გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - მერაბ ღოღობერიძე ნატო გოგელიას წინააღმდეგ
26.07.2021

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : მერაბ ღოღობერიძე;
მოპასუხე : ნატო გოგელია;

15 აპრილი 2021 წელი

საქმე N – 433

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: გულო კოხოძე, ნანა ბიგანიშვილი, სოფო ჟღენტი, ირმა ზოიძე, ზვიად ქორიძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მერაბ ღოღობერიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2020 წლის 15 ოქტომბერს, ტელეკომპანია „პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტში, „ხმაური ხელვაჩაურის მერიაში“,  დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი - ნატო გოგელია.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული  იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სიუჟეტი ეხებოდა მოქალაქეების პროტესტს ხელვაჩაურის მერიაში. კერძოდ, მეწყერით დაზარალებული პირები, რომელთაც სტიქიური უბედურების დროს არა მხოლოდ ქონება გაუნადგურდათ, არამედ მეწყერმა მათი ოჯახის წევრების დაღუპვაც გამოწვია, შევიდნენ ხელვაჩაურის მერის კაბინეტში და ითხოვდნენ მერისა და გეოლოგიური სამსახურის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. მოქალაქეების და მერის შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა და დაპირისპირების ხასიათი მიიღო, რომელსაც მერიის კაბინეტში ესწრებოდა თავად ჟურნალისტი ნატო გოგელია და სადავო სიუჟეტიც ამ ფაქტს ასახავდა.

სიუჟეტში ჟურნალისტი აცხადებს: „მაშინ როცა ესეთი მძიმე მდგომარეობა იყო ოთახში, მერის კაბინეტში, და ოჯახი ითხოვდა კითხვებზე პასუხის გაცემას, ამ კაბინეტში აღმოჩნდა მერაბ ღოღობერიძე, რომელსაც თან ეცვა ჟილეტი, რომელსაც მონიტორინგის სამსახური ეწერა, თუმცა ჩვენთვის უცნობია რას ამონიტორინგებდა მერაბ ღოღობერიძე,  რომელმაც ოჯახს პირდაპირ, ხელვაჩაურის მერის კაბინეტში, დასდო ბრალი და უთხრა, რომ ისინი აქ შოუს დასადგმელად და პროვოკაციების მოსაწყობად იყვნენ მისული, რამაც, ბუნებრივია, ამ ოჯახის გაღიაზიანება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ღოღობერიძე ოჯახს ადანაშაულებდა პროვოკაციის მოწყობაში, სანამ არ მიმართა ოჯახმა მერსაც კი, რომ ამ სიტუაციაში ჩარეულიყო, ჯუმბერ ვარდმანიძეს [მერს] თავი არ შეუწუხებია, რომ მის კაბინეტში შემოსული უცხო პირი უკან გაეშვა“. ტექსტს მოსდევს  მერაბ ღოღობერიძის და მოქალაქეების სიტყვიერი დაპირისპირების ამსახველი კადრები  და შემდგომ ჟურნალისტი აგრძელებს: თედორაძეების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პირიქით, ღოღობერიძე ამ კაბინეტში პროვოკაციის მოსაწყობად სუსმა გამოაგზავნა, თავად ღოღობერიძეს ამ კითხვებზე პასუხი არ გაუცია“.

ზემოაღნიშნულიდან დგინდება, რომ ჟურნალისტმა მაყურებელს მიაწოდა შემდეგი ინფორმაცია:

  1. მერაბ ღოღობერიძეს  ეცვა ჟილეტი, რომელსაც მონიტორინგის სამსახური ეწერა,  მაგრამ ჟურნალისტისთვის გაუგებარი იყო, თუ რას ამონიტორინგებდა იგი ან/და რა მიზეზით, საფუძვლით იყო მერაბ ღოღობერიძე მერის კაბინეტში.
  2. დაზარალებული ოჯახის წევრების ინფორმაციით, მერაბ ღოღობერიძე მოქმედებდა სუს-ის [სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური] დავალებით.

ამის პარალელურად, არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, რომ იქვე მყოფ მერაბ ღოღობერიძესათვის დაესვა კითხვები და მიეცა საშუალება, რომ ეპასუხა მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე. თუ ჟურნალისტი სვამს კითხვას, რომ მისთვის უცნობია, რას ამონიტორინგებდა მერაბ ღოღობერიძე, შეეძლო თავად ღოღობერიძისთვის ეკითხა და მიეწოდებინა მაყურებლისათვის მისი პასუხი. ასევე მიეცა საშუალება, რომ მერაბ ღოღობერიძეს გაეკეთებინა კომენტარი მისი და სუს-სის კავშირების თაობაზე. ჟურნალისტმა აღნიშნული ქმედებები არ განახორციელა, ამით მაყურებელს მიაწოდა, დაუბალანსებელი, გადაუმოწმებელი და ცალმხრივი ინფორმაცია, რაც იწვევს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას. 

პრინციპი 3: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“. ამ პრინციპთან დაკავშირებით, განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ „ჟურნალისტმა არ გადაამოწმა ფაქტი. მხოლოდ დაეყრდნო გაბრაზებულ და გამწარებულ ოჯახის წევრებს და მხოლოდ მოქალაქეების გადმოცემით მან გაახმოვანა აზრი, რო მე ვიყავი სუსის აგენტი და სუსმა გამაგზავნა პროვოკაციის მოსაწყობად და ის განმარტავს, პასუხი არ გამიცია, რაც სიცრუეა“. ცალსახაა, რომ  განმცხადებლის არგუმენტაცია შეესაბამება მის პრეტენზიებს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, რელევანტურია პირველი პრინციპის მიმართ. რაც შეეხება წყაროს არარსებობას, პირიქით, დასტურდება, რომ წყარო ყავდა ჟურნალისტს [დაზარალებული ოჯახის წევრები]. შესაბამისად, წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადაუმოწმებლობა იწვევს პირველი და არა მესამე პრინციპის დარღვევას.   

მე-7 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.  განმცხადებელი მიუთითებდა რომ: „ჟურნალისტის მიერ გადამოწმების და ჩემი აზრის დაფიქსირების გარეშე ამგვარმა მათმა ტელევიზიაში ცალმხრივად გაშუქებამ გამოიწვია ჩემს მიმართ ცილისმწამებლური ასევე დისკრიმინაციული პოლიტიკური ნიშნით შეურაცხყოფები. განცხადებაში არ იყო მითითებული, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, ასევე როცა ვსაუბროთ დისკრიმინაციაზე, სახეზე უნდა იყოს ჟურნალისტის მხრიდან დისკრიმინაცია ან დისკრიმინაციის ტირაჟირების ხელშეწყობა [პასიური ან აქტიური ფორმით], აღნიშნულის დამადასტურებელი არგუმენტები ან მტკიცებულებები განმცხადებელს არ წარმოუდგენია და, შესაბამისად, არ დადგინდა ქარტიის მე-7 პრინციპის დარღევა.



სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნატო გოგელიამ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ნატო გოგელიას არ დაურღვევია ქარტიის  მე-3 და მე-7 პრინციპი.

განცხადება

სადავო მასალა