლებს ფარულ ჩაწერას, კერძოდ,  „ფარული  ვიდეო/აუდიო ჩაწერა  უკიდურესი ზომაა, როცა ჟურნალისტი სხვაგვარად ვერ ახერხებს ჟურნალისტური პროდუქტისათვის ობიექტურად საჭირო/აუცილებელი ინფორმაციის მოპოვებას/აუდიტორიისათვის მიწოდებას“ არც სიუჟეტიდან ჩანდა და არც შეპასუხებაში იყო არგუმენტაცია, თუ რატომ ვერ ხერხდებოდა სხვაგვარად გიორგი კვაშილავასგან [რესპონდენტისაგან] ობიექტურად საჭირო/აუცილებელი ინფორმაციის მოპოვება. შესაბამისად, აღნიშნული კრიტერიუმის დაკმაყოფილება სახეზე არ გვაქვს, თავად გიორგი კვაშილავას განცხადებით, იგი მზად იყო და არის, ღიად ეპასუხა ჟურნალისტის ყველა კითხვაზე. 

შეპასუხებაში, ფარული ჩაწერის გამართლების ერთ-ერთ საფუძვლად ასევე მითითებული იყო  ის გარემოება, რომ მხოლოდ ასეთი გზით შეეძლო ჟურნალისტს მიეღო ის ინფორმაცია კვაშილავასაგან, რომელსაც  ღია ინტერვიუს დროს არ გათქვამდა, მაგალითად, როგორ და რა პირობებით უწევდა მომსახურებას სტუდენტებს და ამით დაადასტურებდა მის მიმართ ბრალდებებს. ამის საპირისპიროდ, ფარული ინტერვიუს დროს  კვაშილავას არ უსაუბრია ისეთ დეტალებზე, რომელიც დაადასტურებდა მის მიმართ ბრალდებებს. შესაბამისად, როცა ფარულად ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ, ჟურნალისტისათვის ნათელი გახდა, რომ ფარული ინტერვიუთი არ იყო მიღწეული მისი ლეგიტიმური მიზანი, მას უარი უნდა ეთქვა გამოყენებაზე. შესაბამისად, დაირღვა მე-4 პრინციპი.

მე-5 პრინციპის თანახმად, მედია ვალდებულია, „შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”.

ცნობილია, რომ მოპასუხემ იცოდა განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ. მიუხედავად ამისა, მედიასაშუალებას ინფორმაცია არ გაუსწორებია და შესაბამისად, ქარტიის მე-5 პრინციპი დარღვეულად იქნა მიჩნეული, ვინაიდან ინფორმაცია არ შესწორებულა ქარტიის საბჭოს მიერ რეკომენდირებული წესით, რომლის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მკითხველმა თავად მედიასაშუალებიდან იცოდეს, რომ გავრცელებული იყო გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”.  განსახილველ შემთხვევაში საბჭო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის მიერ გადამოწმების ვალდებულების უგულვებელყოფას და არა განზრახვას, ვინაიდან არ დგინდება მოტივი და არც ის, რომ ჟურნალისტმა იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია, მაგრამ მაინც არაზუსტი სახით მიაწოდა აუდიტორიას.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნინი ჟიჟიაშვილმა და მიხეილ სესიაშვილმა დაარღვიეს ქარტიის 1-ლი, მე-4  და მე-5 პრინციპები.
  2. ნინი ჟიჟიაშვილს და მიხეილ სესიაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-11 პრინციპები. 

 

განცხადება

შეპასუხება

სადავო მასალა